Facebook Twitter

ბს-65-65(2კ-08) 28 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჩ-ისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჩ-ემ 02.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის – 10897.22 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ........... დეპარტამენტის, ........ სამმართველოს ........ განყოფილების მთავარ სპეციალისტად. მოსარჩელე, შვილის შეძენის გამო, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილის 04.02.04წ. ¹01/03-02/06 ბრძანებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2004 წლის 25 იანვრიდან 2005 წლის 25 იანვრამდე იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში. უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 07.05.04წ. ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება ნ. ჩ-ემ გაასაჩივრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. რაიონული სასამართლოს 24.04.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 07.05.04წ. ¹1/03-01/310 ბრძანება და ნ. ჩ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 03.07.06წ. ¹კ-01/263 ბრძანებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის აპარატის ....... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა 2005 წლის 25 იანვრიდან 2006 წლის 3 ივლისამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 10987.22 ლარს, აქედან ხელზე გასაცემს 9589.56 ლარს. აღნიშნული დასტურდებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 01.08.06წ. ¹13/781 და 08.01.07წ. ¹13/05 ცნობებით (ს.ფ. 8-9).

ნ. ჩ-ემ სარჩელში ასევე მიუთითა, რომ მან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართა განცხადებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ სამინისტრომ უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე, რადგან კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.01.05წ. გადაწყვეტილებით სამინისტროს არ დაკისრებია განაცდური სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელემ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო სამსახურიდან მისი უკანონო გათავისუფლება დადგენილი იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

მოსარჩელემ 31.05.07წ. სასამართლოს სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.07წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ 10897.22 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 400 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.07წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა ნ. ჩ-ის სასარგებლოდ 2005 წლის 25 იანვრიდან 2006 წლის 6 მარტამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 41 ლარისა და სამართლებრივი (საადვოკატო) მომსახურების _ 400 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.01.05წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ........ დეპარტამენტის ........ სამმართველოს ......... განყოფილების მთავარი საპეციალისტის ან მის მის ტოლფას თანამდებობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 03.07.06წ. ¹კ-1/263 ბრძანების საფუძველზე, ნ. ჩ-ე 03.07.06წ. აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მინისტრის აპარატის ...... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ,,საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შიდა სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” (მოქმედებდა 19.04.04წ-მდე) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 13.05.2003წ. ¹01/01-01/45 ბრძანების თანახმად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ........ დეპარტამენტის ......... სამმართველოს ......... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 41 ლარს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნ. ჩ-ეს უნდა ანაზღაურებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი მის სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული, სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდში - 2005 წლის 25 იანვრიდან სამსახურში აღდგენის მომენტამდე _ 2006 წლის 3 ივლისამდე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2004 წლის 4 თებერვლიდან 2004 წლის 7 მაისამდე ნ. ჩ-ეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 89."ბ" მუხლის თანახმად, შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ხელფასი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების მომენტისათვის არსებული თანამდებობრივი სარგოს _ 41 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი (საადვოკატო) მომსახურების თანხის _ 400 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.11.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ჩ-ემ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

ნ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის _ 10897.22 ლარის ანაზღაურების დაკისრება. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემულ 01.08.06წ. ¹13/781 და 08.01.07წ. ¹13/05 ცნობებს, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა სახელფასო დავალიანება 10897,22 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ უნდა ანაზღაურდეს იძულებითი განაცდური თვეზე 41 ლარის ოდენობით და არა მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღიარებული და წერილობითი მტკიცებულებით დადასტურებული 10897.22 ლარი.

კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა საშტატო განრიგი, დამტკიცებული 31.03.05წ. ¹103-01/130 ბრძანებით, სადაც მთავარი სპეციალისტის ყოველთვიური ხელფასი სადავო პერიოდში შეადგენდა 400 ლარს, რომლის საფუძველზეც იქნა აღიარებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ მთლიანი დავალიანების სახით 10897.22 ლარი.

შესაბამისად, კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი, სასამართლომ უხეშად დაარღვია შრომითი უფლებები და უსაფუძლოდ უთხრა უარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე 10897.22 ლარის ოდენობით, რაც აღიარებული და წერილობითი მტკიცებულებით დადასტურებული იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1. მუხლის თანახმად, სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება მხარეს შეუძლია გაასაჩივროს ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. მოსარჩელეს ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა დაცული აქვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების ნაწილში, მაგრამ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან ბრძანების ბათილობასთან ერთად არ მოუთხოვია განაცდურის ანაზღაურება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა მოსარჩელისათვის საადვოკატო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.02.08წ. განჩინებით ნ. ჩ-ისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების გაცნობისა და განსახილველ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება. საკასაციო საჩივარებს არ გააჩნია _ წარმატების პერსპექტივა. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ვინაიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ. 13.09.07წ. გადაწყვეტილება, საქმეზე ¹ბს-171-160(კ-07)).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ-ისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.