¹ბს-652-621(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფონდმა «ე.-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 26.09.06წ. ¹736 ბრძანების I პუნქტისა და 25.08.06წ. ¹1270 საგადასახადო მოთხოვნის იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მას სოციალურ გადასახადზე 29 200 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ფონდი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სოციალური გადასახადის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის საფუძველზე დამატებით გადასახდელი თანხის შემთხვევაში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 16.11.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 25.08.06წ. ¹1270 საგადასახადო მოთხოვნის ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმის სახით 29 200 ლარის გადახდა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 22.09.06წ. ¹736 ბრძანება «ე.-ის» შესაგებლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 16.11.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 25.08.06წ. ¹1270 საგადასახადო მოთხოვნით «ე.-ს» სოციალურ გადასახადში ჯარიმის სახით დაეკისრა 29 200 ლარის გადახდა, რაზეც შესაგებელი შეიტანა საგადასახადო მოთხოვნის ადრესატმა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური გადასახადისაგან განთავისუფლებულია გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის საფუძველზე დამატებით გადასახდელი თანხის ხუთი პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ(არასრულ) საგადასახადო თვეზე, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა აღნიშნული დეკლარაციის წარუდგენლობის ყოველი სრული(არასრული) თვისთვის. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლი გულისხმობს, რომ ვისაც ევალება დეკლარაციის წარდგენა გარკვეულ გადასახადთან მიმართებაში და არ წარადგენს ამ გადასახადის შესახებ დეკლარაციას, დაეკისრება ჯარიმა შესაბამისი გადასახადის თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა. მოსარჩელე გათავისუფლებულია სოციალური გადასახადისაგან და მას არ ევალება დეკლარაციის წარდგენა სოციალურ გადასახადთან დაკავშირებით. საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული ან შემოღებული გადასახადი, აგრეთვე, ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი, ასევე დაკისრებული საგადასახადო სანქცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის ანდა სანქციის თანხის გადახდას. სააპელაციო პალატის განცხადებით, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება მხოლოდ იმათ ეკისრებათ, რომელთაც წარმოეშვათ ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადი, რასაც მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის შესაბამისად საგადასახადო კოდექსი იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს წარმოადგენდა ინსტრუქციასთან შედარებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის აღსრულების მიზნით ფინანსთა მინისტრი გამოსცემს ინსტრუქციებს. «სოციალური გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.04წ. ¹865 ბრძანების მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით დადგენილი იყო გადასახადისაგან გათავისუფლებული პირების ვალდებულება დეკლარაციის შევსებისა და საგადასახადო ორგანოში წარდგენის შესახებ. «ე.-ს» სოციალური გადასახადის დეკლარაცია არ წარუდგენია საგადასახადო ორგანოში, რის გამოც, კასატორი მიიჩნევს, რომ კანონიერად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 29 200 ლარის ოდენობით. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 25.08.06წ. ¹1270 საგადასახადო მოთხოვნის ძალაში დატოვება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.07.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკსაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად. კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს დასაშვებად მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.