ბს-656-623(კ-06) 22 მარტი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. ლ-მ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა პენსიის გადაანგარიშება და 2005 წლის 1 აგვისტოდან სარჩელის გადაწყვეტამდე მოპასუხისათვის ერთდროულად 700 ლარის გადახდის დაკისრება, ასაკის გამო მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობით _ 84 ლარის დარიცხვა, აგრეთვე მომავალში ყოველთვიურად პენსიის სახით 129 ლარის დანიშვნა.
მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა იმ საფუძვლებით, რომ წარმოადგენდა დიდი სამამულო ომის ინვალიდს, ინვალიდობის ჯგუფი დადგენილი ჰქონდა უვადოდ, 1981 წლის 29 იანვრიდან და ღებულობდა პენსიას 45 ლარის ოდენობით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსარჩელე უნდა დანიშვნოდა პენსია ასაკის გამო მასზე მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობის დარიცხვით, ანუ 84 ლარი. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალს არ მოუხდენია კანონში განხორციელებული ცვლილებების შესრულება (ს.ფ. 2-3).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ს. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ლ-ე იყო სამამულო ომის მე-3 ჯგუფის ინვალიდი, იგი ყოველთვიურად იღებდა პენსიას 45 ლარის ოდენობით. სასამართლოს განმარტებით, 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებულ იქნა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განისაზღვრა მე-3 ჯგუფის ინვალიდი 70 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილისათვის პენსიის ოდენობა 70 ლარით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ამოღებულ იქნა ამ კანონის მე-7 თავი, რომელიც მოიცავდა მე-60 მუხლს. შესაბამისად, გაუქმდა ომის ინვალიდობის გაზრდილ პენსიასთან ერთად მე-2 სახის პენსიის დანიშვნის წესი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა პენსიის 129 ლარის ოდენობით გადაანგარიშების შესახებ უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 38-39).
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ლ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის გასული პერიოდის პენსიის გადაანგარიშებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2005 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლის ნოემბრამდე 397 ლარის გადახდის დაკისრება.
აპელანტის მითითებით, პენსიის გადაანგარიშების მოთხოვნით მან მოპასუხეს მიმართა 2005 წლის 24 აგვისტოს, რაზედაც წერილობით აცნობეს, რომ მოახდენდნენ გადაანგარიშებას. ეს პასუხი გამოდინარეობდა ძალაში მყოფი, 2005 წლის 17 ივნისს მიღებული კანონიდან _ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, რომელიც 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში და რომლის თანახმად, ომის მონაწილეებს პენსია უნდა გადიდებოდათ. მითYუფრო, იმ დროისათვის მოპასუხეს ჰქონდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2005 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებები, რომლითაც უნდა მოეხდინა გადაანგარიშება. ეს გადაანგარიშება მოსარჩელესთან მიმართებაში, ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის თანახმად, უნდა დაწყებულიყო 1 სექტემბრიდან, ხოლო სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის უნდა მიეღო 1 აგვისტოდან (ს.ფ. 41-42).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით ს. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ლ-ე იყო ომის მე-3 ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც ინვალიდობა დადგენილი ჰქონდა უვადოდ და იღებდა პენსიას 45 ლარის ოდენობით. სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით ამოღებულ იქნა აღნიშნული კანონის მე-7 თავი (მოიცავდა მე-60 მუხლს), რომელიც ომის მონაწილეებისათვის, რომლებსაც შეუსრულდათ 70 წელი, ან I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის ითვალისწინებდა ორი სახის პენსიის მიღების უფლებას, ომის ინვალიდობის მიხედვით და ასაკის გამო. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი “სახელმწიფო პენსიის შესახებ”, რომლის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის “ა” ქვეპუნქტით 70 წელს გადაცილებული ომის ინვალიდებისათვის დაწესდა პენსიის ოდენობა 70 ლარი. ამდენად, დგინდებოდა, რომ ს. ლ-ს ორი სახის პენსიის მიღების უფლება ახალი კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული არ ჰქონია, ახალმა კანონმა კი გააუქმა ორი სახის პენსიის გაცემის უფლება. სასამართლოს მოსაზრებით, ს. ლ-ის მოთხოვნა 2005 წლის 1 ნოემბრამდე მიუღებელი 397 ლარის ანაზღაურების თაობაზე 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონზე მითითებით უსაფუძვლო იყო იმ ფაქტობრივი გარემოებებითაც, რომ აღნიშნული კანონი გავრცელდა აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და მოქმედებდა 2006 წლის 1 ივნისამდე, თუმცა ამ პერიოდში ამავე კანონის მე-60 მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო, რაც, ცხადია, ვერ წარმოშობდა პენსიის გაზრდილი ოდენობის ერთჯერადად გადახდის ვალდებულებას გასული დროისთვის (ს.ფ. 62-65).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ლ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, კონკრეტული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მან განცხადებით მიმართა სასამართლოს ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მიღებულ იქნა 2005 წლის 17 ივნისის ¹1671-1 კანონი. ამას ადასტურებდა საქმეში არსებული მოპასუხის წერილი, რომლითაც დაპირდნენ პენსიის გადაანგარიშებას. მითითებული კანონი ამოქმედდა 2005 წლის 1 აგვისტოდან და მოქმედებდა 2005 წლის 28 ოქტომბერს მიღებული ¹2992-11 კანონის ძალაში შესვლამდე. ეს უკანასკნელი კი ძალაში შევიდა სექტემბრის თვეში. აქედან გამომდინარე, 2005 წლის 17 ივნისის კანონის მოქმედების პერიოდში, რაც სამ თვეს მოიცავდა, მოპასუხეს ნამდვილად უნდა მოეხდინა მისი პენსიის გადაანგარიშება, ვინაიდან იმ პერიოდისათვის პენსიის გადაანგარიშების უფლება მოპოვებული ჰქონდა და მოთხოვნაც თავის დროზე წარადგინა (ს.ფ. 70-72).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ იგი განეკუთვნება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლების მქონე პირს (ომში მიღებული ჭრილობის შედეგად 1-ლი ან მე-2 ჯგუფის ინვალიდობის მქონე პირი ან ოფიცერი).
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.