¹ბს-658-567-კ-04 12 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
განცხადების განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სს “...-ი” (მოსარჩელე); 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე); 3. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
განხილვის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 17 ივნისს სს “...-მ” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე და მიყენებული ზიანის _ 631955 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სს “..-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...-მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 10 ივლისის განჩინებით სს “...-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გააუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სს “...-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას სს “...-ის” სასარგებლოდ მიყენებული ზიანის _ 313936 ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და სს “...-მ” საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს.
2004 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განცხადება-შუამდგომლობით მიმართა და მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2004 წლის 28 ივლისის ¹26-4-5/3/1680 წერილის თანახმად, სს “...-ის” ამ საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის მოკვლევითი ღონისძიებები მიმდინარეობდა, რაც საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრებზე წარმოების შეჩერების საფუძველი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საკასაციო საჩივრებზე შეჩერდა წარმოება სისხლის სამართლის წესით წარმოებული ზემოაღნიშნული საქმის საბოლოოდ დასრულებამდე.
2007 წლის 28 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და საქმის წარმოების განახლება, ამასთანავე, ხსენებულმა სამსახურმა შუამდგომლობას დაურთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 19 ივნისის ¹12/4/8-767 პასუხი ამავე სამსახურის 2007 წლის 28 მაისის ¹16-01/10/4579 წერილზე, რომლის მიხედვითაც, ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ერიცხებოდა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელს, ხოლო სხვა მონაცემები ამ საქმესთან დაკავშირებით, ამავე სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს არ გააჩნდა. აღნიშნულმა სამსახურმა შუამდგომლობას ასევე დაურთო იმავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის 2007 წლის 17 მაისის ¹16-03/5/3/4-566 წერილი, რომლის თანახმად, 2004 წლის 20 აგვისტოს სს “...-ის” საქმიანობის ამსახველი მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ¹03596 სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სს “...-ის” სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2008 წლის 12 მარტს სს “...-ის” წარმომადგენელმა ი. ჟ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ მოცემულმა დავამ მოსარჩელე სს “...-თვის” დაკარგა ინტერესი, რის გამოც მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა მოსარჩელე სს “...-ის” მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო სს “...-ის” წარმომადგენელ ი. ჟ.-ის განცხადებას სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ხსენებული კოდექსის მე-3 მუხლის (დიდპოზიციურობის პრინციპი) შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად, თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგონ საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლენაა, რომლის მიხედვითაც მხარეები არა მარტო იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, არამედ მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი, ამასთან, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, ამ შემთხვევაში საკასაციო საჩივრები წარმოდგენილი აქვთ სამ კასატორს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, რომლის უფლებამონაცვლეა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) და სს “...-ს”, მაგრამ, ვინაიდან სს “...-ის” წარმომადგენელმა ი. ჟ.-მ (საქმეში წარმოდგენილია სარჩელზე უარის თქმის სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა _ ტ. 1, ს.ფ. 182) სარჩელზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზება, აღნიშნული, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სასამართლოს საპროცესო უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სს “...-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას სს “...-ის” სასარგებლოდ მიყენებული ზიანის _ 313936 ლარის გადახდა დაეკისრა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სს “...-ის” სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება მოსარჩელე სს “...-ის” მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ამასთან ერთად, საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “...-ის” წარმომადგენელ ი. ჟ.-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
3. სს “...-სა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) შორის დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.