Facebook Twitter

ბს-648-615 (კ-06) 7 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა ს. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

19.04.05წ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. ქ-მ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ოზურგეთის სააღსრულებო ბიუროს 29.03.04წ. გადაწყვეტილებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალის დასაფარავად აუქციონზე გაიყიდა მისი მეუღლის სავაჭრო დახლი 900 აშშ დოლარად. დახლი შეძენილი იყო ქორწინების განმავლობაში, წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას და აღმასრულებელს უფლება არ ჰქონდა მისი თანხმობის გარეშე გაესხვისებინა მისი წილი დახლი. მოსარჩელემ 29.03.04წ. აუქციონის შედეგების გაუქმება მოითხოვა.

მოპასუხე გურიის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი არ ცნო.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 13.12.05წ. გადაწყვეტილებით ს. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ქ-ემ.

სააპელაციო სასამართლოს 27.06.06წ. განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაბმული იქნენ თ. კ-ი, ა. ბ-ი, ნ. კ-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.06წ. განჩინებით ს. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 13.12.05წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მ...ში" არსებული წილიდან მიღებული შემოსავალი ხმარდებოდა ოჯახს და მეუღლეთა საერთო ინტერესებს.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე შესაძლებელი იყო ს. ქ-ისა და თ. კ-ის საერთო ქონებიდან თ. კ-ისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.06.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ქ-მ. კასატორის განმარტებით, დახლი წარმოადგენდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების საერთო საკუთრებას. მისი წილი გაიყიდა მისთვის შეუტყობინებლად, მისი თანხმობის გარეშე, რაც სამოქალაქო კოდექსის და კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

კასატორის განცხადებით, აუქციონში მონაწილეობის უფლება ჰქონდა მასაც და ყოველივე მისი გვერდის ავლით მოხდა. კასატორმა სადავო აუქციონის გაუქმება და ვალის დასაფარავად ვადის განსაზღვრა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კასატორი ითხოვს, რომ ვალის დაფარვა მოხდეს მხოლოდ მისი მეუღლის წილი ქონებიდან.

დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, აუქციონზე გაყიდული ქონება მათ საერთო საკუთრებას შეადგენდა. სკ-ის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა საკუთრებაში შედის, ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით. ერთ-ერთი მეუღლის მიერ დადებული გარიგება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ქონების განმკარგავ მეუღლეს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება და დამტკიცებული ნება. კასატორის განცხადებით, მის მეუღლეს არა თუ არ ჰქონია მისგან თანხმობა მიღებული, არც ჰქონია დახლის გასხვისების სურვილი და აუქციონის დღეს თანხაც იმიტომ მიიტანა, რომ ერთადერთი საარსებო საშუალება ოჯახისათვის არ წაერთმია. კასატორმა სადავო აუქციონის გაუქმება და მისი წილი სავაჭრო დახლის მისთვის გაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.11.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს მიეცათ უფლება წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

მოპასუხე კ. გ-მ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს დასაშვებობის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. აუქციონზე რეალიზებული ქონება აღრიცხული იყო მხოლოდ თ. კ-ზე, რის გამო ამ ქონებაზე იქნა მიქცეული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. მეუღლეთა საკუთრების უფლება წარმოიშობა რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ(იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 09.12.02წ. განჩინება ¹3გ-932-029 საქმეზე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.