Facebook Twitter

¹ბს-651-620(3კ-07) 14 თებერვალი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ ი/მ “მ. ბ-ა”, წარმომადგენელი გ. წ-ა (მოსარჩელე)

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექცია, წარმომადგენელი გ. ხ-ა (მოპასუხე)

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი მ. რ-ა (მესამე პირი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 9 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ინდივიდუალურმა მეწარმე (ინდმეწარმე) “მ. ბ-ამ” მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აპრილის ¹04-01/214 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა სოციალური გადასახადის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საურავის დაკისრების ნაწილში.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მ. ბ-ა ეწევა სანოტარო საქმიანობას და ფოთის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულია ინდმეწარმედ 1996 წლიდან. 2006 წლის 10 მაისს მიიღო საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადასახდელად დაკისრებული ჰქონდა 102 542.58 ლარი, მათ შორის ძირითად თანხა _ 37640.16 ლარი და საურავი _ 64902.42 ლარი. აქედან სოციალური გადასახადის სახით დაკისრებული ჰქონდა ძირითადი თანხა _ 22175.99 ლარი და საურავი _ 39793.56 ლარი.

მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა სოციალური გადასახადის ნაწილში უკანონო იყო, რამდენადაც საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა ფოთის საგადასახადო ინსპექციაში 1999 წელს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული რევიზიის აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა 21351 ლარის გადახდა სოციალურ გადასახადში. დარიცხული თანხის შესახებ მისთვის არავის უცნობებია და არც აქტი ჩაუბარებიათ, რითაც იგნორირებული იყო იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის უფლებები. 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ხელფასი, რომელშიც ამავე კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, არ შედის სანოტარო მოქმედებების შედეგად მიღებული შემოსავალი. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვლება სანოტარო საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსები იმ პერიოდისათვის არ იხდიდნენ სოციალურ გადასახადს. მხოლოდ 1999 წლის 8 ივნისს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე გაუთანაბრდა სანოტარო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისად, ამ პერიოდიდან ნოტარიუსებს დაეკისრათ სოციალური გადასახადის გადახდა, ხოლო ნოტარიუსების მიერ სოციალური გადასახადით დაბეგვრის თარიღი განისაზღვრა 1999 წლის 11 ივნისიდან და არა 1998 წლიდან, როგორც ეს რევიზიის აქტშია აღნიშნული (ს.ფ. 2-3).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე “მ. ბ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აპრილის ¹04-01/214 საგადასახადო მოთხოვნის ის ნაწილი, რომლითაც ინდმეწარმე “მ. ბ-ას” სოციალური გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრა 22175.99 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 39793.56 ლარი.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ინდმეწარმე “მ. ბ-ა” ფოთის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულია 1996 წლიდან და ეწევა სანოტარო საქმიანობას. ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აპრილის ¹04-01/214 საგადასახადო მოთხოვნით მოსარჩელეს გადასახდელად დაერიცხა სოციალური გადასახადის ნაწილში 22175.99 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 39793.56 ლარი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდმეწარმე “მ. ბ-ას” არასწორად დაერიცხა თანხები სოციალური გადასახადის ნაწილში, რამდენადაც აღნიშნული გადასახადი მოსარჩელეზე დარიცხულია კონტროლის პალატის მიერ ფოთის საგადასახადო ინსპექციაში 1999 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად შედგენილი რევიზიის აქტით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენდა ხელფასი, რომელშიც ამავე კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად არ შედის სანოტარო მოქმედებების შედეგად მიღებული შემოსავალი. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსები იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონის თანახმად არ იბეგრებოდნენ სოციალური გადასახადით და მისი გადახდის ვალდებულება მათ დაეკისრათ მხოლოდ 1999 წლის 11 ივნისიდან. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდამდე მოსარჩელეზე სოციალური გადასახადის დარიცხვა მიჩნეული უნდა ყოფილიყო უსაფუძვლოდ (ს.ფ. 52-56).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მითითებით, ინდმეწარმე “მ. ბ-ას”, როგორც გადასახადის გადამხდელის პირადი ბარათებით ირკვევა, რომ მასზე ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების დარიცხვა განხორციელებულია 1999 წელს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტის საფუძველზე. აღნიშნული აქტი ფოთის საგადასახადო ინსპექციაში ამჟამად არ მოიპოვება, რაზეც მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა. ფოთის საქალაქო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონტროლის პალატის აქტის შინაარსს არ გასცნობია.

სასამართლოს მსჯელობა, რომ ნოტარიუსებს არ გააჩნდათ სოციალური გადასახადის გადახდის ვალდებულება, მცდარია, რადგან ხსენებული პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, სოციალური გადასახადის დაბეგვრის ობიექტია ხელფასიდან მიღებული შემოსავლები. ე.ი. ის ფაქტი, რომ ნოტარიუსების საქმიანობა სადავო პერიოდისათვის არ ითვლებოდა სამეწარმეო საქმიანობად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სოციალური გადასახადის ვალდებულების არქონის საფუძვლად, რადგან საგადასახადო კოდექსით სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მიღებული ხელფასი (ს.ფ. 59-60).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (ს.ფ. 69-70).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, ინდმეწარმე “მ. ბ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აპრილის ¹04-01/214 საგადასახადო მოთხოვნის ის ნაწილი, რომლითაც ინდმეწარმე “მ. ბ-ას” სოციალური გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრა საქართველოს კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის აქტით 21351 ლარი, მათ შორის, საურავი _ 6704 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემოწმდა ინდმეწარმე “მ. ბ-ას” საფინანსო საქმიანობა, რომელიც შეეხო 1997-1999 წლების პერიოდს. 2000 წლის 1 აპრილს შედგა აქტი, რომლის თანახმად, ინდმეწარმე “მ. ბ-ას” დაერიცხა სოცანარიცხები 21351 ლარის ოდენობით, მათ შორის, ძირითადი თანხა _ 9765 ლარი, სანქცია _ 4882 ლარი, საურავი _ 6704 ლარი.

მოსარჩელე ითხოვდა, ბათილად ყოფილიყო ცნობილი საგადასახადო მოთხოვნით სოციალური გადასახადის დარიცხვა კონტროლის პალატის აქტის საფუძველზე. აქტის მიხედვით მას დარიცხული ჰქონდა სოცანარიცხები მთლიანობაში 21351 ლარი, მათ შორის, საურავი 6704 ლარი. გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში სოციალური გადასახადის გრაფაში გადასახადის ძირითად თანხად ნაჩვენები იყო 22175.99 ლარი, ხოლო აქტში მოყვანილი სოცანარიცხების ოდენობა შეადგენდა 21351 ლარს. საგადასახადო მოთხოვნაში სოციალური გადასახადის გასწვრივ დაფიქსირებული იყო საურავი 39793.56 ლარი, ხოლო ხსენებული აქტის მიხედვით საურავის ოდენობა შეადგენდა 6704 ლარს, რომელიც შედის 21351 ლარში. სხვა თანხების მიმართ ინდმეწარმეს პრეტენზია არ გააჩნდა. ამ მონაცემებით შემოიფარგლებოდა სარჩელის მოთხოვნა, ხოლო აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის აქტი ინდმეწარმე “მ. ბ-ას” არ გადასცემია, რადგან ასეთის დამადასტურებელი მონაცემები საქმეში არ მოიპოვებოდა. კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის აქტის შემდეგ შედგენილ საგადასახადო ინსპექციის 2001 წლის 17 დეკემბრის აქტში დამატებითი სოცანარიცხებისა და საურავის დარიცხვის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა შედგენილი იყო კონტროლის პალატის მიერ აქტის შედგენიდან ექვსი წლისა და 25 დღის შემდეგ. ხსენებული აქტის შედგენის დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს შეუძლია დაარიცხოს და გადასინჯოს გადასახადი საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან 6 წლის განმავლობაში.

ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი. ეს ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საგადასახადო პერიოდი” და “ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულება” კონკრეტულ შემთხვევაში იანგარიშებოდა 1997 წლის ვალდებულებისათვის 1998 წლის 1 იანვრიდან, 1998 წლის ვალდებულებისათვის _ 1999 წლის 1 იანვრიდან, 1999 წლის ვალდებულებისათვის _ 2000 წლის 1 იანვრიდან და არა აქტის შედგენის დღიდან.

ამდენად, სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემული იყო 2006 წლის 25 აპრილს და იგი მოიცავდა მონაცემებს საქართველოს კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის აქტის საფუძველზე ინდმეწარმე “მ. ბ-თვის” სოცანარიცხების _ 21351 ლარის, მათ შორის, საურავის _ 6704 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ხანდაზმული იყო. აქტის მიხედვით, შემოწმება შეეხო 1997-1999 წლებს და ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულება ან საგადასახადო პერიოდის დამთავრება განხორციელდა შესაბამისად მომდევნო 1998, 1999, 2000 წლების 1 იანვრიდან, ანუ ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 1998, 1999, 2000 წლის 1 იანვრისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეს მიკუთვნებული ჰქონდა ის, რაც მას არ უთხოვია. ინდმეწარმე “მ. ბ-ას” მოთხოვნა შემოიფარგლებოდა საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობით იმ ფარგლებში, რაც მას სოციალური გადასახადების სახით დაერიცხა კონტროლის პალატის აქტის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ კი ბათილად ცნო “საგადასახადო მოთხოვნის” სოცგადასახადების გრაფაში მოყვანილი მონაცემები ძირითადი გადასახადისა და საურავის შესახებ, მაშინ, როდესაც ინდმეწარმე “მ. ბ-ას” კონტროლის პალატის აქტით დაეკისრა სოცანარიცხები 21351 ლარისა და მათ შორის 6704 ლარის საურავი. ე.ი. საქალაქო სასამართლოს მიერ ზედმეტად იქნა მიკუთვნებული მოსარჩელისათვის 824.99 ლარი, როგორც სოციალური გადასახადის ძირითადი გადასახადი და 33089.56 ლარი _ საურავის სახით. ფოთის საგადასახადო ინსპექციას ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის გასვლის გამო უფლება არ ჰქონდა, საგადასახადო მოთხოვნაში დაეფიქსირებინა საქართველოს კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის აქტში მოყვანილი მონაცემები ინდმეწარმე “მ. ბ-თვის” სოცანარიცხების სახით 21351 ლარის, მათ შორის, საურავის _ 6704 ლარის დაკისრების თაობაზე (ს.ფ. 122-132).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საურავის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე “მ. ბ-ამ”, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა 6704 ლარის ნაცვლად 39793 ლარის ოდენობით საურავის ნაწილში.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული ძირითადი თანხიდან პირდაპირი გაანგარიშების გარეშე საურავის თანხის მოხსნა არასწორია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. ამდენად, კონტროლის პალატის მიერ აქტის შედგენის პერიოდში დარიცხული საურავი თანხით 6704 ლარი, დღეის მდგომარეობით მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. შესაბამისად, გაუქმებას დაექვემდებარება დარიცხული ძირითადი თანხის შესაბამისი საურავი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის.

ფოთის საგადასახადო ინსპექციას, როგორც შესაგებელში, ასევე სააპელაციო საჩივარში მითითებული აქვს დარიცხვის საფუძველი _ კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტი. ამდენად, სოციალურ ანარიცხში ძირითადი თანხის შესაბამისი საურავი წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით შეადგენს 39793 ლარს, რომელიც უნდა გაუქმდეს გასაუქმებელი ძირითადი თანხის შესაბამისად (ს.ფ. 139-140).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ინდმეწარმე “მ. ბ-აზე” სოციალური გადასახადი დარიცხულია გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით. აღნიშნული დასტურდება ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი სოციალური გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის ¹228 ბრძანებით დამტკიცებული “გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათი არის საგადასახადო ინსპექციის პირველადი აღრიცხვის საბუთი, რომელშიც აისახება გადამხდელების/საგადასახადო აგენტების ან სხვა ვალდებული პირების მიერ დეკლარირებული და გადახდილი თანხები, აგრეთვე საგადასახადო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული გადასახდელად დარიცხული ან შემცირებული თანხები, ზედმეტად გადახდილი, უკან დაბრუნებული ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში გადატანილი თანხები, ვადაგადაცილებული დავალიანებები, სანქციები, ჯარიმები და საურავები, ასევე ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები.

ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი სოციალური გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათის ანალიზით ნათელია, რომ დარიცხვა მოხდა არა კონტროლის პალატის აქტით, არამედ გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით. შესაბამისად, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აპრილის ¹04-01/214 საგადასახადო მოთხოვნა სრულ შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ამ კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მიხედვით, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის წყაროს საფუძველზე: ა. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის საგადასახადო დეკლარაციები; ბ. ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია; გ. შემოწმების მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საგადასახადო ორგანოსათვის (ს.ფ. 142-144, 159-160).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ი/მ “მ. ბ-ას” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აპრილის ¹04-01/214 საგადასახადო მოთხოვნის 21351 ლარის ოდენობით ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო საურავის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წლის 26 აპრილის სადავო საგადასახადო მოთხოვნის საფუძველად სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის აქტი და რომ ასეთ საფუძველს საგადასახადო დეკლარაციები წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კასატორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომის ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). თავად 2006 წლის 26 აპრილის სადავო საგადასახადო მოთხოვნაში მისი გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი მითითებული არ არის. მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექცია ასეთ საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა კონტროლის პალატის 1999 წლის რევიზიის აქტზე, თუმცა აღნიშნული აქტი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო თანხის დარიცხვის საფუძველად მიჩნეულია კონტროლის პალატის 1999 წლის რევიზიის აქტი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საპელაციო საჩივარში ფოთის საგადასახადო ინსპექცია კვლავ მიუთითებს, რომ სადავო დარიცხვის საფუძველია კონტროლის პალატის 1999 წლის რევიზიის აქტი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმებას ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით. სააპელაციო საამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ იქნა კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის რევიზიის აქტი და აპელანტმა დააზუსტა, რომ სწორედ აღნიშნული აქტი იყო სადავო თანხების დარიცხვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო თანხის დარიცხვის საფუძველს სწორედ კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის რევიზიის აქტი წარმოადგენს. სადავო თაანხების დარიცხვის სხვა რაიმე საფუძველზე მითითება საგადასახადო ორგანოების მიერ არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა. საკასაციო საჩივარში საგადასახადო ორგანოებმა შეცვალეს სადავო თანხების დარიცხვის ფაქტობრივი საფუძველი და უთითებენ, რომ აღნიშნული თანხები დარიცხულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკასაციო საჩივარს ვერ განიხილავს როგორც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რამდენადაც პირველი ორი ინსტანციის განმავლობაში საგადასახადო ორგანოებს აღნიშნული საკითხი არ დაუყენებიათ, მაშინ როდესაც საქმე ეხებოდა მათ მიერ ამოწერილ საგადასახადო მოთხოვნას და სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, გაერკვიათ და დაედგინათ, რის საფუძველზე ამოწერეს 2006 წლის 26 აპრილს საგადასახადო მოთხოვნა. ასეთ საფუძვლად ისინი პირველი ორი ინსტანციის განმავლობაში ასახელებდნენ კონტროლის პალატის შემოწმების აქტს და აღნიშნული აქტი წარადგინეს კიდეც სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო წარმოების ეტაპზე საკასაციო სასამართლო 407-ე მუხლის საფუძველზე მოკლებულია შესაძლებლობას, სადავო გახადოს სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სადავო თანხების დარიცხვის საფუძვლის სისწორის შესახებ და ამ მოტივით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ამას კასატორები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ფოთის საგადასახადო ინსპექცია ითხოვენ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ცნო ბათილად ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აპრილის ¹04-01/214 საგადასახადო მოთხოვნა კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის რევიზიის აქტით დარიცხული 21351 ლარის ნაწილში ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კონტროლის პალატის 2000 წლის 1 აპრილის რევიზიის აქტით შემოწმდა ი/მ “მ. ბ-ას” ეკონომიკური საქმიანობა 1997-1999 წლების პერიოდში და 1998 წლის შემოსავალზე დაერიცხა სოცანარიცხები 21351 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა _ 9765 ლარი, სანქცია _ 4882 ლარი, საურავი _ 6704 ლარი. 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის თანხის დარიცხვასა და დარიცხული თანხის გადასინჯვას ითვალისწინებდა საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან 6 წლის განმავლობაში. 2004 წლის საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადად ასევე განისაზღვრა 6 წელი და ამ ვადის ათვლა დადგინდა შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. მოცემულ შემთხვევაში 1998 წლის საგადასახადო ვალდებულებაზე საგადასახადო მოთხოვნა 21351 ლარის ნაწილში წარდგენილია 2006 წლის 26 აპრილს _ 1998 წლის საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან 6 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, რის გამოც გასულია საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, 21351 ლარის ნაწილში საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა უდავოდ ხანდაზმულია 6-წლიანი ვადის გასვლის გამო.

საკასაციო სასამართლო იმავდროულად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ 21351 ლარი სადავო საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებულია სოციალური გადასახადის ძირითადი თანხის _ 22175,99 ლარის შემადგენლობაში, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებულ საურავის თანხაში _ 39793.56 ლარში იმავდროულად რატომ შედის 6704 ლარიც და რატომ არ ექვემდებარება ი/მ “მ. ბ-ია” 6704 ლარზე მეტი ოდენობით საურავისაგან გათავისუფლებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ ი/მ “მ. ბ-ას” მსჯელობას, რომ 6704 ლარი შეადგენს 2000 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სოცანარიცხების ძირითად თანხაზე _ 9765 ლარზე დარიცხულ საურავს. 2000 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 26 აპრილამდე პერიოდში _ სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენამდე პერიოდში ზემოაღნიშნულ ძირითად თანხაზე დამატებით დარიცხულია თუ არა საურავი და სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავები მოიცავს თუ არა ამ პერიოდის თანხასაც, სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ “მ. ბ-ას” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აპრილის ¹04-01/214 საგადასახადო მოთხოვნის 21351 ლარის ოდენობით ბათილად ცნობის ნაწილში;

4. საურავის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.