ბს-646-615(კ-07) 14 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) P_ ვ. უ-ი
მესამე პირები: 1. შპს “ხ-ი”; 2. ი. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 25 თებერვალს ვ. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 თებერვლის ¹12 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ბოლნისის რაიონის გამგეობის 2002 წლის 18 თებერვლის ¹14 დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი და აღნიშნულის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონის გამგეობასა და ვ. უ-ს შორის 2002 წლის 12 მარტს ათი წლის ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება.
მოსარჩელის განმარტებით, ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 თებერვლის ¹12 დადგენილება კანონის დარღვევით იქნა მიღებული. ბოლნისის რაიონის გამგეობამ შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას საფუძვლად დაუდო საიჯარო მიწის ნაკვეთზე არსებული 16938 ლარის დავალიანება, რაც მოსარჩელემ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლისა და შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე საიჯარო ქირის გადახდის ზღვრულ ვადას 3 თვეზე მეტი ხნით გადააცილებდა, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსი და ზემოხსენებული იჯარის ხელშეკრულება ქირის გადახდის ბოლო ვადად ითვალისწინებდა 15 ნოემბერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის 14 თებერვალს მას მთლიანად გადახდილი ჰქონდა არსებული დავალიანება, რის გამოც არ არსებობდა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. მოსარჩელის მტკიცებით, ხსენებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით მოპასუხემ უგულებელყო მისი, როგორც კეთილსინდისიერი მოიჯარის, ინტერესები და მიაყენა ზიანი.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 თებერვლის ¹12 დადგენილების ბათილად ცნობა და ზემოხსენებული საიჯარო ხელშეკრულების აღდგენა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ბოლნისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის შუამდგომლობა და შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება ვ. უ-ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის განჩინებით განახლდა ამ საქმის წარმოება ვ. უ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო.
2005 წლის 12 სექტემბერს ვ. უ-მა კიდევ ერთი სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ, ხოლო მესამე პირად შპს “ხ-ზე” მიუთითა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 11 მარტს მიიღო ¹50 დადგენილება ვ. უ-თან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობა აღნიშნული საკითხის ამავე გამგეობის სხდომაზე განსახილველად გატანას აპირებდა. ამასთან, ვ. უ-ი არ იყო მიწვეული ხსენებულ სხდომაზე კანონით დადგენილი წესით, რითაც ბოლნისის რაიონის გამგეობამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
მოსარჩელის მტკიცებით, ბოლნისის რაიონის გამგეობამ დაარღვია მისი, როგორც კეთილსინდისიერი მოიჯარის, უფლება. ამასთან, ზემოხსენებული სადავო დადგენილების გამოტანისას არ გაითვალისწინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 11 მარტის ¹50 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე ვ. უ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 თებერვლის ¹12 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ და ადმინისტრაციული საქმე ვ. უ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ (მესამე პირი _ შპს “ხ-ი”) ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 11 მარტის ¹50 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ი. მ-ი ჩაება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 თებერვლის ¹12 და 2005 წლის 11 მარტის ¹50 დადგენილებები; ბოლნისის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობის 2002 წლის 19 თებერვლის ¹14 დადგენილების საფუძველზე ვ. უ-ს ქ. ბოლნისის საკრებულოს ტერიტორიიდან იჯარით გამოეყო 258,68 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი. ბოლნისის რაიონის გამგეობის 2002 წლის 5 თებერვლის ¹7 დადგენილებით კი, ვ. უ-ს იჯარით გადაეცა სოფელ .........-ის საკრებულოს ტერიტორიიდან 66,76 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი. 2002 წლის 12 მარტს ვ. უ-სა და ბოლნისის რაიონის გამგეობას შორის 10 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 317,11 ჰა სახნავ მიწის ნაკვეთზე. ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 24 თებერვლის ¹31 დადგენილებით შპს “ხ-ს" იჯარით გადაეცა ვ. უ-ის მიერ მანამდე დაკავებული 250 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივნისის ¹234 დადგენილებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცა ი. მ-ს.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
რაიონული სასამართლოს მტკიცებით, ბოლნისის რაიონის გამგეობამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. უ-მა 2005 წლის 14 თებერვალს ბოლნისის რაიონის გამგეობას წარუდგინა შესაბამის მიწის ნაკვეთებზე საიჯარო ქირის _ 20000 ლარის გადახდის ქვითარი, რაც ბოლნისის რაიონის გამგეობამ არ გაითვალისწინა და 2005 წლის 14 თებერვლის ¹12 დადგენილებას საფუძვლად დაუდო საიჯარო ქირის _ 16938 ლარის, ხოლო 2005 წლის 11 მარტის ¹50 დადგენილებას _ 4224 ლარის გადაუხდელობა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ნოემბრის ცნობის თანახმად, ვ. უ-ს ბოლნისის საკრებულოს საკუთრებაში არსებულ 258,68 ჰა და .........-ის საკრებულოს საკუთრებაში არსებულ 66,76 ჰა საიჯარო ფართზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში, 2005 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, დავალიანება არ ერიცხებოდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობამ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დაფუძნებოდა იმ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც მის მიერ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულის გამო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბოლნისის რაიონის გამგეობას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დავალებოდა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში ბოლნისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, რის გამოც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ გასაჩივრებულ დადგენილებებში არ იყო მითითებული, თუ რომელი დადგენილებით რომელი იჯარის ხელშეკრულება იქნა გაუქმებული. ამასთან, შესაბამისი იჯარის ხელშეკრულებების გაუქმებისას ბოლნისის რაიონის გამგეობამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევდა ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ხოლო თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენებოდა დამატებითი ვადა, დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდებოდა გაფრთხილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით, არ მოუხდენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეგროვება და მათი სამართლებრივი შეფასება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ასევე “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, რომლის 651-ე მუხლის თანახმად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ცვლილებების შემდეგ არ გამოიკვლია, იყო თუ არა უფლებამოსილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საკრებულოს კომპეტენციას წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და მოცემული საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ანუ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
კასატორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედებდა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც გაუქმდა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 ოქტომბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 ნოემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ბოლნისის რაიონის გამგეობის 2002 წლის 19 თებერვლის ¹14 დადგენილების საფუძველზე ვ. უ-ს ქ. ბოლნისის საკრებულოს ტერიტორიიდან იჯარით გამოეყო 258,68 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 2-3). ბოლნისის რაიონის გამგეობის 2002 წლის 5 თებერვლის ¹7 დადგენილებით ვ. უ-ს იჯარით გადაეცა სოფელ ........-ის საკრებულოს ტერიტორიიდან 66,76 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 116-117). 2002 წლის 12 მარტს ვ. უ-სა და ბოლნისის რაიონის გამგეობას შორის 10 წლის ვადით გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება 317,11 ჰა სახნავ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 4-7). ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 თებერვლის ¹12 დადგენილებით, იჯარის ქირის გადასახადის ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში გადაუხდელობის გამო, მოიჯარე ვ. უ-თან დადებული იჯარის ხელშეკრულება ჩაითვალა გაუქმებულად (ს.ფ. 8). ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 24 თებერვლის ¹31 დადგენილებით შპს “ხ-ს" იჯარით გადაეცა ვ. უ-ის მიერ მანამდე დაკავებული 250 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 124). ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივნისის ¹234 დადგენილებით სოფელ .........-ში მცხოვრებ ი. მ-ს გამოეყო 40 ჰა სახნავი ფართობი ვ. უ-ის მიერ მანამდე დაკავებული მიწის ფართობიდან და გაუფორმდა იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-52). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 3 ნოემბრის ცნობის თანახმად, მოიჯარე ვ. უ-ს საიჯარო ფართობებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2005 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანება არ გააჩნდა (ს.ფ. 106). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 ნოემბრის ცნობის თანახმად, მოიჯარე ვ. უ-ს საიჯარო ფართობებზე 2005 წლის 14 ნოემბერს გადახდილი ჰქონდა 23000 ლარი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დავალიანება არ გააჩნდა (ს.ფ. 107). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 28 ნოემბრის წერილის თანახმად, მოიჯარე ვ. უ-ს საიჯარო ფართობებზე (ბოლნისის საკრებულო _ 258,68 ჰა, .......... საკრებულო _ 66,76 ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2005 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება არ ჰქონდა (ს.ფ. 127).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით, არ მოუხდენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეგროვება და მათი სამართლებრივი შეფასება, ასევე გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 თებერვლის ¹12 დადგენილებით გაუქმდა მოიჯარე ვ. უ-თან 10 წლის ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ, რეალურად, ბოლნისის რაიონის გამგეობამ ვ. უ-ს ცალმხრივად შეუწყვიტა ხსენებული ხელშეკრულება საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობის გამო. ხსენებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, მას, როგორც მეიჯარეს, უფლება ჰქონდა იჯარის ვადის გასვლამდე კი არ გაეუქმებინა, არამედ შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არ იხდიდა იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. იმავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების ვადამდე გაუქმების მოთხოვნის უფლება ჰქონდა მოიჯარეს. შემდგომში იმავე გამგეობის მიერ 2005 წლის 29 ივნისის ¹234 დადგენილებით სოფელ .............-ში მცხოვრებ ი. მ-ს გამოეყო 40 ჰა სახნავი ფართობი ვ. უ-ის მიერ მანამდე დაკავებული მიწის ფართობიდან და გაუფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ იმსჯელა აღნიშნულ გარემოებებზე და ამ მიმართებით არ დაასაბუთა გასაჩივრებული განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 3 ნოემბრის ცნობის თანახმად, მოიჯარე ვ. უ-ს საიჯარო ფართობებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში, 2005 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით, დავალიანება არ გააჩნდა, ხოლო ბოლნისის რაიონის გამგეობის ¹12 დადგენილება, რომლითაც გაუქმდა მოიჯარე ვ. უ-თან 10 წლის ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება, მიღებულ იქნა 2005 წლის 14 თებერვალს. ამდენად, ხსენებულ ცნობაში აისახა ვ. უ-ის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადახდის შესახებ საგადასახადო ვალდებულების შესრულება 2005 წლის 3 ნოემბრისათვის, მაშინ, როდესაც ვ. უ-თან იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა 2005 წლის 14 თებერვალს, ანუ აღნიშნული ცნობით დადასტურდა იმ პერიოდის არარსებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების მდგომარეობა, როდესაც ხსენებული ხელშეკრულება აღარ იყო ძალაში, ანუ იგი არ ეხება სადავო პერიოდს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 ნოემბრის ცნობაში მიეთითა, რომ მოიჯარე ვ. უ-ს საიჯარო ფართობებზე 2005 წლის 14 თებერვალს გადახდილი ჰქონდა 23000 ლარი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დავალიანება არ გააჩნდა, ანუ ხსენებულ მტკიცებულებაში დასახელებული გადასახადის გადახდის თარიღად მითითებულია აღნიშნული დადგენილების გამოცემის თარიღი _ 2005 წლის 14 თებერვალი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ხსენებული მტკიცებულებები ამ მიმართებით არ შეუფასებია და არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ ვ. უ-მა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კუთვნილი გადასახადი მას შემდეგ გადაიხადა, რაც გაუქმდა მასთან დადებული იჯარის ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ზედაპირულად განიხილა მოცემული საქმე, კერძოდ, მხოლოდ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და საერთოდ არ უმსჯელია ბოლნისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის არც ერთ არგუმენტზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ განუხილავს მოცემული საქმე და სააპელაციო საჩივრის კუთხით არ შეუმოწმებია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც აპელანტი სადავოდ ხდიდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ხსენებულ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, იმაზე, რომ მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2004 წლის 1 ნოემბრამდე არსებული დავალიანების გამო, ხოლო ზემოაღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებისა და დასაბეგრი პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (იმავე ხელშეკრულების მე-2 და მე-3 პუნქტები) გადასახდელი თანხის 25% უნდა გადახდილიყო მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, დანარჩენი _ იმავე წლის 1 ნოემბრამდე, მოიჯარე ვ. უ-ს საიჯარო ქირა შეეძლო გადაეხადა არა უგვიანეს 2005 წლის 1 თებერვლისა. აპელანტი ასევე აღნიშნავდა, რომ ვ. უ-მა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც აპელანტს უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა მათ შორის დადებული ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული საკითხების გარკვევას და აპელანტის არგუმენტებზე მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული დავის მართებულად გადაწყვეტისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მათზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლი და მასში შეტანილი შესაბამისი ცვლილებების შემდეგ არ გამოიკვლია, იყო თუ არა უფლებამოსილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საკრებულოს კომპეტენციას წარმოადგენს, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედებდა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც გაუქმდა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო ბოლნისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე, რომ არ უმსჯელია უფლებანაცვლეობის კანონისმიერ საფუძვლებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ხსენებული კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც არსებობს იმავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამ საქმის ხელახლა განხილვისას საფუძვლიანად უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხებზე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განიხილოს და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.