Facebook Twitter

ბს-657-624 (კ-06) 26 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

14.02.05წ. თ. მ-მ ლ. დ-ის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის სასაზღვრო ნაწილში იმსახურა 24 წელი და 8 თვე. 07.08.99წ. ნებაყოფლობით დატოვა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილი და შემდეგ ერთი წლისა და ერთი თვის მანძილზე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, 1987წ. სამხედრო ნაწილმა ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე, ¹4ა-ს მე-10 სართულზე გამოუყო 2 ოთახიანი ბინა ¹38. აღნიშნულ ბინაში იცხოვრა 12 წელი. 1999 წელს გაფართოების მიზნით გადასცეს მე-2 ბინა. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ მისი ქონების მფლობელი და სამართალმემკვიდრე გახდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი. მოსარჩელის განმარტებით, იძულებით დაატოვებინეს ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე ¹4ა-ს მე-10 სართულზე მდებარე ბინა ¹38, რომლის პრივატიზების სრული უფლება გააჩნდა. მხოლოდ რევოლუციის შემდეგ განახორციელა ბინის პრივატიზება, რომელშიც, მოსარჩელის განმარტებით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შესახლებული იყო მოპასუხე ა. დ-ის ოჯახი. თ. მ-ემ სადავო ბინიდან მოპასუხის გამოსახლება მოითხოვა (ს.ფ. 3-4).

09.03.05წ. მოპასუხე ლ. დ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ 17.11.97წ. დაიმეწყრა მისი სახლი. ქ. ბათუმის მერიის დადგენილებით მერიის ბალანსზე რიცხული ბინებიდან გამოეყო ქ. ბათუმში, ... ქ. 4ა-ს ¹38-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი, რის შემდეგ მის სახელზე გაიცა ბინის ფლობის ორდერი ¹..., რომლის ასლიც ჩააბარა საბინაო-საექსპლოატაციო კანტორას. ლ. დ-მ უკანონოდ მიიჩნია ქ. ბათუმის ¹5 მიკრორაიონის გამგეობასა და თ. მ-ს შორის გაფორმებული 12.08.04წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება შემდეგ გარემოებათა გამო:

შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, თ. მ-მ ნებაყოფლობით ჩააბარა ბინა რუსეთის სასაზღვრო ნაწილებს და გაფართოების მიზნით მიიღო 4 ოთახიანი ბინა ... ქუჩაზე. 12.08.04წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროს სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელს, ლ. დ-ის განცხადებით, ის წარმოადგენდა და ,,ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების შესაბამისად, სადავო ბინა მას, როგორც ბინის დამქირავებელს, უნდა გადასცემოდა. თ. მ-ე ბინის პრივატიზების დროს არც ბინის მფლობელი იყო და არც მოსარგებლე. შეგებებულმა მოსარჩელემ 12.08.04წ. ¹... პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხე ბათუმის მერიისათვის მასთან სადავო ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება მოითხოვა.

22.03.05წ. თ. მ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიის 12.12.02წ. ¹146 დადგენილებით საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსიდან მოიხსნა და მერიის კომუნალურ ფონდში ჩაირიცხა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹4ა-ს მე-8 სართულზე მდებარე ¹32 ბინა. დადგენილების მე-3 ნაწილით განისაზღვრა მერიის კომუნალურ ფონდში ჩარიცხულ ბინებში 1998-99 წლებში აჭარის მაღალმთიან რაიონებში სტიქიით დაზარალებული ოჯახების შესახლება და დანართ სიაში მიეთითა, რომ მოპასუხე ლ. დ-ე უნდა შესახლებულიყო ქ. ბათუმში, ... ქ. ¹43-ის 38-ე ბინაში, რომელიც მე-8 სართულზე მდებარეობდა და მისი ფართი 32 კვ.მ. იყო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მერიის დადგენილებით ლ. დ-ე შესახლებული იყო სულ სხვა ბინაში და არა მის ბინაში. მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიის სამმართველოს მიერ ლ. დ-ის სახელზე 04.03.03წ. ... ქ. 4ა-ში მდებარე ¹38 ბინაზე გაცემული ¹00653 ორდერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.05.05წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში მერიის საბინაო სამმართველოს მიერ ლ. დ-ის სახელზე 04.03.03წ. გაცემული ქ. ბათუმში, ... ქ. ¹4 ა-ში მდებარე ¹38 ბინის ორდერი, სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმყაოფილებაზე თ. მ-ს უარი ეთქვა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 01.08.04წ. თ. მ-ესა და ¹5 მიკრორაიონის გამგეობას შორის ქ. ბათუმში ... ქ. ¹4ა-ში მდებარე ¹38 ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ლ. დ-ისა და თ. მ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.05.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. მ-ემ სამოქალაქო კოდექის 156-ე მუხლის შესაბამისად თავისი ნებით შეწყვიტა მფლობელობა სადავო ნივთზე - ქ. ბათუმის ... ქ. ¹4ა-ში მდებარე ¹38 ბინაზე, რომელიც ბათუმის მერიის 12.12.02წ. ¹146 დადგენილების საფუძველზე გამოეყო სტიქიით დაზარალებულ ლ. დ-ის ოჯახს და ლ. დ-ის სახელზე 04.04.03წ. გაიცა ¹... ორდერი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების შესაბამისად, თ. მ-ე სადავო ბინის პრივატიზაციაზე არ იყო უფლებამოსილი პირი, ვინაიდან აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. 2000წ. 1 ნოემბრიდან თ. მ-ე სადავო ბინის დამქირავებელს არ წარმოადგენდა და ლ. დ-ე თავის ოჯახის წევრებთან ერთად შესახლებული იქნა გამოთავისუფლებულ ბინაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ბინა კვლავ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხებოდა და მისი წინასწარი თანხმობის გარეშე ქ. ბათუმის მერია არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა სადავო ბინა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბინის ორდერის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერიის 12.12.02წ. ¹146 დადგენილება, რომლის თანახმად ქ. ბათუმში ... ქ. ¹4ა-ს მე-8 სართულზე ¹32 ბინაში უნდა შესახლებულიყო აჭარის მაღალმთიან რაიონში სტიქიით დაზარალებული ლ. დ-ის ოჯახი. 16.01.03წ. აქტით დასტურდებოდა, რომ ლ. დ-ე შესახლდა ... ქ. ¹4ა-ში მდებარე ¹38 ბინაში, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხებოდა. 24.01.03წ. მომზადდა დადგენილების პროექტი ქ. ბათუმის მერიის 12.12.02წ. ¹146 დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც ლ. დ-ეს აღნიშნულ მისამართზე მე-10 სართულზე მდებარე ¹38 ბინა უნდა გადასცემოდა, თუმცა დადგენილების პროექტი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის მიერ დამტკიცებული არ ყოფილა. სადავო ორდერზე მითითებული მისამართი გადასწორებულია საბინაო სამმართველოს მიერ.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო ბინაში ლ. დ-ის შესახლების 16.01.03წ. აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, ხოლო ზაკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები. ტექნიკური შეცდომების გასწორება უნდა მოხდეს იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის, რაც, სააპელაციო პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება და ლ. დ-ის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა დასაბუთებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სადაოდ ხდიდა სააპელაციო განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა სადავო ბინიდან ლ. დ-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების თაობაზე და რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი. კასატორის განმარტებით, 12.08.04წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ზაკ-ის 70-ე მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმად, ბინის ორდერი ბინაში შესახლების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს მიერ ბათილად იყო ცნობილი ლ. დ-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერი.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილება. პრივატიზაციის დროს სადავო ბინა ეკუთვნოდა ქ. ბათუმის მერიას, რაც, კასატორის განმარტებით, დადასტურებულია 11.08.04წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით და 11.08.03წ. სარეგისტრაციო მოწმობით. საბინაო კოდექსის 69.4 მუხლის შესაბამისად, დამქირავებლის დროებით სხვა ადგილზე საცხოვრებლად გადასვლა არ იწვევდა საცხოვრებელ ბინაზე უფლების დაკარგვას.

კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორად დაეკისრა ლ. დ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება და გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი არ პასუხობს სსკ-ის 47-50 მუხლების მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.10.06წ. განჩინებით თ. მ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე.

თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ლ. დ-მ, რომელშიც აღნიშნა, რომ თ. მ-ემ საკუთარი ნებით დატოვა სადავო ბინა, რაც დასტურდება საბინაო სამმართველოს უფროსის ა. ვ-ის სახელზე წარდგენილი 01.11.2000წ განცხადებით. ლ. დ-ე თვლის, რომ საკასაციო საჩივრის განხილვით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არ შეიცვლება, არც მეცნიერული მიღწევებისათვის იქნება სამაგალითო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ასეთ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.