Facebook Twitter

ბს-649-621(კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

19.07.07წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ჭ-მა და 1998-2000წწ., 803.86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1995 წლის 6 ივლისიდან 2003 წლის სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1996 წლის 21 სექტემბრიდან 2000 წლის 31 აგვისტომდე სასწავლებლად იქნა მივლინებული რუსეთის ფედერაციაში და მივლინების დროს იღებდა შრომის ანაზღაურებას. მოპასუხეს არ აუნაზღაურებია 1998-2000წწ. ხელფასი, 803.86 აშშ დოლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 17.03.07წ. ¹9/1972-ე წერილით განემარტა, რომ სახელფასო დავალიანების გადახდა დამოკიდებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით დამატებითი ასიგნებების მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.07წ. გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 803.86 აშშ დოლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასამართლოს განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 25.08.03წ. ¹877 ცნობით დასტურდებოდა, რომ 1998-2000წწ. ი. ჭ-ის მიმართ სამინისტროს ჰქონდა 803.86 აშშ დოლარი სახელფასო დავალიანება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ი. ჭ-ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კანონით დადგენილი წესით ახორციელებდა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებაში. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა სამსახურში მიღებიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო კუთვნილი ხელფასი. სასამართლოს განმარტებით, ხელფასი არ წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, სახელფასო დავალიანების მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ჭ-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ იყო ხანდაზმული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევის გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საქმეზე დაუსაბუთებელი განჩინება იქნა მიღებული. კასატორის განმარტებით, სახელფასო დავალიანების მოთხოვნის მიმართ გავრცელებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. ი. ჭ-ს გაცდენილი ჰქონდა როგორც 3 წლიანი, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.