ბს-64-64(კ-08) 17 აპრილი, 2008 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ნ-ია (მოსარჩელე)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ნ-ამ 2007 წლის 16 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2006 წლის 19 ოქტომბრის ¹5561 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აგრეთვე მოპასუხისათვის მისი აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს მეორე ასეულში რიგითად დანიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების ამონაწერების გაცემის დავალება. 2007 წლის 13 თებერვალს გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარნმომადგენელმა ზ. ქ-ამ დააზუსტა, რომ სარჩელი მიმართული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, ვინაიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი შედიოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელის განმარტებით, მან 1992 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს მეორე ასეულში რიგითად, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში 1993 წლის 24 აპრილამდე. ამ დღეს იგი მძიმედ დაიჭრა და მიღებული კონტუზიის შედეგად განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, რის გამოც მიენიჭა მე-2 ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი.
მოსარჩელის მითითებით, მას 1998 წელს მიენიჭა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მე-2 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი, რომლითაც სარგებლობდა 2006 წლამდე, მანამ, სანამ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მოთხოვნისამებრ, საბუთების განმეორებით წარსადგენად, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისაგან მისი სამსახურში დანიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების ამონაწერების გაცემა. მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ 1992-93 წლების საარქივო მასალებში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია გ. ნ-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. ბრძანებების ამონაწერების წარუდგენლობამ გამოიწვია მოსარჩელისათვის 1998 წლიდან დანიშნული სამხედრო პენსიის მოხსნა, რამაც მისი ოჯახი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ბრძანებების ამონაწერების გაუცემლობა უხეშად არღვევს “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლს, რომლის თანახმადაც ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილნი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად, ან ცნობილნი არიან ამ კანონის შესაბამისად. მოსარჩელე აცხადებს, რომ რეალურად მსახურობდა სამხედრო ძალებში და მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში, ჰქონდა შესაბამისი მოწმობა და იღებდა კიდეც სამხედრო პენსიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ¹5561 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გ. ნ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ¹5561 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასტურდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 1992-1993 წლების საარქივო მასალებში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებანი ცხადყოფს გ. ნ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვის ფაქტს, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა გამოც არ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული. შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მასში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავდროულად, ხსენებული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით – 2006 წლის 24 სექტემბერს გაცემული ¹1/511 საბრძოლო მოკვლევით დასტურდება, რომ გ. ნ-ია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს მეორე ასეულში 1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 24 აპრილამდე და იგი მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ატარებდა ასეული, რა დროსაც დაჭრილ იქნა; ასევე აფხაზეთის სამხედრო პოლიციის უფროსის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გ. ნ-ია ირიცხებოდა ქალაქ სოხუმის სამხედრო პოლიციაში და იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, რა დროსაც მიღებული აქვს ჭრილობა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ ბათუმის გაერთიანებული სამხედრო კომისარის მიერ 1998 წლის 15 მაისს გაცემული ¹35 ცნობით დასტურდება, რომ გ. ნ-ია ნამდვილად იყო აფხაზეთის ომის მონაწილე და სარგებლობდა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2-4 პუნქტების თანახმად სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების თანახმად მისი მოთხოვნები ვრცელდება შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპატამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სხვა შეიარაღებული ფორმირებების სამხედრო მოსამსახურეებზე. აღნიშნული დებულების მე-2 თავის 1-ლი პუნქტის შესაბამისად სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტების (ზემდეგების), ზემდეგების (მიჩმანების), სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილში ბრძანებით მათი ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ – კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას პირადი შემადგელობის სიიდან ამორიცხვის დღე.
მოცემული ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვა და მისი ამორიცხვა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და მის შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც საკასაციო საჩივარი დააფუძნა შემდეგ მოტივებს:
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ 1992-1993 წლებში წარმოშობილ ურთიერთობაზე გაავრცელა მისი წარმოშობის შემდეგ მიღებული “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულება, რითაც დაარღვია “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლი, რადგან დასახელებულ ნორმატიულ აქტებს უკუძალა არ აქვთ.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან არც ერთმა სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ იქნა გამოყენებული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რადგან იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით, რომლის მე-6 მუხლის “ტ” ქვეპუნქტის თანახმად დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილოების დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით. ამდენად, ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი (ადმინისტრაციული აქტი) იმ მოტივით, რომ საარქივო ცნობებში არ მოიძებნა კონკრეტული განმცხადებლის ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით გამოცემულ აქტად, რადგან გამოცემულია ამავე კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დაცვით, ზემოთ მითითებული დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში და ამავე კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებების გამოკვლევის სახით (დეპარტამენტის საარქივო მასალების გამოკვლევა) გამოყენებით.
კასატორი აცხადებს, რომ მან ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გადაამოწმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის არქივში დაცული გარდაცვლილ და თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით. ამასთან, არც ერთ ნორმატიულ აქტში არ არის განსაზღვრული თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ მონაცემებიც (ჩარიცხვა-ამორივხვის ბრძანებები, კონფლიქტის ზონაში მივლინების ბრძანება ან სხვა რაიმე დოკუმენტი) თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი “საბრძოლო მოკვლევის” საფუძველზე, მისი საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის უტყუარად და დასაბუთებულად მიჩნევა, არ გულისხმობს მისი შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას.
“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანად და მათთან გათანაბრებულ პირებად განსაზღვრულნი არიან ის პირები, რომლებიც საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, ანუ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახლმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ხოლო, ამავე კანონის მე-3 მუხლით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველმყოფ სახელმწიფო სამსახურად განსაზღვრულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციად განისაზღვრა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ”, “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ”, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებებში პირის მონაწილეობის დადასტურება და ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. ვეტერანთა სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა განეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვფეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, სწორედ დეპარტამენტია ვალდებული ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ამ საკითხთან დაკავშირებით.
კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
კასატორის მიერ 2008 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილი მოსაზრების თანახმად საკასაციო საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის “ა” და გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის მიმართულებით. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, საქმე სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რადგან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
მოწინააღმდეგე მხარის – გ. ნ-ას წარმომადგენლის – ზ. ქ-ას მიერ 2008 წლის 13 თებერვალს წარმოდგენილი მოსაზრების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ დასაშვებობის პირობებს. მისი მტკიცებით, დავა შეეხება არა 1992-1993 წლებში წარმოშობილ ურთიერთობას, არამედ მოპასუხის მიერ 2006 წლის 19 ოქტომბერს გამოცემული ¹5561 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას. კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დავის გადაწყვეტისას, მოწინააღმდეგე მხარეს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან დავა შეეხება არა სამხედრო საკითხის გადაწყვეტას, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გ. ნ-ის მინიჭებული უფლების განხორციელებას, სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებული ინფორმაციის გაცემის კუთხით. მისი აზრით, ის გარემოება, რომ მოპასუხის საარქივო მასალებში არ მოიპოვება ცნობები გ. ნ-ას სამხედრო ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ, არ არის გამოწვეული მოსარჩელის ბრალით. გ. ნ-ია რეალურად წარმოადგენს სამხედრო სტატუსის პიროვნებას და მოპასუხე ვალდებულია იგი ჰყავდეს აღრიცხვაზე აყვანილი.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.