ბს-656-628 (კ-08) 29 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. მ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. მ-მა, მიხეილ და ქ. ზ-ებმა 2005 წლის 17 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიმართ და მოითხოვეს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მატერიალური ზიანის: ე. მ-ის სასარგებლოდ _ 105960 ლარის (მათ შორის: იძულებითი განაცდურის _ 91560 ლარის; 1997 წლის 26 მაისს მშვიდობიან მიტინგზე მიყენებული ფიზიკური ზიანის შედეგად საავადმყოფოში და შემდგომი სამი თვის მანძილზე მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის; მშვიდობიან მიტინგზე მიყენებული ფიზიკური ზიანის შედეგად განპირობებული ოპერაციის ჩატარებისა და შემდგომი გამოკვლევა-მკურნალობისათვის _ 10000 ლარის; 2002 წლის 13 მაისს საცხოვრებელი ბინის დარბევისა და გაძარცვის შედეგად მიყენებული ზარალის _ 3900 ლარის), მ. ზ-ის სასარგებლოდ _ 7437 ლარის (მათ შორის: ავტომანქანის წართმევით მიყენებული ზარალის _ 6937 ლარის და შვილის _ ქ. ზ-ის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის), სულ 113397 ლარის, აგრეთვე, მორალური ზიანის _ 14 წლის მანძილზე პერმანენტული, სასტიკი, არაჰუმანური, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისათვის _ 300000 ლარის, სულ _ 920080 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს მთავრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ-ისა და მ. ზუ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ე. მ-ი და მ. ზ-ი აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელში მითითებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. მ-მა, მ. ზ-მა და ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ-ისა და მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. მ-ისა და მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. მ-მა, მ. და ქ. ზ-ებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ე. მ-ის, მ. და ქ. ზ-ების საკასაციო საჩივარი მ. და ქ. ზ-ების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების, მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, აგრეთვე, ე. მ-ის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ე. მ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად მ. და ქ. ზ-ების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებასა და მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, აგრეთვე, ე. მ-ის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა ე. მ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლში 2005 წლის 24 ივნისს დამატებულ მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევა-შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი თვლის, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულებითი ფორმები.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესაბამისად ე. მ-ი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს აპარატის (სადაც მოსარჩელე მუშაობდა) რეორგანიზაციის გამო. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული დადგენილება არ გაუქმებულა უკანონობის მოტივით და ის დღესაც კანონიერ ძალაშია.
კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს და თვლის, რომ სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა აღნიშნული მუხლით.
კასატორს მიაჩნია, რომ, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მ. ზ-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია იმ ნაწილში, რომლითაც ე. მ-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეების _ დ. ზ-ის, ს. ჭ-ას, თ. მ-ის, ბ. დ-ის, ა. ა-ას, ი. კ-ის და ლ. ც-ას ჩვენებების საფუძველზე დადგენილად ჩათვალა, რომ ე. მ-ი, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზ. გ-ას მომხრე და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი არაერთგზის იქნა დაკავებული და წარდგენილი პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია საქართველოს შსს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს 1992 წლის 9 აპრილს გაცემული ¹75/1 ცნობა, რომლის თანახმად იმავე წლის 7 აპრილიდან 9 აპრილამდე ე. მ-ი იმყოფებოდა შს სამმართველოს დროებითი მოთავსების საკანში, არასანქცირებულ მიტინგში აქტიური მონაწილეობისათვის. საქმეზე წარმოდგენგილი მტკიცებულებით – თბილისის ვაკის რაიონის ასამართლოს 1995 წლის 11 ივლისის ¹08 ცნობით, დადგენილი იყო, რომ ე. მ-მა გადაიხადა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 200000 კუპონის ოდენობით. საქმეში მოიპოვება ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული კლინიკის ავადმყოფის სტაციონალური სამედიცინო ბარათიდან ამონაწერი სადაც დადგენილია, რომ 1997 წლის 26 მაისს ავადმყოფი ე. მ-ი სასწრაფო დახმარების მანქანით მიყვანილ იქნა მთაწმინდის პოლიციის განყოფილებიდან, რა დროსაც ავადმყოფს აღენიშნებოდა გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი კეფის, წელის, მარცხენა ბეჭისა და ზედა კიდურის არეში, რაც, მისი გადმოცემით, დაეწყო პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ. იმავე ამონაწერში მითითებული ნეიროქირურგის დასკვნით კი დადგენილი იყო, რომ ავადმყოფს აღენიშნებოდა კეფის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ქალის შიდა წნევის მომატების სინდრომი და დაენიშნა წოლითი რეჟიმი 10 დღის განმავლობაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ე. მ-ის მიმართ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რადგან ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონით ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით; ამ ნორმის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოაქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული ცვლილებებითა და დამატებებით მთითებული კანონით მოქმედება გავრცელდა საქართველოს იმ მოქალაქეებზეც, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდგომ დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიაზე. იმავე ცვლილებებითა და დამატებებით კანონის მე-2 მუხლით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა – სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ ადამიანის უფლების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამარათლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში ჩპამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. 2005 წლის 24 ივნისის ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპერსიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, სადაც დაემატა მე-4 პუნქტი, თანახმად, პოლიტიკუროი რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსაურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას.
ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ე. მ-ი სწორად მიიჩნია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რადგან იმავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ-სა და მ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ე. მ-ი და მ. ზ-ი აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელში მითითებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ-სა და მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. მ-ისა და მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ე. მ-ის, მ. და ქ. ზ-ების საკასაციო საჩივარი მ. და ქ. ზ-ების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების, მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, აგრეთვე, ე. მ-ის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ე. მ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად მ. და ქ. ზ-ების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებასა და მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, აგრეთვე, ე. მ-ის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა ე. მ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მ. ზ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის სააპელაციო პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით არასწორად დატოვა უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ზ-ის სარჩელი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მ. ზ-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე;
3. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.