Facebook Twitter

ბს-653-625(კ-08) 11 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 2 აგვისტოს ს. კ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 20 ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამხედრო ... ჰოსპიტალში და სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა ხელზე გასაცემი დავალიანება, რომელიც შეადგენდა 1402,27 ლარს. აღნიშნული დავალიანება წარმოშობილი იყო 1998-2000 წლებში, მათ შორის: ხელფასი _ 420,13 ლარი, კვების კომპენსაცია _ 669,27 ლარი, კვარტალური ჯილდო _ 247,98 ლარი, მატერიალური დახმარება _ 64,89 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დავალიანების თანხის _ 1402,27 ლარის ანაზრაურება დაკისრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1402,27 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ს. კ.-ის შრომის წიგნაკიდან ამონაწერის ასლი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ იგი 1994-2006 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მსახურობდა, ამასთან, წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტლის მიერ 2006 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომლითაც დადგენილი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა 1998-2000 წლების დავალიანება 1402,27 ლარის ოდენობით, რომელიც წლების მიხედვით, მოიცავდა, როგორც ხელფასის თანხას, ისე ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებასაც. აღნიშნულ კანონისმიერ ვალდებულებაზე უნდა გავრცელებულიყო არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, არამედ ამავე კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი საერთო ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. კ.-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის სახით 669,27 ლარის ანაზღაურებაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, არ გაიზიარა სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები იმ ნაწილში, რომლითაც ს. კ.-ის სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის სახით 669,27 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ს. კ.-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა _ 1402,27 ლარს, მათ შორის: ხელფასი _ 420,13 ლარს, კვების კომპენსაცია _ 669,27 ლარს, ჯილდო _ 247,98 ლარს და მატერიალური დახმარება _ 64,89 ლარს. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. იმავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა (კვების კომპენსაცია) და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამხედრო ... ჰოსპიტლის მიერ 2007 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ¹1409 ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებდა. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათის იყო და მოწმობდა არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს, რომელიც მას არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სარჩელი ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს გადახდის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სასამართლოს არ გამოუყენებია. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს “დანამატის” სტატუსი.

კასატორის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, რომ “დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, მათ “დანამატის” სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჯილდოს და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაცემული 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹1409 ცნობა ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს დავალიანებად აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე, არამედ მას მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი აქვს და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 სექტემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.