საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-650-619(კ-07) 3 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე თ. ქ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 9 ივლისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-650-619(კ-07) თ. ქ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით თ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებს (კასაციის მიზეზს). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს თ. ქ.-ს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 113-114/.
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა თ. ქ.-მ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს /იხ. ს.ფ. 118/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზის მითითებით (იხ. ს.ფ. 119-121).
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა კვლავ მომართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 123-124).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ თ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, ხოლო საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით _ 5 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა _ თ. ქ.-მ ხარვეზი არ შეავსო, რადგან მიუხედავად საპროცესო ვადის გაგრძელებისა, ხარვეზის შევსების მიზნით თ. ქ.-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული გადაწყვეტილების უკანონობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.