ბს-654-621(კ-06) 16 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,....." თავმჯდომარე ნ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ბათუმის მერია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...." თავმჯდომარემ ნ. ბ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-3).
საქმის გარემოებები:
1989 წელს აჭარის მაღალმთიანეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებისთვის აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოიყო მიწის ნაკვეთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. 1993 წელს შეიქმნა საბინაო სამშენებლო კოოპერატივი ,,....”, სადაც გაერთიანდა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული 52 ოჯახი. მერიის მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ იყო განთავსებული ბარაკული ტიპის სახლები, რის გამოც ვერ მოხერხდა მიწის თავისუფალ მდგომარეობაში კოოპერატივისათვის გადაცემა. აღნიშნულის გამო ქალაქ ბათუმის მერიის კაბინეტმა 1996 წელს გამოსცა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოქმედების ვადა გაუგრძელდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და შინაგან საქმეთა სამმართველოსა და ¹8 მიკრორაიონის ხელმძღვანელობას დაევალა ტერიტორიის გათავისუფლება უკანონოდ ჩასახლებული მოსახლეობისაგან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობამ ჩაატარა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები - გაკეთდა მიწის გეოლოგიური დასკვნა, შედგა სახლის პროექტი, მოიტანა ტერიტორიის შემოსაღობი მასალა, რომელიც გაანიავა იქნა იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ. ასევე, ბანკში გაიხსნა ამხანაგობის ანგარიში, რომელზეც სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიერ დაირიცხა 1 250 000 რუსული მანეთი.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ბათუმის მერიამ 1996 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკანონოდ ჩასახლებული პირებისაგან მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება ვერ მოხერხდა. ბათუმის მერიის 2005 წლის 21 აპრილის წერილის თანახმად კი ცნობილი გახდა, რომ მერია არ აპირებდა დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ზიანის ანაზღაურებას.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 თავის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ვალდებულია, პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მიადგა ორგანოს მოქმედებით. მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას ,,...." მიადგა მატერიალური ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად მოითხოვა ბათუმის მერიის მიერ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და თითოეული ოჯახის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება ან საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხემ – ბათუმის მერიამ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...." სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
1992 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის მაღალმთიანი რაიონების სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოიყო მიწის ნაკვეთი ბათუმის ¹.... კვარტალში, 52-ბინიანი სახლის ასაშენებლად. ბათუმის მერიამ 1996 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ერთი წლით გაუგრძელა ვადა 1992 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რადგან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება. სასამართლოს დასკვნით, მშენებლობის დაწყების შეუძლებლობა გამოწვეული იყო მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით, ვინაიდან არ მოხდა მიწის გამოთავისუფლება უკანონო მფლობელობიდან.
საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირის მიერ რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს 3 წელს. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა სამი წლის განმავლობაში მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგ, რაც უნდა აითვალოს 1997 წლის 16 ივლისიდან, ანუ ბათუმის მერიის 1996 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლოს დასკვნით, ასევე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე, თითოეული წევრისათვის 20 000 დოლარის, სულ 1 040 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდელობით გათვალისწინებული შესაძლებლობები – სასამართლოსათვის წარმოედგინა მიყენებული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები (იხ. ს.ფ. 27-28).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობია ,,....." თავმჯდომარე ნ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლები, ვინაიდან აღნიშნული მუხლები არეგულირებს არა მოთხოვნის ხანდაზმულობს საკითხს, არამედ საქმის სასამართლოში განხილვის წესს. შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კონონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, რადგან მოთხოვნის მიმართ უნდა გამოყენებულიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი გაცნობიდან ექვსთვიანი ვადა, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან სამთვიანი ვადა. შესაბამისად, ადმინისტრაციული კანონმდებლობით ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირს ოფიციალურად ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ. სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ვერ მოხერხდა მშენებლობის დაწყება დამატებითი ვადის გასვლის შემდეგაც, სინამდვილეში კი ბათუმის მერიის ბრალეულობით ვერ მოხერხდა გამოყოფილი მიწის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. შინაგან საქმეთა სამმართველოს არ განუხორციელებია ბათუმის მერიის დავალება მიწის გამოთავისუფლების შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამხანაგობის მიერ მოხერხდა გარკვეული სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი ზიანის ანაზღაურებასა და ამხანაგობის თითოეული წევრისათვის 20 000 ლარის გადახდაზე, ვინაიდან მათ მიერ ბინის მშენებლობისათვის ბანკში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხეს 1 250 000 რუსული მანეთი. აპელანტმა სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ამხანაგობის თითოეული წევრისათვის 2500 დოლარის, სულ 130 000 აშშ დოლარის დაკისრება (იხ ს.ფ. 29-32).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოწინააღმდეგე მხარემ – ბათუმის მერიის წარმომადგენელმა არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 22 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ,,....." თავმჯდომარის – ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ოქტომბრის ¹771 გადაწყვეტილებით აჭარის მაღალმთიან რაიონებში სტიქიით დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოიყო მიწის ნაკვეთი ¹.... კვარტალში, 52-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. იმ დროისათვის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას ,,....” ბინათმშენებლობისათვის არ განუხორციელებია რაიმე სამართლებრივი ქმედება, რასაც ადასტურებს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1996 წლის 16 ივლისის ¹336 გადაწყვეტილება, რომლითაც ამხანაგობას ბინათმშენებლობის განხორციელებაზე უფლება გაუგრძელდა ერთი წლის ვადით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამხანაგობის წევრებს არ მიუღიათ რაიმე ქმედითი ზომები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მათ არ ჩაჰბარდათ თავისუფალ მდგომარეობაში და ამის გამო ვერ მოხერხდა მშენებლობის დაწყება. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1996 წლის 16 ივლისის ¹336 გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამმართველოსა და ¹8 მიკრორაიონის ხელმძღვანელობას დაევალათ გამოეთავისუფლებინათ სადავო ფართი და თუ არ იქნა აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსარჩელეს იმთავითვე ჰქონდა უფლება, გაესაჩივრებინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომტან ორგანოში ან სასამართლოში. სასამართლოს დასკვნით, აპელანტს არ გაუსაჩივრებია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. შესაბამისად, აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმულია, ვინაიდან, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი უფლებებიდან, სამი წელია. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშვა 1997 წლის ივლისიდან, მაშინ როდესაც ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებით ბინათმშენებლობისათვის გაგრძელებული ერთწლიანი ვადა ამოიწურა, თუმცა მოსარჩელეებს არ მიუმართავთ სასამართლოსათვის, სხვა პირისათვის (ან პირებისათვის) რაიმე მოქმედების აკრძალვის ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით. ამდენად, მოსარჩეელებმა გაუშვეს ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადის გაშვება კი სარჩელზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 64-68).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ,,..." თავმჯდომარე ნ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები მერიის მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, რასაც ადასტურებდა მერიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 1992 წლის 7 ოქტომბრის დადგენილების ვადის გაგრძელების შესახებ. 1996 წლის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ორგანოებს დაეკისრა ვალდებულება მიწის გამოთავისუფლების შესახებ.
კასატორი მიუთითებს, რომ იმ პერიოდისათვის არ არსებობდა ადმინისტრაციული კოდექსი ან სხვა კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა, გაესაჩივრებინა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება და მხოლოდ 2005 წლის 21 აპრილის პასუხით გახდა ცნობილი, რომ მერია არ აპირებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. სწორედ ამ წერილით გახდა ცნობილი, რომ მოთხოვნა აღარ შესრულდებოდა და ამის შემდეგ მიმართეს სასამართლოს სარჩელით. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, რომლებიც არ აწესრიგებს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადები. მოთხოვნას კი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოქმედებს დელიქტური და არა სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადები.
კასატორი განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადები უნდა გამოითვალოს სარჩელის შეტანის დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად - ,,სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 6 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში”. ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, ვადის დინება იწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის, ან ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან. მათ მიერ დაცული იყო ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადები. შესაბამისად, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში და ამხანაგობის თითოეული წევრისათვის მიყენებული ზიანისათვის 2 500 დოლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 69-72).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...." თავმჯდომარის - ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 100-104).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,....’’ თავმჯდომარის - ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...." თავმჯდომარის - ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, უარი ეთქვა მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რამდენადაც მითითებული მუხლი ეხება ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობას, მაშინ, როცა სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში მიღებულია სსსკ-ის 393.2. “ა” მუხლის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ, ბრალეული ქმედებით სხვისთვის ზიანის მიყენება კანონის ძალით წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კასატორის განმარტებით, მას ზიანი მიადგა მერიის მიერ 1996 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობით. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხემ მიწის გამოთავისუფლება დაავალა შინაგან საქმეთა სამმართველოსა და ¹8 მიკრორაიონის ხელმძღვანელობას. აღნიშნული ფართი უნდა გამოთავისუფლებულიყო ერთი წლის განმავლობაში, რაც არ მოხდა. კასატორის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ვალდებულების განუხორციელობლობით მიადგათ ზიანი, ვინაიდან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ვერ მოხერხდა მშენებლობის დაწყება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ორგანოს მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამდენად, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მსჯელობის უსწორობაზე, მხარეებს შორის ხელშეკრულების არარსებობის გამო კანონის ნორმების არასწორად გამოყენების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართისა და ბინის მიუღებლობა და, შესაბამისად, ზიანი გამოწვეული იყო ბათუმის მერიის ქმედებით, სახეზე გვაქვს დელიქტური ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის დარეგულირებისათვის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულებისათვის განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და ამ ვადის დინება იწყება იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა პირმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე, უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები და დაადგინოს კასატორს – ამხანაგობა ,,...’’ ბათუმის მერიის კაბინეტის 1996 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე გააჩნდა თუ არა კანონიერი ნდობა მერიის მიმართ და ეს ნდობა გრძელდებოდა თუ არა გადაწყვეტილების ერთი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემდგომაც. სასამართლომ უნდა მისცეს შეფასება ბათუმის მერიის 2005 წლის 21 აპრილის პასუხს, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყების მომენტი /დრო/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მირ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, მიწის მართვის სამმართველომ 2004 წლის 8 იანვარის გადაწყვეტილებით გაუგრძელა ვადა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ოქტომბრის ¹771 გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და სამართლებრივი შეფასება მისცეს მიწის მართვის სამმართველოს 2004 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებას, ასევე გამოიკვლიოს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის მიერ ¹.... კვარტალში გამოყოფილი მიწის ფაქტობრივი და სამართლებრივი /სტატუსი/ მდგომარეობა.
მოცემულ საქმეზე არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უზრუნია დავის მორიგებით დასრულებაზე, სხდომის ოქმებში არ არის მითითება ასეთი შეთავაზების და კონფლიქტის მორიგებით დასრულების მცდელობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. სსსკ-ის 218-ე მუხლის თანახმად სასამათლომ უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები. ამავე კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო იღებს ზომებს საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მხარეებს შესთავაზოს პირობები დავის მორიგებით დასამთავრებლად, მით უფრო, იმ პირობებში, როცა საქმის მასალების თანახმად, ამხანაგობას გარკვეული ოდენობის თანხა შეტანილი აქვს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, სარჩელი სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან. აღნიშნული მუხლი ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელის სახის მიმართ, მაშინ, როცა სარჩელი აღძრულია არა მითითებული ნორმის არამედ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 ,,გ” მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს არა სამართლებრივი აქტის გამოცემა, არამედ, ზიანის ანაზღაურება, სარჩელის მოცემული სახის მიმართ დაუშვებელია სხვა სახის სარჩელისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად სარჩელის შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ამასთან, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლება ან ინტერესს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას აღნიშნულზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია არ არის რა ადმინისტრაციული ორგანოსათვის რაიმე ქმედების აკრძალვის ან ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას ამ მხრივ შეამოწმოს სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში შეცდომით მიუთითა სსსკ-ის 129-ე მუხლი, ვინაიდან სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში გადმოსცემს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის დისპოზიციას. აღნიშნული უზუსტობა სასამართლოს მიერ სსსკ-ის 260-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად ექვემდებარებოდა გასწორებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 393.3. მუხლის თანახმად საქმე განხილულია საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე წარმოადგენს განჩინების გაუქმების პროცესუალურ საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4, 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,....." თავმჯდომარის - ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;