¹ბს-649-616(2კ-06) 18 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდგე მხარე – მ. ა-ი
სარჩელეზე მოპასუხე – ქ. ბათუმის მთავრობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება
დავის საგანი – საშეღავათო პირობების დაწესება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 დეკემბერს მ. -მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის მიმართ გაზის ღირებულების გადასახადის გადარიცხვის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულის შვილი, რის გამოც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეკუთვნის გარკვეული სახის შეღავათები სახელმწიფოს ხარჯზე, კერძოდ, მოხმარებული გაზის 50%-ის ღირებულების გადახდა, რის თაობაზეც მან მიმართა ქ. ქუთაისის მერიას, მაგრამ მიიღო უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქ. ქუთაისის მერიას დავალებოდა სს ,,ქ-ვის” გადაერიცხა მის მიერ მოხმარებული გაზის ღირებულების 50%.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და არასათანადო მოპასუხე ქ. ქუთაისის ადგილობრივი თითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეებიის სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით - ქ. ქუთაისის მთავრობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. ქუთაისის მერიას დაევალა სს ,,ქ-ვის” გადაერიცხა მ. ა-ის მიერ 2005 წლის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების 50%, რაც შეადგენდა 111,58 ლარს.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი და თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) ფასდაკლება სახელმწიფოს ხარჯზე ღირებულების 50%-ის ოდენობით ხორციელდება, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მთავრობამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების ფასდაკლებით სარგებლობა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება, სს ,,ქ-ი” კი კერძო სამართლის სუბიექტია, ამასთან, სახელმწიფოს წილი სს ,,ქ-ში” მხოლოდ 43%-ია, შესაბამისად, სახელმწიფოს წილის ფარგლებში შეღავათი ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დგინდება. ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით კი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სოციალური დაცვის გარანტიების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო (და არა ადგილობრივი) ბიუჯეტიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სს ,,ქ-ი”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით ქუთაისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შვილს უწესდება შემდეგი უფლებები და შეღავათები: საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი და თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) ფასდაკლება სახელმწიფოს ხარჯზე ღირებულების 50%-ის ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელწმიფო დაწესებულება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ სს ,,ქ-ში” სახელმიწფოს წილი შეადგენს 43%-ს. რის საფუძველზეც, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სახელმწიფო დაწესებულება, კერძოდ, ქ. ქუთაისის მერია პასუხისმგებელი იყო (ვალდებული), განახორციელებინა კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. ქუთაისის მთავრობამ.
ქ. ქუთაისის მთავრობა საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქ. ქუთაისის მთავრობის საკასაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
მეორე კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ა-ს, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შვილს უნდა აუნაზღაურდეს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების, კერძოდ, მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური 50%, რაც, კასატორის მოსაზრებით, არამართებულია, ვინაიდან ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” (1997 წლის 11 დეკემბრის) საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ,,პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის შედეგად იმყოფებოდა თავისუფლების აკვეთის ადგილებში, სპეციალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გადასახლებაში გასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი მის, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო, გარდაცვლილი პირის, შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეულ მეუღლეს, მშობელს და შვილს (ნაშვილებს) უწესდება შეღავათები. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი წარმოადგენს შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს. ამდენად, დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით.
ამასთან, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ სს ,,ქ-ი” არ წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, რის გამოც მის მიერ განხორციელებულ მომსახურეობას სახელმწიფო ვერ აანაზღაურებს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარე მ. ა-ი არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შვილი.
მ. ა-ი დაბადებულია 19.... წელს, რაც უდავოდ ადასტურებს, რომ მითითებული პირი წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შრომიისუუნარო შვილს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მ. ა-ზე სრული მოცულობით ვრცელდება ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები და გარანტიები.
მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შრომისუუნარო შვილს უფლება აქვს ისარგებლოს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა, გაზი და თბოენერგია, ტელეფონის სააბონენტო გადასახადი) ფასდაკლებით სახელმწიფო ხარჯზე _ ღირებულების 50% ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, მითითებული მუხლი შეიცავს სპეციალურ დათქმს, კერძოდ, ნორმით დადგენილი შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება წარმოებულია სახელმწიფო დაწესებულების მიერ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ თავისთავად სს ,,ქ-ი” სახელმწიფო წილის არსებობა არ ცვლის მითითებული საზოგადოების სამართლებრივ სტატუსს და მის მიერ განხორციელებული მომსახურება ვერ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ განხორციელებულ მომსახურებად. ამასთან, საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს ქ. ქუთაისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა არ ასაბუთებს რომელი ნორმის საფუძველზე მივიდა ზემოაღნიშნულ მოსაზრებამდე, რაც საკასაციო სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას შეამოწმოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსახლეობის ცალკეული კატეგორიებისათვის, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შრომისუუნარო შვილები, კომუნალური მომსახურების ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ანაზღაურების წესი დადგენილ იქნა რიგი ქალაქების საკრებულოების მიერ (მაგალითად ქ. თბილისი, ქ. რუსთავი). საკასაციო სასამართლო საქმეზე სრული და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს, ხომ არ მოხდა ანალოგიური ხასიათის ნორმატიული აქტის მიღება ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ, რაც განსაზღვრავდა ამ უკანასკნელის ვალდებულებას იმ კატეგორიის პირთა მიმართ, რომელთაც მ. ა-ი მიეკუთვნება და რაც, საკასაციო სასამართლოს მისცემდა ქ. ქუთაისის მერიის (სახელმწიფოს) პასუხისმგებლობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი გამოკვლევისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.