¹ბს-658-627(კ-07) 9 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ-ე
სარჩელზე მოპასუხე - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 1 მაისს მ. წ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ მიუღებელი სახელფასო დანამატის გადახდის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2000 წლის 8 თებერვლიდან 2005 წლის 11 მარტამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.
1993 წლის სექტემბრიდან მინიჭებული ჰქონდა მოსამართლის მესამე საკვალიფიკაციო კლასი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამუშაოდ გადმოსვლამდე იღებდა სათანადო სახელფასო დანამატს.
უზენაეს სასამართლოში სამუშაოდ გადმოსვლისა და უზენესი სასამართლოდან პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტამდე (2005 წლის 11 მარტი) და მას შემდეგ 2005 წლის ბოლომდე (ვიდრე 2006 წლის 1 იანვრიდან სამოქმედოდ იქნებოდა შემოღებული 2005 წლის 23 დეკემბრის ახალი კანონი ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გადაწყდა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა და გაუქმდა საკვალიფიკაციო კლასზე სახელფასო დანამატის გადახდა) საკვალიფიკაციო კლასის სახელფასო დანამატი არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, დანამატის ოდენობის გაანგარიშებისა და ანაზღაურების თაობაზე ჯერ კიდევ 2006 წლის 17 იანვარს, შემდეგ კი, 14 მარტს მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საფინანსო სამეურნეო განყოფილებას, შემდეგ კი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
მოსარჩელის გაანგარიშებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის მესამე საკვალიფიკაციო კლასზე ყოველთვიური სახელფასო დანამატის სახით გასაცემი თანხა არის 26 ლარი, რაც 5 წელსა და 10 თვეზე გაანგარიშებით, საერთო ჯამში შეადგენს 1820 ლარს.
,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და წევრებს ეძლევათ დანამატები საკვალიფიკაციო კლასებისათვის და წელთა ნამსახურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მოსარჩელე ასევე მიუთითებდა საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, დანამატისა და დახმარებისაგან.
საკვალიფიკაციო კლასზე დანამატები, კანონის შესაბამისად, უნდა მიეღო 2005 წლის ბოლომდე, ვიდრე 2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილება არ შეიტანა ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში და არ გააუქმა ზემოთ მითითებული კანონის 30-ე მუხლი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1820 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპრცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს უზენაეს სასამართლოს მ. წ-ის სასარგებლოდ დაევალა 2003 წლის 1 მაისიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის თანამდებობრივ განაკვეთზე მესამე საკვალიფიკაციო კლასის დანამატის გადახდა 806 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილში მ. წ-ის მოთხოვნას ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს მოპოვებული ჰქონდა უფლება დარიცხვოდა თანამდებობრივ განაკვეთზე მოსამართლის მესამე საკვალიფიკაციო კლასის შესაბამისი დანამატი, რაც შეადგენდა 26 ლარს და ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2005 წლის 19 მაისის ¹35-პ 5 ბრძანების შესაბამისად, ეს დანამატი უნდა დარიცხვოდა ასევე სამიდღეშიო პენსიას, რომელიც განისაზღვრა მისი ხელფასის სრული ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მუშაობის პერიოდში საკვალიფიკაციო კლასის ფულადი დანამატი არ მიუღია და ეს დანამატი არც სამიდღეშიო პენსიაზე დარიცხვია, რასაც არც მოპასუხე უარყოფს.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ განაკვეთზე მესამე საკვალიფიკაციო კლასის შესაბამისი დანამატის 26 ლარის დარიცხვის უფლება წარმოეშვა იმ დღიდან, როდესაც იგი არჩეული იყო ამ თანამდებობაზე, კერძოდ, 2000 წლის 8 თებერვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს განმატებით, ვინაიდან მოსარჩელეს თანამდებობრივ განაკვეთზე მესამე საკვალიფიკაციო კლასისათვის შესაბამისი დანამატის დარიცხვა წარმოადგენდა მოპასუხის არა ერთდროულად, არამედ განსაზღვრული პერიოდის შესაბამისად, ანუ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას (მითითებულს არც მხარეები უარყოფენ) ასეთი ვალდებულების თითოეული შესრულების დარღვევა მოსარჩელისათვის ცალ-ცალკე წარმოშობდა მოთხოვნის უფლებას და ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი. მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა, რომ იგი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ არჩევის დღიდან არ იღებდა საკვალიფიკაციო კლასის დანამატს, ანუ მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000 წლის 8 თებერვლიდან, არჩევის დღიდან.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, 3 წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მ. წ-ეს საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000 წლის 8 თებერვლიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად. ამ მომენტიდან, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მოსარჩელემ უკვე იცოდა (ან უნდა სცოდნოდა), რომ მას საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატის მიღების უფლება ჰქონდა. საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატი წარმოადგენდა ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ხოლო ხელფასის გადახდა სახელმწიფოს მხრიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. ამიტომ მ. წ-ეს საკვალიფიკაციო კლასისათვის მიუღებელი დანამატის გადახდა უნდა მოეთხოვა 2000 წლის 8 თებერვლიდან (უზენაესი სასამართლოს წევრად არჩევიდან) 3 წლის განმავლობაში, მან კი სასამართლოს სარჩელით მიმართა 2006 წლის 1 მაისს, ე.ი. 6 წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ.
აპელანტის განმარტებით, არასწორია თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საკლასო დანამატისათვის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ათვლის მომენტად ცალ-ცალკე პერიოდების (თვეების) მიხედვით განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას დარღვეული უფლების შეტყობის მომენტს უკავშირებს. ვინაიდან მ. წ-ეს 2000 წლის 8 თებერვლიდან წარმოეშვა საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატის მიღების უფლება და ამ მომენტიდან უკვე იცოდა ამის შესახებ, ამიტომ მის მიერ დანამატის მოთხოვნის მთელ პერიოდზე, კერძოდ, 2000 წლის 8 თებერვლიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა და მოსარჩელეს მთლიანად უნდა ეთქვას უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტის მოსაზრებით, მ. წ-ეს კიდევაც რომ ეკუთვნოდეს საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატი, მაინც არასწორია მის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოსათვის 2005 წლის 11 მარტიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე (ე.ი. უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ) პერიოდის დანამატის გადახდის დაკისრება, ვინაიდან 2005 წლის 11 მარტიდან მ. წ-ე იღებდა არა ხელფასს, არამედ პენსიას. 2004 წლის 16 სექტემბერს “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-40 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პენსიების გაცემაში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა უნდა განახორციელოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 მაისის ¹603 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა დებულება “საკვალიფიკაციო კლასის მქონე მოსამართლეებისათვის წელთა ნამსახურობისათვის თანამდებობრივ განაკვეთებზე პროცენტული დანამატის გაცემის წესის შესახებ”.
აღნიშნული დებულების შესაბამისად, აპელანტის მითითებით, უზენაეს სასამართლოში იქმნებოდა კომისია, რომელიც იხილავდა უზენაესი სასამართლოს წევრებისათვის როგორც წელთა ნამსახურობისათვის, ასევე საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატის დანიშვნის საკითხს. საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატის მისაღებად აუცილებელი იყო უზენაესი სასამართლოს წევრის (მოსამართლის) მიმართვა კომისიისათვის, საკვალიფიკაციო კლასის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა და დანამატის მოთხოვნა. ასეთი წესით ჰქონდათ დანიშნული საკვალიფიკაციო კლასის დანამატი უზენაესი სასამართლოს რამდენიმე წევრს.
მართალია, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის 1993 წლის 27 სექტემბრის ¹83 ბრძანებით მ. წ-ეს მიენიჭა მოსამართლის მესამე საკვალიფიკაციო კლასი, მაგრამ მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის პერიოდში ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უზენაესი სასამართლოსათვის არ წარუდგენია და არც დანამატის დანიშვნა მოუთხოვია და ამის არანაირი მტკიცებულებები მოსარჩელის პირად საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა, რომ მ. წ-ეს მინიჭებული ჰქონდა საკვალიფიკაციო კლასი. მოსარჩელემ საკვალიფიკაციო კლასის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, იუსტიციის მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება უზენაეს სასამართლოში წარადგინა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მაშინ, როდესაც 2006 წლის 1 იანვრიდან განსხვავებულად მოწესრიგდა უზენაესი სასამართლოს წევრებისათვის ხელფასის განსაზღვრის საკითხი, რის გამოც აღარ არსებობდა არც საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატის მიმცემი კომისია და უზენაესი სასამარლოს წევრის ხელფასიც განისაზღვრა ერთ მთლიან თანხად. ამის გამო, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ვეღარ მოხდებოდა მ. წ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ საკვალიფიკაციო კლასისათვის დანამატის მიცემის საკითხზე მსჯელობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას უზენაესი სასამართლოსათვის მ. წ-ის სასარგებლოდ 2003 წლის 1 მაისიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის მიხედვით საკვალიფიკაციო კლასის დანამატის _ 806 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2006 წლის 26 ოქტომბერს მ. წ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოსთვის დამატებით 2003 წლის მარტისა და აპრილის თვეების საკვალიფიკაციო კლასის დანამატის _ 52 ლარის გადახდის დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას 2007 წლის 9 თებერვლის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა საკვალიფიკაციო კლასის დანამატის გადახდა 2003 წლის 14 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, 2006 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებით, 2005 წლის 11 მარტიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე მ. წ-მი საკვალიფიკაციო კლასის დანამატის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლო მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ და შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილთან მიმართებაში საქმეში ჩაება მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. წ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაევალა მ. წ-ის სასარგებლოდ 2003 წლის 14 მარტიდან 2005 წლის 11 მარტამდე პერიოდის თანამდებობრივ განაკვეთზე მესამე საკვალიფიკაციო კლასის დანამატის გადახდა, თვეში 26 ლარის ოდენობით. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მ. წ-ის სასარგებლოდ 2005 წლის 11 მარტიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის თანამდებობრივ განაკვეთზე მესამე საკვალიფიკაციო კლასის დანამატის გადახდა, თვეში 26 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ვერ გაიზიარებდა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2006 წლის 1 მაისს, როდესაც მ. წ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება იმ შემთხვევაშიც, თუ უფლებამოსილი პირი შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ისეთი საშუალებით, როგორიცაა მოთხოვნის არსებობის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვა.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით და საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მ. წ-ემ ასეთი განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2006 წლის 14 მარტს მიმართა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მ. წ-ის მოთხოვნა 2003 წლის მარტის ნახევრისა და აპრილის თვის თანამდებობრივ განაკვეთზე მესამე საკვალიფიკაციო კლასის დანამატის გადახდის ნაწილში ხანდაზმული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, 2003 წლის 1 მაისიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის თანამდებობრივ სარგოზე საკვალიფიკაციო კლასის დანამატის გადახდის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად დაეთანხმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის პოზიცია, რომ 2003 წლის 14 მარტიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის თანამდებობრივ სარგოზე საკვალიფიკაციო კლასის დანამატის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ხანდაზმული არ იყო და დამატებით აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი იყო აპელანტის მოსაზრება საკვალიფიკაციო კლასის დანამატის მისაღებად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილი მუშაობის სტაჟის დამდგენი კომისიისადმი დანამატის მიღების უფლების მქონე მოსამართლეთა მხრიდან მიმართვის ვალდებულების არსებობის შესახებ, რადგან ასეთი ვალდებულების არსებობა არც ერთ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არ დასტურდება. აღნიშნულს არ ითვალისწინებს არც აპელანტის მიერ მითითებული საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 მაისის ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულება “საკვალიფიკაციო კლასის მქონე მოსამრთლეებისათვის წელთა ნამსახურობისათვის თანამდებობრივ განაკვეთზე პროცენტული დანამატის გაცემის წესის შესახებ". აღნიშნული დებულება საკვალიფიკაციო კლასის მქონე მოსამართლეების მიერ წელთა ნამსახურობისათვის თანამდებობრივ განაკვეთზე პროცენტული დანამატის მისაღებად ადგენს საჭირო მუშაობის სტაჟის გამოთვლის წესს. მუშაობის სტაჟის დამდგენი კომისიაც, ამავე დებულების მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული სტაჟის გამოთვლის მიზნით შეიქმნა.
თავად საკვალიფიკაციო კლასის დანამატის ოდენობა გამოითვლებოდა შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან მისი თანაფარდობის კოეფიციენტით, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრული იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის ¹824 დადგენილების ¹8 დანართით და მესამე საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლეებისათვის შეადგენდა 1,3-ს, ამრიგად, აღნიშნული დანამატის ოდენობის გამოსათვლელად მუშაობის სტაჟის დადგენა საჭირო არ იყო, და შესაბამისად, არც მუშაბის სტაჟის დამდგენი კომისიისადმი მიმართვის ვალდებულება არსებობდა; ხოლო აპელანტის არგუმენტები, საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღნიშნული დანამატის კომისიის გადაწყვეტილებით დანიშვნის მრავალწლიანი პრაქტიკის შესახებ, ასეთი ვალდებულების არსებობის სამართლებრივ საფუძვლად მიჩნეული ვერ იქნება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ასევე აპელანტის პოზიცია, რომ მან არ იცოდა და არც ეცოდინებოდა მ. წ-მი მესამე საკვალიფიკაციო კლასის მინიჭების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან შექმნილი მუშაობის სტაჟის დამდგენი კომისიის 2001 წლის 12 იანვრის ¹1 ოქმით დასტურდება, რომ “საკვალიფიკაციო კლასის მქონე მოსამართლეებისათვის წელთა ნამსახურობისათვის თანამდებობრივ განაკვეთზე პროცენტული დანამატის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 მაისის ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, კომისიამ უზენაესი სასამართლოს წევრს _ მ. წ-ეს განუსაზღვრა თანამდებობრივ განაკვეთზე პროცენტის დანამატი წელთა ნამსახურობისათვის. აღნიშნული დანამატი, ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, ენიშნებათ მხოლოდ საკვალიფიკაციო კლასის მქონე მოსამართლეებს, რაც ადასტურებს, რომ 2001 წლის 12 იანვრისათვის საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მასთან არსებულ მუშაობის სტაჟის დამდგენ კომისიას უკვე ჰქონდა ინფორმაცია მ. წ-ის საკვალიფიკაციო კლასის შესახებ.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელისათვის 2005 წლის 11 მარტიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის დანამატის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, რადგან 2005 წლის 11 მარტიდან მ. წ-ეს შეუწყდა უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება და ამ დღიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში იგი იღებდა პენსიას ხელფასის სრული ოდენობით, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, რომელშიც შედიოდა, როგორც თანამდებობრივი სარგო, ისე კანონით გათვალისწინებული დანამატი. აღნიშნულ პენსიას გასცემდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. საკვალიფიკაციო კლასის დანამატის გაცემაც, რომელიც 2005 წლის 11 მარტიდან უკვე მ. წ-ის პენსიის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, უნდა განეხორციელებინა საქართველოს ერთიან სახელმწიფო ფონდს, რომელიც “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის, როგორც სადავო პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, წარმოადგენს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პენსიების გაცემაში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვაზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის 1993 წლის 27 სექტემბრის ¹83 ბრძანებით მ. წ-ეს მიენიჭა მოსამართლის მე-3 საკვალიფიკაციო კლასი.
საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 8 თებერვლის ¹132-IIს დადგენილებით მ. წ-ე არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2000 წლის 18 თებერვლის ¹5 ბრძანებით შეუდგა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.
საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის ¹1108- Iს დადგენილებით მ. წ-ეს ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2005 წლის 19 მაისის ¹35-პ &5 ბრძანებით, 2005 წლის 11 მარტიდან დაენიშნა სამისდღემშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.
2006 წლის 01 მაისს მ. წ-ემ სასარჩელო განცხადების საფუძველზე მოითხოვა საკვალიფიკაციო კლასისათვის განსაზღვრული სახელფასო დანამატის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიიჩნია, რომ მ. წ-ის მოთხოვნა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო პერიოდულად შესასრულებელ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების ათვლის ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს: ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და თითოეული მათგანისათვის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლა იწყება დამოუკიდებლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაეწყო 2000 წლის 8 თებერვლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც მ. წ-ე არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად.
იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით განისაზღვრა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და წევრებს ეძლევათ დანამატი საკვალიფიკაციო კლასისათვის და წელთა ნამსახურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 23.12.05 წლის ¹2479 ორგანული კანონის საფუძველზე ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონიდან ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული 30-ე მუხლი და შესაბამისად, გაუქმდა საკვალიფიკაციო კლასზე სახელფასო დანამატის გადახდის წესი. მითითებული კანონი ამოქმედდა 2006 წლის 01 იანვრიდან.
ამდენად, საკვალიფიკაციო კლასზე სახელფასო დანამატის მიღების უფლების დამდგენი ნორმა არსებობდა 2006 წლის 01 იანვრამდე. მ. წ-ემ საკვალიფიკაციო კლასზე სახელფასო დანამატის გაანგარიშებისა და გადახდის მოთხოვნით ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2006 წლის 14 მარტს (იმავე წლის 17 იანვრის მიმართვა მსგავს მოთხოვნას არ შეიცავს), ხოლო სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2006 წლის 01 მაისს.
საგულისხმოა, რომ მ. წ-ეს მისი უფლების რეალიზაცია არ მოუხდენია კანონის მოქმედების პერიოდში, ამდენად, კანონით მინიჭებული უფლება მისი არსებობის პერიოდში ( 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით განხორციელებულ ცვლილებამდე) მოსარჩელის მიერ გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტისათვის არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მას შემდეგ, რაც ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებათა შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განხორციელებული ცვლილებით გაუქმდა იმავე კანონის 30-ე მუხლი, შესაბამისად, გაუქმდა სახელფასო დანამატის მიღების უფლება, რაც ნიშნავს ამ უფლების შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობის გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს: კანონით მინიჭებული უფლების არსებობა არ ავალდებულებს პირს გამოიყენოს ეს უფლება. ამ შემთხვევაში წინაა წამოწეული ნების პრეზუმფცია, რაც ემყარება პირის ავტონომიურობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და ნიშნავს იმას, რომ პირს შეუძლია ეს უფლება გამოიყენოს ან უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე. იმავდროულად არსებითია, რომ უფლების რეალიზების მოთხოვნა დროში ემთხვეოდეს უფლების არსებობის მომენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნას ეცლება კანონისმიერი საფუძველი, რასაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადგილი აქვს წინამდებარე შემთხვევაში.
აღნიშნული გარემოების მტკიცების საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის პერიოდში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა საკანონმდებლო ნორმა, რაც მას მისცემდა მოთხოვნილი დანამატის გაცემის შესაძლებლობას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონის ნორმის მოქმედების პერიოდში მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, არ წარმოშობია მისი რეალიზების უპირობო ვალდებულება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. წ-ის მოთხოვნას სარჩელის წარდგენის პერიოდში არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი რაც იძლევა მისი სარჩელის უარყოფის საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას, იმსჯელოს ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული თანხის კანონიერებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მურმან წიქავაძის სასარგებლოდ 2003 წლის 14 მარტიდან 2005 წლის 11 მარტამდე პერიოდის თანამდებობრივ განაკვეთზე მესამე საკვალიფიკაციო კლასის დანმატის თვეში 26 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის საკვალიფიკაციო კლასის დანამატის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.