¹ბს-646-613(კ-06) 7 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ვ. შ-ე, მ. წ-ე, თ. ბ-ი, ნ. მ-ე, დ. კ-ე, რ. კ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება
სარჩელის საგანი _ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება; მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. შ-მ, მ. წ-მ, თ. ბ-მა, ნ. მ-მ, დ. კ-მ და რ. კ-მ სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიმართ და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მათი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მათი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის 2005 წლის 20 იანვრის ¹6 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და, შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. კასატორებს სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე იმ ეტაპზე გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ, ვინაიდან მოცემულ მოთხოვნებზე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემისას უნდა ემსჯელა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიერ 2005 წლის 28 დეკემბერს გამოიცა ¹47 ბრძანება “საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ნოემბრის ¹1219-794(კ-05) გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ”. აღნიშნული ბრძანებით ვ. შ-ს სამუშაოზე უპირატესად დარჩენის უფლება მიენიჭა და იგი 2005 წლის 30 დეკემბრიდან თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო რ. კ-ს, დ. კ-ს, მ. წ-ს, ნ. მ-სა და თ. ბ-ს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით სარგებლობაზე უარი ეთქვათ და ისინი სამუშაოდან გათავისუფლებულად ჩაითვალნენ 2005 წლის 20 იანვრიდან. აღნიშნულ ბრძანებაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა.
2006 წლის 27 იანვარს რ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიმართ იძულებითი განაცდურის _ 1540 ლარისა და მორალური ზიანის სახით _ 3000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ანალოგიური მოთხოვნით მიმართეს დ. კ-მ, ნ. მ-მ, მ. წ-მ, თ. ბ-მა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალისაგან თითოეულისათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 1540 ლარისა და მორალური ზიანის სახით 3000 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან _ 2005 წლის 20 იანვრიდან ახალი აქტის გამოცემამდე _ იმავე წლის 28 დეკემბრამდე, ფაქტობრივად, კვლავ ითვლებოდნენ მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომლებად, ვინაიდან სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ხოლო ახალი აქტი მათი სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ იქნა 2005 წლის 28 დეკემბერს. შესაბამისად, მათ აღნიშნული პერიოდისათვის ეკუთვნოდათ განაცდური ხელფასი. ამასთან, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სამუშაოდან გათავისუფლებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალისაგან მორალური ზიანი მიადგათ, რაც ფულადი კომპენსაციის სახით უნდა ანაზღაურებულიყო.
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ვ. შ-მაც მიმართა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალისათვის 2260 ლარის დაკისრება მოითხოვა 2005 წლის 20 იანვრიდან _ ახალი აქტის გამოცემიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე _ 2005 წლის 30 დეკემბრამდე, იმ მოტივით, რომ იგი, მართალია, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის 2005 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით იმავე წლის 30 დეკემბრიდან აღდგენილ იქნა სამუშაოზე, მაგრამ მას განაცდური არ აუნაზღაურდა იმ საფუძვლით, რომ განაცდურის მისაღებად პირი იმავე სამუშაოზე უნდა აღდგენილიყო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის განჩინებით მოსარჩელეების _ მ. წ-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. შ-ის, დ. და რ. კ-ეების შუამდგომლობის საფუძველზე, მათი საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მ. წ-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. შ-ის, დ. და რ. კ-ების სასარჩელო განცხადებები არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და ზესტაფონის რიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთათვის იძულებითი განაცდური ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა დასაბუთებული იყო, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება მ. წ-მ, თ. ბ-მა, ნ. მ-მ, ვ. შ-მ, დ. და რ. კ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მიუთითეს შემდეგზე:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალმა 2005 წლის 28 დეკემბერს გამოსცა ახალი აქტი, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელე ვ. შ-ს მიენიჭა სამუშაოზე უპირატესად დარჩენის უფლება და იმავე წლის 30 დეკემბრიდან იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე, მაგრამ არა პირვანდელ, არამედ სხვა თანამდებობაზე, ხოლო დანარჩენ მოსარჩელეებს სამუშაოზე უპირატესად დარჩენის უფლება არ მიეცათ. მიუხედავად აღნიშნულისა, განაცდური ხელფასი არც ერთ მოსარჩელეს არ მიეცა, მათ შორის, სამუშაოზე აღდგენილ ვ. შ-საც იმ მოტივით, რომ განაცდურის ასანაზღაურებლად აუცილებელი იყო, მუშაკი იმავე სამუშაო ადგილზე აღდგენილიყო, რაც, კასატორთა მოსაზრებით, უკანონო და დაუსაბუთებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. წ-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. შ-ის, დ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 27 დეკემბრამდე.
კასატორებმა სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსაზრება წარმოადგინეს და მისი დასაშვებად ცნობა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. წ-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. შ-ის, დ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 7 მარტს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. წ-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. შ-ის, დ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. შ-ის, რ. კ-ის, დ. კ-ის, მ. წ-ის, ნ. მ-ის, თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ. შ-ის, რ. კ-ის, დ. კ-ის, მ. წ-ის, ნ. მ-ის და თ. ბ-ის სარჩელი ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მათი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის 2005 წლის 20 იანვრის ¹6 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოსარჩელეებს სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე იმ ეტაპზე გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ, ვინაიდან აღნიშნულ მოთხოვნებზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემისას უნდა ემსჯელა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალმა 2005 წლის 28 დეკემბერს გამოსცა ¹47 ბრძანება “საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ნოემბრის ¹ბს-1219-794(კ-05) გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ”. აღნიშნული ბრძანებით ვ. შ-ს სამუშაოზე უპირატესად დარჩენის უფლება მიენიჭა და იგი 2005 წლის 30 დეკემბრიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მთავარი ბუღალტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო რ. კ-ს, დ. კ-ს, მ. წ-ს, ნ. მ-სა და თ. ბ-ს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით სარგებლობაზე უარი ეთქვათ და ისინი სამუშაოდან გათავისუფლებულად ჩაითვალნენ 2005 წლის 20 იანვრიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენა არ მომხდარა, არ არსებობს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე მათთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
მოცემული სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლით რეგლამენტირებული იყო შრომის ანაზღაურება იძულებით გაცდენილი დროისათვის. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით უნაზღაურდებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ სამსახურიდან მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის 2005 წლის 20 იანვრის ¹6 ბრძანება გამოიცა კანონის დარღვევით, რაც დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის 2005 წლის 20 იანვრის ¹6 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი და, შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ უკანონოდ და მათი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის 2005 წლის 20 იანვრის ¹6 ბრძანება ბათილად არის ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის (2000 წ. რედაქცია) საფუძველზე, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეებს _ მ. წ-ს, თ. ბ-ს, ნ. მ-ს, ვ. შ-ს, დ. და რ. კ-ებს ეკუთვნით იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან დათხოვნის დღიდან სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები ვერ ასაბუთებენ და მოცემული საქმის მასალებითაც არ დასტურდება მოსარჩელეთათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. წ-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. შ-ის, დ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება მოსარჩელეთათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. წ-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. შ-ის, დ. და რ. კ-ების სარჩელი აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს მოსარჩელეთათვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. წ-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. შ-ის, დ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება გაუქმდეს მოსარჩელეთათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მ. წ-ს, თ. ბ-ს, ნ. მ-ს, ვ. შ-ს, დ. და რ. კ-ებს აუნაზღაურდეთ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან დათხოვნის დღიდან სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება უცვლელად დარჩეს მოსარჩელეთათვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.