Facebook Twitter

¹ბს-65-63(კ-07) 26 ივლისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ბ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 26 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ბ-მ მოპასუხე ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ. ბ-მ 2001 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის კლასიკურ გი-იაში ... მასწავლებლად. 2002 წლის 20 აგვისტოს გი-იის დირექციამ მასთან, როგორც ... მასწავლებელთან, გააფორმა უვადო ხელშეკრულება. მუშაობის დაწყებიდან 2004 წლამდე ასწავლიდა ..., ხოლო 2004-2005 სასწავლო წლებში _ ... ენას და ჰქონდა სრული საათობრივი დატვირთვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 4 სექტემბრის ¹157 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა გი-იები და მათ ნაცვლად შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლები. ამის შესაბამისად, ქუთაისის კლასიკური გი-ია გარდაიქმნა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის ¹1 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლად, რის შემდეგაც სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ იქნა საზღვარგარეთის ლიტერატურის სწავლება, ლათინური ენა კი, როგორც უცხო ენა, დატოვებულ იქნა სასწავლო ბადეში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 განკარგულებით ა. წერეთლის სახელობის ¹1 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა დაფუძნდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2005-2006 სასწავლო წლებში საათების განაწილებისას სკოლის დირექციამ მას მისცა ... ენისა და ლიტერატურის 7 საათი და დაინიშნა მე-9 კლასის ხელმძღვანელად. 2006 წლის 30 ივნისს მას ჩაბარდა 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რითაც ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი წარმოადგენდა უვადოდ დანიშნულ მუშაკს, ადმინისტრაციას მისთვის უნდა შეეთავაზებინა სხვა სამუშაო, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, მისი სამსახურიდან გათავისუფლება არ ყოფილა შეთანხმებული პროფკავშირთან კანონით დადგენილი წესით, შრომის წიგნაკი გადაეცა 2006 წლის 18 ივლის, მაშინ როდესაც იგი უნდა ჩაბარებოდა სამუშაოდან გათავისუფლების დღეს (ს.ფ. 1-5).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-სა და ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის კლასიკური გი-იის დირექტორს შორის გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ბ-მ მუშაობა დაიწყო ....ის მასწავლებლად. განათლების მინისტრის 2004 წლის 4 სექტემბრის ¹157 ბრძანების საფუძველზე კლასიკური გი-ია გარდაიქმნა ¹1 საჯარო სკოლად, სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ იქნა ... ლიტერატურის, ხოლო შემდეგ _ ... ენის გაკვეთილები. პირველი საშუალო სკოლის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹204 ბრძანებით დამტკიცდა პირველი საშუალო სკოლის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა 2005-2006 სასწავლო წლისათვის, რომლის თანახმად, ნ. ბ-ს მიეცა ... ენისა და ლიტერატურის 7 საათი V3 კლასში, რაც წარმოადგენდა უვადო შრომითი ხელშეკრულების ვადიანი ხელშეკრულებით შეცვლას. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებით ნ. ბ-ს დაევალა განსაზღვრული ვადით გარკვეული სამუშაოს შესრულება, ბრძანებაში მითითებული ვადის გასვლის და მასზე დაკისრებული სამუშაოს შესრულების შემდეგ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონშესაბამისი იყო.

სასამართლოს განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს წარმოადგენდა: შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება და შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. აქედან გამომდინარე, ¹1 საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ¹142 ბრძანება ნ. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხებოდა მოსარჩელის არგუმენტს იმის შესახებ, რომ იგი არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით არ იყო გათვალისწინებული დასაქმებულის წინასწარი გაფრთხილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას (ს.ფ. 48-50).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის პირველი საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹204 ბრძანება მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის შესახებ, რომლის თანახმად მას 2005-2006 სასწავლო წლისათვის მიეცა ... ენისა და ლიტერატურის 7 საათი V3 კლასში, წარმოადგენდა უვადო შრომითი ხელშეკრულების ვადიანი ხელშეკრულებით შეცვლას, რამდენადაც ხსენებული ბრძანება არც იურიდიულად და არც თავისი ნამდვილი შინაარსით არ გულისხმობდა, რომ მასწავლებლები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის საათობრივი დატვირთვის განაწილების ბრძანებაში იყვნენ მოხსენიებულნი, სასწავლო წლის დასრულებისას უნდა გათავისუფლებულიყვნენ სამუშაოდან განსაზღვრული სამუშაოს შესრულების გამო. ამ ბრძანებას არავითარი საერთო არ ჰქონდა ვადიანი თუ უვადო ხელშეკრულების გაფორმებასთან და სამსახურში დანიშვნის ან გათავისუფლების ბრძანებასთან.

აპელანტის აზრით, საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა დაყრდნობოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებს, შრომის კოდექსი მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღისათვის მოქმედებაში არ იყო შესული, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, იგი მასზე არ უნდა გაევრცელებინათ, რადგან სამსახურში მიღებული იყო უვადო ხელშეკრულების საფუძველზე და არა განსაზღვრული სამუშაოს შესრულების დროით (ს.ფ. 52-54).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება, ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანება ნ. ბ-ის გათავისუფლების ნაწილში და ნ. ბ- აღდგენილ იქნა იმავე სკოლაში ... ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-სა და ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის გი-იის დირექტორს შორის 2002 წლის 20 აგვისტოს დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ბ-მ მუშაობა დაიწყო ... ენისა და ... ლიტერატურის მასწავლებლად. საქართველოს განათლების მინისტრის 2004 წლის 4 სექტემბრის ¹157 ბრძანების საფუძველზე კლასიკური გი-ია გარდაიქმნა ¹1 საჯარო სკოლად. ამავე დროს სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ იქნა ... ლიტერატურისა და ... ენის გაკვეთილები. ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹205 ბრძანებით დამტკიცდა ¹1 საშუალო სკოლის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა 2005-2006 სასწავლო წლისთვის, რომლის თანახმად, ნ. ბ-ს V3 კლასში მიეცა კვირაში ... ენისა და ლიტერატურის 7 საათი. ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანებით ნ. ბ-ე შრომის კანონთა კოდექსის (ადრე მოქმედი) მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ნ. ბ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის ახალი რედაქცია, რადგანაც აღნიშნული კოდექსი 2006 წლის 29 ივნისისათვის, ნ. ბ-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს, ამოქმედებული არ იყო. აღნიშნული კოდექსი ამოქმედდა 2006 წლის 3 ივლისიდან. ამდენად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ეხელმძღვანელა ძველი შრომის კანონთა კოდექსით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა ნ. ბ-ის მოსაზრება, რომ დასახელებული კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციას იგი უნდა გაეფრთხილებინა 1 თვით ადრე, რაც არ განუხორციელებია, გარდა ამისა, ადმინისტრაცია შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო შეეთანხმებინა პროფკავშირებთან შრომის ხელშეკრულების მოშლა.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის წარმომადგენლის მითითებას იმის შესახებ, რომ ნ. ბ-სთან ადმინისტრაციას გაფორმებული ჰქონდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რადგანაც ეს არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ, საქმეზე დადგენილი იყო, რომ ნ. ბ-ს სკოლის ადმინისტრაციასთან 2002 წლის 20 აგვისტოდან დადებული ჰქონდა უვადო შრომითი ხელშეკრულება. 2005 წლის 23 სექტემბრის ¹205 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა (განრიგი), რის საფუძველზეც ნ. ბ-ს V3 კლასში მიეცა ... ენისა და ლიტერატურის 7 საათი. ბრძანებაში მითითებული არ იყო, რომ ნ. ბ-სთან ხელშეკრულება დაიდო განსაზღვრული ვადით, ანუ აღნიშნული ბრძანება ვერ განიხილებოდა, როგორც ახალი შრომითი ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ძალაში იყო 2002 წლის 20 აგვისტოს უვადოდ დადებული ხელშეკრულება _ მის შეწყვეტამდე (ს.ფ. 70-75).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

2001 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის კლასიკურმა გი-იამ სამუშაოდ მიიწვია ნ. ბ-ე ერთ წლის ვადით _ ... ენის მასწავლებლის თანამდებობაზე, ხოლო 2002 წლის 20 აგვისტოს უვადო ხელშეკრულება გააფორმა უკანასკნელთან, ამჯერად, ... ენისა და ... ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნით. შემდგომში, ქვეყნის განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად გაუქმდა გი-იები და ა. წერეთლის სახელობის კლასიკური გი-ია გარდაიქმნა ჯერ ა. წერეთლის სახელობის ¹1 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლად, მოგვიანებით კი _ ა. წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლად.

2005-2006 სასწავლო წლის დაწყებისას სასწავლო ბადეში აღარ იყო შეტანილი ... ლიტერატურისა და ... ენის სწავლება. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში მომუშავე ... ენისა და ... მასწავლებლები დაკმაყოფილებული იყვნენ საათობრივი დატვირთვით და იმავე საგანში დარჩა კიდევ გაუნაწილებელი საათები, ამიტომ სკოლის იმჟამინდელმა დირექტორმა რიგ პედაგოგებს (მათ შორის ნ. ბ-ს) მისცა გარკვეული რაოდენობის საათები მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში.

ნ. ბ-ე ცალკე ბრძანებით არ ყოფილა დანიშნული .... ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2002 წლის 20 აგვისტოს უვადოდ დადებული ხელშეკრულებით ნ. ბ-ე დანიშნული იყო არის ... ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ყველა პედაგოგს ეძლევა უპირატესი უფლება სკოლაში არსებული ვაკანსიების დასაკავებლად, მაგრამ თუ საამისოდ აქვს სათანადო კვალიფიკაცია და ამით არ ილახება სხვა ძირითადი მასწავლებლების კანონიერი უფლებები. გასაჩივრებული ბრძანება გამოიცა იმის გამო, რომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ნათელი იყო, რომ აღარ იქნებოდა თავისუფალი საათები და პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ძირითადი მასწავლებლები ... ენასა და ლიტერატურაში და ამის გამო ნ. ბ-ის გარდა გათავისუფლდნენ სხვა მასწავლებლებიცA(ს.ფ. 78-80).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის დავის საგანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში ნ. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულსამართლებრივს.

მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სუბიექტად. ვერც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიიჩნევა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.

ნ. ბ-ის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის მასწავლებლის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. ნ. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კანონთა კოდექსის ნორმებია, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი და 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული უფლება შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოზე სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლო განსჯადობის ზუსტად განსაზღვრას და განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს თაობაზე პირის ძირითადი უფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას.

მოცემულ შემთხვევაში საქმე განხილულია დარგობრივი განსჯადობის წესების დარღვევით, რის გამოც დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, 26-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მოთხოვნები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რის გამოც საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.