Facebook Twitter

ბს-647-614(კ-06) 4 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ ჟ. მ-ი, თ. ს-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ე (მოსარჩელე)

თანამოპასუხე _ შსს ბათუმის მე-... ქვეგანყოფილება

მესამე პირი _ ქ. ბათუმის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ რეგისტრაციიდან მოხსნა, საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 6 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. შ-ემ მოპასუხეების _ შსს ბათუმის მე-.... ქვეგანყოფილების, ჟ. მ-ისა და თ. ს-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ჟ. მ-ისა და თ. ს-ის მიერ განხორციელებული უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, მათი რეგისტრაციიდან მოხსნა და ბინიდან გამოსახლება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საბჭოს 2000 წლის 18 მაისის განკარგულებით იგი დაინიშნა სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პ. ს-ის მეურვედ. პ. ს-ი ცხოვრობდა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹74-ში მდებარე ¹57 ბინაში. აღნიშნული ბინა ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე. მ. შ-ემ ამ ბინაში გაიარა რეგისტრაცია და გადავიდა პ. ს-თან საცხოვრებლად. პ. ს-ი გარდაიცვალა 2004 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც აღნიშნულ ბინაში შეიჭრნენ ჟ. მ-ი და თ. ს-ი. ჟ. მ-ის განცხადებით, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა პ. ს-თან, რაც დასტურდებოდა ხელვაჩაურის რაიონის მმაჩის განყოფილების 1998 წლის 5 ივნისის ¹09 სააქტო ჩანაწერით. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის განჩინებით პ. ს-სა და ჟ. მ-ს შორის 1998 წლის 5 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იყო ცნობილი, როგორც ფიქტიური ქორწინება, რომლის მიზანს არ წარმოადგენდა ოჯახის შექმნა. აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ პ. ს-ის საცხოვრებელი ბინიდან, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აგრძელებდნენ აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას.

მოსარჩელის მითითებით, 2004 წლის 2 აგვისტოს მან მიმართა ქ. ბათუმის საპასპორტო განყოფილებას, რომ მოეხდინათ ჟ. მ-ისა და თ. ს-ის რეგისტრაციიდან მოხსნა, მაგრამ აღნიშნული სამსახური მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა (ს.ფ. 2-4).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჟ. მ-ი გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹74-ში მდებარე ¹57 ბინიდან; ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ... ქვეგანყოფილებას დაევალა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹74-ში მდებარე ¹57 ბინაში ჟ. მ-ისა და თ. ს-ის რეგისტრაციიდან მოხსნა (ს.ფ. 53).

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განცხადება შეიტანა ჟ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ა-ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმეზე წარმოების განახლება (ს.ფ. 57).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით ჟ. მ-ის წარმომადგენელ ნ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმეზე წარმოება (ს.ფ. 71).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჟ. მ-ი და თ. ს-ი გამოსახლებულ იქნენ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹74-ში მდებარე ¹57 ბინიდან და აღნიშნული ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მ. შ-ეს, ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის .... განყოფილებას დაევალა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹74-ში მდებარე ¹57 ბინიდან ჟ. მ-ის და თ. ს-ის რეგისტრაციიდან მოხსნა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ჟ. მ-ი სარჩელზე უარის თქმის მოტივად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი ჩაწერილი იყო სადავო ბინაში, მისი ქორწინება პ. ს-თან უსაფუძვლოდ იქნა ბათილად ცნობილი და ბინაში ცხოვრობდა კანონიერად. სასამართლოს მოსაზრებით, ჟ. მ-ის აღნიშნული მოტივები სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გამოდგებოდა, რამდენადაც ბინის ძირითად დამქირავებელთან _ პ. ს-თან ჟ. მ-ის რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იყო ცნობილი. ამასთან, იგი შვილთან ერთად აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით გამოსახლებულ იქნა ბინიდან. ვინაიდან მ. შ-ე მიჩნეული არ იყო ბინის უკანონო მფლობელად, მისი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო (ს.ფ. 106-107).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. მ-მა და თ. ს-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტთა განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1276-ე მუხლის შესაბამისად, მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც არ მიუღწევია 7 წლის ასაკისათვის, ან პირზე, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო. ამავე კოდექსის 1302-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, მეურვეობა შეწყდება, თუU გარდაიცვალა სამეურვეო პირი. აპელანტები მიუთითებდნენ, რომ პ. ს-ი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი არ ყოფილა. იგი გარდაიცვალა 2004 წლის 9 მარტს. სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლიდან გამომდინარე, მ. შ-ეს სარჩელის აღძვრის დროს შეწყვეტილი ჰქონდა მეურვეობა, რადგან იმ დროისათვის სამეურვეო პირი გარდაცვლილი იყო.

გარდა ამისა, აპელანტთა მითითებით, სადავო ბინა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას წარმოადგენდა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, ამ უკანასკნელისთვის ეცნობებინა ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ, კერძოდ, ჩაება საქმეში მესამე პირად, როგორც საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე (ს.ფ. 109-110).

2005 წლის 1 ნოემბერს აჭარის ა/რ-ის უმაღლეს სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებისა და მასზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის ძალაში დატოვება (ს.ფ. 114-115).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (ს.ფ. 161-162).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით ჟ. მ-ისა და თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, მ. შ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹74-ში მდებარე ¹57 ბინის ძირითადი დამქირავებელი იყო პ. ს-ი, რომელიც გარდაიცვალა 2004 წლის 9 მარტს. ფსიქიურად დაავადებულ, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პ. ს-ს, აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საბჭოს 2000 წლის 18 მაისის ¹10 სხდომის საფუძველზე, მეურვედ დაენიშნა მ. შ-ე. იმავე პერიოდში მ. შ-ემ რეგისტრაცია გაიარა აღნიშნულ ბინაში და გადავიდა საცხოვრებლად. მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ სადავო ბინა ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში. საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ პ. ს-თან 1998 წლის 5 ივნისს რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ჟ. მ-ი, რომელიც აღნიშნულ ბინაში ასევე ჩაეწერა თავის შვილთან ერთად. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პ. ს-სა და ჟ. მ-ს შორის 1998 წლის 5 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 24 იანვრის განჩინებით. 2001 წლის 18 აპრილს ქ. ბათუმის მერიის სარჩელის საფუძველზე აღსრულებულ იქნა აჭარის ა/რ-ის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჟ. მ-ისა და თ. ს-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა პ. ს-ის მეურვე მ. შ-ეს. პ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ ჟ. მ-მა შვილთან ერთად კვლავ დაიკავა სადავო ბინა. ჟ. მ-ის მტკიცებით, სასამართლოს მიერ პ. ს-ან მისი ქორწინება უსაფუძვლოდ იქნა ცნობილი ბათილად, სადავო ბინაში იგი რეგისტრირებული იყო შვილთან ერთად და მიაჩნდა, რომ იქ კანონიერად ცხოვრობდა. ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა მ. შ-ის სარჩელს და როგორც ბინის მესაკუთრემ, განმარტა, რომ ჟ. მ-ი თავის შვილთან ერთად სადავო ბინაში ცხოვრობდა უკანონოდ და ამდენად, მათი გამოსახლება საფუძვლიანი იყო. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ჟ. მ-ისა და თ. ს-ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ უკანონოდ ცნო ბათილად პ. ს-თან რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული, რამაც, ფაქტობრივად, სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა ჟ. მ-ის სადავო ბინაში ცხოვრებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეურვეობა წყდება, თუ გარდაიცვალა სამეურვეო პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება აჭარის ა/რ-ის შესაბამის ორგანოს არ მიუღია. ამდენად, მ. შ-ე მოცემულ დავაში წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს.

მ. შ-ის შეგებებულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კანონის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეს, რომელსაც გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, უფლება არ ჰქონდა, გაესაჩივრებინა წინმსწრები განჩინება. შესაბამისად, წარდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და ექვემდებარებოდა დაუშვებლად ცნობას (ს.ფ. 188-194).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. მ-მა და თ. ს-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორთა განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1291-ე მუხლი სამეურვეო პირთან ერთად ცხოვრების ვალდებულებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც საუბარია არასრულწლოვან სამეურვეო პირზე. სააპელაციო სასამართლოში მათ იშუამდგომლეს იმასთან დაკავშირებით, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, მ. შ-ე შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით _ ქ. ბათუმის მერიით. მ. შ-ემ იმთავითვე უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლიდან გამომდინარე ქ. ბათუმის მერია ჩააბა საქმეში მესამე პირად. კანონის მითითებული ნორმის მიხედვით, თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება საქმეში ჩაებას მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა, ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონის აღნიშნული ნორმა. როდესაც მ. შ-ემ უარი განაცხადა მოსარჩელის შეცვლაზე და სასამართლომ ქ. ბათუმის მერია საქმეში ჩააბა, იმავდროულად, უნდა გამოერკვია, აცხადებდა თუ არა მერია დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რაც სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია.

კასატორთა მითითებით, მ. შ-ეს არ გააჩნდა სადავო ბინაზე კანონიერი უფლება, ამ უფლების წარმომშობი საბუთი საქმეში არ იყო წარმოდგენილი, ბინა ამჟამადაც ირიცხებოდა პ. ს-ის დედის სახელზე. აქედან გამომდინარე, მ. შ-ე არ იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი, ვინაიდან მისი უფლება არ დარღვეულა.

კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მეურვეობის ორგანოს მ. შ-ის მეურვეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გამოუტანია (რაც სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაა), ამდენად, ეს უკანასკნელი მოცემულ დავაში სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა. კასატორთა მოსაზრებით, ამგვარი მოტივით სათანადო მოსარჩელედ აღიარება არაკანონიერია, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლი მეურვის დანიშვნას ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვებისა და იმ სრულწლოვანი პირებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი უფლებები და შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. ამ შემთხვევაში კი სასამართლომ მ. შ-ე აღიარა გარდაცვლილი პირის მეურვედ, რაც უკანონოა (ს.ფ. 210-212).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. მ-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:

ქ. ბათუმში, .... ქ. ¹74-ში მდებარე სადავო ¹57 ბინა ირიცხება ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში;

აღნიშნული ბინის დამქირავებელი იყო პ. ს-ი, რომელიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იქნა ცნობილი და აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საბჭოს 2000 წლის 18 მაისის ¹10 სხდომის საფუძველზე, მეურვედ დანიშნული ჰყავდა მ. შ-ე;

მ. შ-ემ, როგორც პ. ს-ის მეურვემ, რეგისტრაცია გაიარა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹74-ში მდებარე სადავო ¹57 ბინაში და გადავიდა საცხოვრებლად;

პ. ს-თან 1998 წლის 5 ივნისს რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ჟ. მ-ი, რომელიც აღნიშნულ ბინაში ასევე ჩაეწერა თ. ს-თან ერთად;

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 1 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი პ. ს-ა და ჟ. მ-ს შორის 1998 წლის 5 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება;

პ. ს-ი გარდაიცვალა 2004 წლის 9 მარტს;

პ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ ჟ. მ-მა თ. ს-თან ერთად კვლავ დაიკავა სადავო ბინა.

საკასაციო საჩივრის ძირითადი საფუძველია ის გარემოება, რომ მ. შ-ე არ წარმოადგენს საქმეზე სათანადო მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნულს არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მ. შ-ის სათანადო მოსარჩელედ მიჩნევის თაობაზე. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი სამეურვეო პირის გარდაცვალებას მეურვეობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მეურვეობა მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შეწყდება. მოცემულ შემთხვევაში მ. შ-ის მეურვეობის შეწყვეტის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და მ. შ-ე იურიდიულად რჩება პ. ს-ის მეურვედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. შ-ე, როგორც პ. ს-ის მეურვე, უფლებამოსილია, აღძრას მოცემული სარჩელი და არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 1 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი პ. ს-სა და ჟ. მ-ს შორის 1998 წლის 5 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება. ასევე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მათი სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჟ. მ-მა და თ. ს-მა სადავო ბინა თვითნებურად დაიკავეს პ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ. საქმეში არ არის წარმოდგენილი მათ მიერ აღნიშნული ბინის იურიდიული საფუძვლით დაკავების დამადასტურებელი რაიმე საბუთი და აღნიშნულ საფუძველზე კასატორები ვერც საკასაციო საჩივარში მიუთითებენ.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სადავო ბინის მესაკუთრე ქ. ბათუმის მერია საქმეში ჩაბმულია მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და იგი მხარს უჭერს სარჩელს. ასევე საგულისხმოა, რომ მოცემული სარჩელის დაკმაყოფილება მ. შ-ვის არ წარმოშობს რაიმე სანივთო უფლებას სადავო ბინაზე და აღნიშნული ბინის შემდგომი განკარგვის საკითხი ქ. ბათუმის მერიის გადასაწყვეტია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «კ» ქვეპუნქტის თანახმად, კასატორებს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროთ 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება მათ მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. მ-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. ჟ. მ-სა და თ. ს-ს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროთ 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.