Facebook Twitter

¹ბს-653-622(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,თ.-ა»

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინება

დავის საგანი – დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 9 ნოემბერს შპს ,,თ.-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თერჯოლის რაიონის გამგეობის მიმართ დავალიანების - 19714, 18 ლარის გადახდის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2000 წლის 17 მარტს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონული განყოფილების მიერ სახაზინო საწარმო ,,თ.-ა» გარდაიქმნა შპს-დ და 2000 წლის 19 მარტს თერჯოლის რაიონულ სასამართლოში გატარდა რეგისტრაციაში. 2000 წლის 25 ივლისს, ერთი მხრივ, ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდსა და, მეორეს მხრივ შპს ,,თ.-ის» შორის შედგა აქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები მუნიციპალური პროგრამით მოსარჩელის მიერ შესრულებულია. Aამის საფუძველზე დაწესებულების სასარგებლოდ დავალიანებამ შეადგინა 1971,18 ლარი.

,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის ¹723 ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის თაობაზე» საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 თებერვლის ¹33 ბრძანებულებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ» იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2003 წლის 31 მარტის ¹933 განკარგულებით მოხდა ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის ლიკვიდაცია. მოსარჩელის განმარტებით, ფონდის ლიკვიდაციის გამო, თერჯოლის რაიონის გამგეობას დაევალა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1917,18 ლარის პოლიკლინიკის სასარგებლოდ გამოყოფა, რაზედაც მრავალჯერ ეცნობა თერჯოლის რაიონის გამგეობას.

Mმოპასუხის მიერ 2004 წლის მარტსა და მაისის თვეებში ადგილობრვი ბიუჯეტიდან მათ ანგარიშზე ჩაირიცხა 5000 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხის გადარიცხვის მოთხოვნით მრავალჯერ მიმართეს მოპასუხეს, მაგარმ პასუხი არ მიუღიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე თერჯოლის რაიონის გამგეობას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 14714,18 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე თერჯოლის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,თ.-ის» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; თერჯოლის რაიონულ გამგეობას შპს „თ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14714, 18 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, თუ რამდენად სწორად იყო სათანადო მოპასუხედ მიჩნეული თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ვინაიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის (სოფელი, თემი, ქალაქი) სამართალმემკვიდრე», რაც იმაზე მიუთითებს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის თერჯოლის რაიონის ყოფილი გამგეობის სამართალმემკვიდრე, რომელიც სარჩელის აღძვრის მომენტში ლიკვიდირებული იყო. ამავე კანონის 651-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია მხოლოდ რაიონის გამგეობის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ უფლება-ვალდებულებაზე, რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ეკისრება პასუხისმგებლობა რაიონის გამგეობის იმ ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა 2006 წლამდე პერიოდში. ამასთან, 2006 წლის მდგომარეობით, თერჯოლის საფინანსო სამსახურის მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დავალიანებები არ არის აღნიშნული. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 651-ე მუხლის მე-5 პუნქტი სპეციალურად ითვალისწინებს წინა წლებში წარმოქმნილი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დავალიანების დაფარვის წესს, რომელიც შემუშავებულ უნდა იქნეს მთავრობის მიერ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ შპს „თ.-ა“ დაფუძნებულია სახაზინო საწარმოს ბაზაზე, სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით და კანონის შესაბამისად გატარებულია რეგისტრაციაში. იგი სამეურნეო ანგარიშიანი იურიდიული პირია და თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირის დამყარების გზით.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 1998 წლის 1 აპრილს და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთის მხარეში 1998 წლის 29 მარტს დამტკიცებული „იმერეთის 1998 წლის სამხარეო ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების“ ფარგლებში, ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდსა და შპს „თ.-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულებები იმერეთის მოსახლეობის სამხარეო პროგრამით გათვალისწინებული, გარკვეული ხაზით სამედიცინო ხასიათისა და დოკუმენტაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩატარების შესახებ. ამ ხელშეკრულებების 2.3 მუხლის თანახმად, „ფონდი“ იღებდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო დახმარების დაფინანსების ვალდებულებას, ხოლო 2.2 მუხლის შესაბამისად შპს „თ.-ა“, სათანადო ტარიფების ფარგლებში უფლებამოსილი იყო მიეღო შესრულებული სამუშაოს საფასური.

პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის „1998 წლის ჯანდაცვის სამხარეო პროგრამების მართვის შესახებ“ 1998 წლის 22 აპრილის ¹34 განკარგულების მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, იმერეთის მხარის ქალაქების (რაიონების) საფინანსო განყოფილებებს დაევალათ ჯანდაცვის სამხარეო ფონდის სტაბილური დაფინანსება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯანდაცვისათვის განკუთვნილი სახსრების სრული გამოყოფა ყოველთვიურად, თანაბარი პროპორციით, სამხარეო ფონდის 1998 წლის შემოსავალ გასავლის საფინანსო გეგმის მიხედვით.

აღნიშნულ ფონდსა და შპს „თ.-ს“ შორის ურთიერთანგარიშსწორების შესახებ შედგენილი 2002 წლის 25 ივლისის ურთიერთშედარების აქტის შესაბამისად, ოთხ მუნიციპალურ პროგრამაზე, 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 აპრილამდე პერიოდში განაღდებას დაექვემდებარა 20109, 88 ლარი. აქედან განაღდებულია 6434, 36 ლარი, ხოლო დავალიანებამ შეადგინა 19714, 18 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 თებერვლის ¹33 ბრძანებულების „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის ¹723 ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის თაობაზე და იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2003 წლის 31 მარტის ¹33 განკარგულების „ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ თანახმად მიმდინარეობდა ფონდის სალიკვიდაციო სამუშაოები. განკარგულების 3. 3 პუნქტის თანახმად, ჩატარდა დებიტორ-კრედიტორთა სრულყოფილი აღრიცხვა. კრედიტორთა ნუსხაში აღნიშნული დანართის მე-11 ნომრად მითითებულია შპს „თ.-ა“ – 19714, 78 ლარით.

პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 27 თებერვლის ¹01-12/66 წერილით თერჯოლის რაიონის გამგეობას დაევალა სახელმწიფო მუნიციპალური პროგრამით გაწეული სამედიცინო დახმარებისათვის წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, შესაბამისად ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინება.

შპს „თ.-ის“ არაეთრგზის მიმართვის საფუძველზე თერჯოლის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების 2004 წლის 1 მარტის ¹12, იმავე წლის 31 მარტის ¹19 და 5 მაისის ¹31 განკარგულებების საფუძველზე შპს-ს ანგარიშზე გადაირიცხა 5 000 ლარი, რომლის საფუძვლად მითითებულია ,,სპეცპროგრამების დაფინანსება“.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო ურთიერთობის განხორციელებისას დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების 2.3. 1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება იმერეთის სამხარეო ფონდმა ვერ შეასრულა, ხოლო მისი ლიკვიდაციის შემდეგ, თერჯოლის რაიონის გამგეობამ სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით დაკისრებული ვალდებულება, კრედიტორთა დავალიანებების ეტაპობრივად დაფარვა ადგილობრივი ბიუჯეტის მეშვეობით, ვერ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ თერჯოლის რაიონის გამგეობას (ამჟამად თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას) რაიმე პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 19 მაისის ¹72 განკარგულების მიმართ არ განუცხადებია, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან კრედიტორთა დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის ვალდებულება რაიონის გამგეობამ სამუშაო განაწესში მიიღო და ,,სპეცპროგრამების დაფინანსების“ საფუძვლით 5 000 ლარის გადახდით განახორციელა ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ამასთან, მიუღებელია მოსაზრება შპს „თ.-ის“ კრედიტორად არაღრიცხვისა და მისთვის 5000 ლარის გადაუხდელობის თაობაზე, რადგან „სპეცპროგრამის დაფინანსების“ სხვა საფუძველი თერჯოლის რაიონის გამგეობას არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის თერჯოლის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე, არ გამომდინარეობს „ადგილობრივი თვითმმართველოიბს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლიდან, რადგან ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე.

აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია მხოლოდ რაიონის გამგეობის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწნებულ უფლება-მოვალეობებზე, კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გამოდგება არგუმენტად იმისა, რომ თერჯოლის რაიონის გამგეობის მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც უტყუარადაა დადგენლი, არ დაეკისროს მის კანონისმიერ სამართალმემკვიდრეს, რადგან საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარის ვალდებულების შეუსრულებლობა საერთო ჯამში ზიანს აყენებს ამ სახის ურთიერთობის მისაღწევ მიზანს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თერჯოლის რაიონულ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს საფუძვლიანად არ შეუსწავლიათ კრედიტორული დავალიანების წარმოშობის და მისი სინამდვილეში არსებობის ფაქტი, არ გამოუკვლევიათ თუ რა სახის და მოცულობის მომსახურება გაუწიეს რეალურად შპს ,,თ.-ს" მუნიციპალური პროგრამებიდან. ექვემდებარებოდა თუ არა თანხა ანაზღაურებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან და თუ ექვემდებარებოდა, რა ოდენობით. სასამართლო ცალმხრივად დაეყრდნო მხოლოდ სამხარეო ადმინისტრაციის მომართვებს და იმ ურთიერთშედარების აქტს, რომელიც შედგენილია 2002 წლის 25 ივლისს ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდსა და შპს ,,თ.-ს შორის", რომელშიც როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა რაიონის გამგეობა ჩართული არ ყოფილა, ხოლო დავალიანება, რაიონის გამგეობის გვერდის ავლით, მისი წარმომავლობის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იქნა ცალმხრივად აღიარებული და განსაზღვრული.

კასატორის განმარტებით, დავალიანების უტყუარი მტკიცებულებები რომც არსებობდეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული დავალიანების გადახდა არ უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის თერჯოლის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე, არასწორად განმარტა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლი, რომელიც ნათლად უთითებს, რომ ,,მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემეკვიდრე", რაც იმას ნიშნავს, რომ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (რომელიც გაუქმდა ,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე) შესაბამისად, თვითმმართველობა ხორციელდება რაიონში შემავალ სოფელში, დაბაში, თემსა და ქალაქში, შესაბამისი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით. კასატორის მოსაზრებით, სამართალმემკვიდრეობის არასწორი განმარტების შედეგად სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა აგრეთვე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლიც, რომლის მე-4 და მე-5 პუნქტები პირდაპირ მიუთითებს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს", რაც გულისხმობს, რომ ორგანულმა კანონმა თვითმმართველ ერთეულებს - ანუ მუნიციპალიტეტეს გადასცა ყოფილი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების მხოლოდ 2006 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები. ამასთან, მე-5 პუნქტი სპეციალურად ითვალისწინებს და ავალებს საქართველოს მთავრობას, დადგენილებით განსაზღვროს ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული, ყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და ლიკვიდირებული მმართველობის ორგანოების მიერ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი. აღნიშნული წესი, ორგანული კანონის 651-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ჯერ კიდევ 2006 წლის 22 დეკემბრის ¹244 დადგენილებით, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.

,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის" შესაბამისად განისაზღვრა და დაზუსტდა თვითმმართველობის ორგანოების ორგანიზაციული ხასიათის მოვალეობები, რაიონის ყოფილი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებებთან დკავშირებით, კერძოდ: წესის პირველი მუხლის ,,ა" და ,,ბ" პუნქტების შესაბამისად თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა განიხილონ და დააზუსტონ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონების, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დავალიანებები; ,,დ" პუნქტის თანახმად თვითმმართველ ერთეულებს დაევალათ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებები და მმართველობის ორგანოების მხოლოდ 2006 წლის შეუსრულებელი ვალდებულებები გაითვალისწინონ შესაბამის თვითმმართველი ერთეულის 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას და უზრუნველყონ მათი ეტაპობრივი დაფარვა, ხოლო ,,ე" პუნქტის მიხედვით პირდაპირ განისაზღვრა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ 2006 წლამდე წარმოქმნილ დავალიანებათა შესახებ მონაცემები სათანადო დოუკუმენტაციით 2007 წლის 1 აპრილამდე განსახილველად წარედგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, ამ მონაცემების დაზუსტების შემდეგ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის შესახებ კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, ზემოაღნიშნული სადავო დავალიანების არებობის შესახებ, წესის შესაბამისად, დოკუმენტალურად ეცნობებინა ფინანსთა სამინისტროსათვის, რაიონის ლიკვიდირებული გამგეობის საფინანსო დოკუმენტაცაში აღნიშნული კრედიტორული დავალიანების არარსებობის გამო, ხოლო აღნიშნული დავალიანების სასამართლო წესით დადასტურების შემთხვევაშიც დავალიანების დაფარვის საკითხის გადაწყვეტა კონკრეტულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული სამართლერივი საფუძვლებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის კომპენტენციას წარმოადგენს და არა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ.-ა” დაფუძნდა სახაზინო საწარმოს ბაზაზე, სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით და დარეგისტრირდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში 2000 წლის 29 მარტს.

შპს ,,თ.-სა” და ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდს შორის ,, იმერეთის 1998 წლის სამხარეო ჯანდაცვითი პროგრამის” ფარგლებში დაიდო ხელშეკრულებები: იმერეთის მოსახლეობის ჭაბუკთა სამედიცინო შემოწმების ჩატარების, მოსახლეობის ონკოინკურაბელურ ავადმყოფთა ტკივილგამაყუჩებლით უზრუნველყოფის 1999 წლის სამხარეო პროგრამით გათვალისწინებულ პაციენტებზე ნარკოლოგიური პრეპარატის გაცემის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღონისძიებათა 2001 წლის პროგრამით გათვალისწინებული პროფილური სამედიცინო დახმარების გაწევის და მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების 1999 წლის სამხარეო პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ექიმ-ენდოკრინოლოგთან ვიზითის შესრულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 2.3 პუნქტის შესაბამისად, ფონდმა იკისრა ვალდებულება მოეხდინა პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარების დაფინანსება, დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატივების და ტარიფების მიხედვით ფონდში სათანადო თანხების აკუმულირების შემთხვევაში, ხოლო იმავე ხელშეკრულებების 2.2 მუხლების თანახმად, შპს ,,თ.-ა” უფლებამოსილი იყო მიეღო შესრულებული სამუშაოს საფასური დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

2002 წლის 25 ივლისს თერჯოლის იმერეთის სამხარეო ფონდსა და შპს ,,თ.-ს” შორის შედგა ურთიერთშედარების აქტი, რომლის შესაბამისადაც ოთხ მუნიციპალურ პროგრამაზე 2001 წლის 01 იანვრიდან 2002 წლის 01 აპრილამდე პერიოდში განაღდებას დაექვემდებარა 20109,88 ლარი. აქედან განაღდებულ იქნა 6434, 36 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 03 თებერვლის ¹33 ბრძანებულების ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 09 დეკემბრის ¹723 ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის თაობაზე” და ,,ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ” იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2003 წლის 31 მარტის ¹33 განკარგულების საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდში განხორციელდა სალიკვიდაციო სამუშაოები. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების 3.3 პუნქტით, დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებების სრულყოფილი აღრიცხვა-შედარების მიზნით შესაბამის სამსახურებს დაევალა შედარების გაკეთება ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდთან, თანდართული დანართების მიხედვით. რის საფუძველზეც კრედიტორთა ნუსხაში მე-11 ნომრად აღინიშნა შპს ,,თ.-ა” _ 19 714, 78 ლარით.

საკასაციო სასამართლო სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციის ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და ადასტურებს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, უდავოა, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის სამართლებრივი რეგულაციებიც ჩადებულია სამოქალაქო კოდექსში.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა ხელშემკვრელ მხარეს აკისრებს საპასუხო შესრულების ვალდებულებას. მაგრამ, იმავდროულად საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ვალდებულების ფარგლების განსაზღვრას. კერძოდ, იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, თუ რა მოცულობის მომსახურება იქნა შპს ,,თ.-ის” მიერ გაწეული და აღნიშნულის სანაცვლოდ რა ოდენობის თანხა ექვემდებარება ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ შედარების აქტის არსებობა არ იძლევა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან თანხის ოდენობის ნაწილში სათანადო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული გარემოების გამოკვლევისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და 19.1 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით უნდა გამოიკვლიოს დამატებითი მტკიცებულებები და დაადგინოს, საბუღალტრო დოკუმენტაციის შესაბამისად რა ოდენობის დავალიანება ირიცხება თერჯოლის რაიონის გამგეობის ბალანსზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია კრედიტორული დავალიანების ზუსტი განსაზღვრა და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას შპს ,,თ.-ის” მიმართ მისი ვალდებულებების გამორიცხვის თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაქცევს ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართელობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის ¹244 დადგენილების შინაარსს. საგულისხმოა, რომ მითითებული დადგენილება არ იძლევა ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ვალდებულებებისაგან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველს. კერძოდ, მითითებული დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალა, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონების, იმ ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სალიკვიდაციო კომისიებიდან გადმოცემული, დადგენილი წესით განსაზღვრული 2006 წლის შეუსრულებელი ვალდებულებებისა და წინა წლების ვადაგადაცილებული დავალიანებების საკითხის განხილვა.

ამავე დადგენილების პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ევალებათ, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა შესახებ მონაცემები სათანადო დოკუმენტაციით 2007 წლის 1 აპრილამდე განსახილველად წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს შემდეგი გარემოებების დადგენა-გამოკვლევას, რა ოდენობის კრედიტორული დავალიანება ერიცხებოდა თერჯოლის რაიონის გამგეობას შპს ,,თ.-ის” მიმართ, იყო თუ არა ეს დავალიანება სათანადო წესით აღრიცხული და დოკუმენტალურად დადასტურებული, დადებით შემთხვევაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან იქნა თუ არა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების დამატებით გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რა მიზნითაც საქმეს ხელახალი განხილვისათვის უბრუნებს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 07 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქნეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.