¹ბს-660-627(კ-06) 10 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ნ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები: 1. მ. ბ-ე; 2. მ. გ-ია; 3. მ. თ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 იანვარს ი. ნ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹320 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹320 ბრძანებით გათავისუფლდა ამავე სამინისტროს სპორტის, რეგიონალური მართვისა და მასობრივი სპორტის განყოფილების .... თანამდებობიდან. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ბრძანება იყო უკანონო, რადგან იგი მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, კერძოდ, მასში საერთოდ არ იყო მითითებული გასაჩივრების უფლების შესახებ, ანუ ორგანო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი გასაჩივრება, ხსენებული ორგანოს მისამართი და გასაჩივრების ვადა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ დასახელებული ბრძანების გამოცემისას ასევე დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი _ მასში არ იყო აღნიშნული მისი მიღების ადგილი.
მოსარჩელის განმარტებით, მისი გაფრთხილება სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან აღნიშნულის თაობაზე იგი გააფრთხილეს 2005 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც არ არსებობდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რაიმე აქტი და შესაბამისი დადგენილება მხოლოდ 2005 წლის 29 ნოემბერს იქნა მიღებული.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამუშაოდან მისი გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების დარღვევით, კერძოდ, იგი გაათავისუფლეს პროფკავშირის თანხმობის გარეშე, ამასთან, მოპასუხეს არ უმსჯელია სამუშაოზე მისი დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ. მოსარჩელე იყო უმაღლესი განათლების მქონე _ დამთავრებული ჰქონდა საქართველოს სპორტის აკადემიის ასპირანტურა. მოსარჩელის მითითებით, მართალია, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეორგანიზაცია მოხდა, მაგრამ სპორტის დარგის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა გადანაწილდა ღონისძიებათა დაგეგმვისა და ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტში.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია თავისთავად არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, მოცემულ შემთხვევაში კი მისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹320 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუნდაც გაუქმებულიყო მოსარჩელის შტატი, რეორგანიზაციის შემთხვევაში, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, ი. ნ-ე ამ მიზეზით გაეთავისუფლებინა სამუშაოდან, ვიდრე არ შესთავაზებდა სხვა სამუშაოს, ანდა არ იმსჯელებდა სამუშაოზე დარჩენის მისი უპირატესი უფლების შესახებ, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები _ მოსარჩელეს არ შესთავაზეს სხვა სამუშაო და ასევე არ იმსჯელეს სამუშაოზე დარჩენის მისი უპირატესი უფლების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება ი. ნ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ბ-ე და მ. გ-ია, ხოლო აღნიშნული პალატის 2006 წლის 8 ივნისის განჩინებით, ხსენებული ნაწილით, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. თ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ნ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტში ..... თანამდებობაზე; მასვე აუნაზღაურდა გათავისუფლების დღიდან (2005 წლის 15 დეკემბრიდან) სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენის დღემდე იძულებით განაცდური _ ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე დამტკიცებულ იქნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება, რომელიც ითვალისწინებდა ხსენებული სამინისტროს სტრუქტურულ, ფუნქციურ რეორგანიზაციასა და თანამშრომელთა რაოდენობის 79-დან 49-მდე შემცირებას. 2005 წლის 15 დეკემბრის ¹476 ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც სხვა საშტატო ერთეულებთან ერთად გაუქმდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამმართველოს რეგიონალური მართვისა და მასობრივი სპორტის განყოფილება, სადაც ი. ნ-ე მუშაობდა .... თანამდებობაზე. ამ საფუძვლით მოსარჩელე (აპელანტი) იმავე დღეს ¹320 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით აღნიშნული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში, რადგანაც მხარეების მიერ იგი არ გასაჩივრებულა. რაც შეეხებოდა ი. ნ-ის სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, ამ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს დაავალა სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, მიეკუთვნებინა თავისი გადაწყვეტილებით მახარისათვის ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ი. ნ-ე თავისი სარჩელით მოითხოვდა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, მას არ მოუთხოვია სადავო საკითხთან დაკავშირებით, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ წესს სასამართლო გამოიყენებდა იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მხარედ ამ შემთხვევაში მიიჩნეოდა მოსარჩელე, რომლის კანონიერ ინტერესს (მიზანს) წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სადავო საკითხის (სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ანუ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის ბათილად ცნობისათვის მხარე არ ითხოვდა საქმის გარემოებების დამატებით, არსებითად გამორკვევასა და ახალი აქტის გამოცემას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გასცდა სასამართლო მოთხოვნების ფარგლებს, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და არასწორად განმარტა იგი.
სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის თანახმად (რომელსაც გააჩნდა პრეიდიციული ძალა), დადგენილად იყო მიჩნეული, რომ ი. ნ-ის გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც ¹320 ბრძანება მიიჩნია უკანონოდ და ბათილად ცნო, ჩათვალა, რომ ი. ნ-ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხევვაში ასევე დარღვეული იყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 371-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა შრომის ხელშეკრულების მოშლას დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირის წინასწარი თანხმობის გარეშე. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის 2006 წლის 5 აპრილის ¹21 წერილით დასტურდებოდა, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან 2005 წელს ფუნქციონირებდა პროფკავშირული ორგანიზაცია. ი. ნ-ის გათავისუფლება პროფკავშირთან შეთანხმებული არ ყოფილა. კანონის აღნიშნული ნორმის დარღვევა კი იყო გათავისუფლებული მუშაკის სამუშაოზე აღდგენის ერთ-ერთი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად ჩათვალა და აღნიშნა, რომ მხარეთა დავას არ იწვევდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სპორტის დარგის მთავარი და ..... (რომელიც ეკავა გათავისუფლებამდე მოსარჩელეს) თანამდებობები გადანაწილდა ღონისძიებათა დაგეგმვისა და ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტი სხვა ფუნქციებთან ერთად ახორციელებდა სპორტულ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ნ-ე, როგორც უმაღლესი განათლების მქონე სპორტის სფეროში და ასპირანტურადამთავრებული, თავისი კვალიფიკაციით აკმაყოფილებდა მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტის .... დადგენილ მოთხოვნებს და, შესაბამისად, ადმინისტრაციას გათავისუფლებამდე მისთვის უნდა შეეთავაზებინა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია როგორც საპროცესო, ისე მატერიალური სამართლის ნორმები. 2006 წლის 7 ივნისს, საქმის განხილვისას, სასამართლომ მხარეებს დაავალა სასამართლოსათვის საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ასევე, აღნიშნული საქმის განხილვის პროცესში მესამე პირებად ჩართო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები და საქმის განხილვა ამ საფუძვლით გადადო 2006 წლის 13 ივნისისთვის, ხოლო 2006 წლის 13 ივნისს, დილით, აპელანტმა კასატორს აცნობა, რომ მას დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული საქმის განხილვა გადადებული იყო 2006 წლის 14 ივნისისთვის. 2006 წლის 14 ივნისს, როდესაც ორივე მხარე გამოცხადდა სასამართლოში, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეზე გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება მხარეთა დაუსწრებლად, თუმცა 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მხარეთა დაუსწრებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა საპროცესო უფლებები, ამასთან, გადაწყვეტილება ისე განმარტა, რომ არ შეუსწავლია საქმის გარემოებები და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება, რომელიც ითვალისწინებდა სამინისტროს სტრუქტურულ და ფუნქციურ რეორგანიზაციას. 2005 წლის 15 დეკემბრის ¹476 ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც სხვა საშტატო ერთეულებთან ერთად, გაუქმდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამმართველოს რეგიონალური მართვისა და მასობრივი სპორტის განყოფილება, სადაც მუშაობდა აპელანტი. ხსენებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციამ გამოიწვია არა მარტო რეგიონალური მართვისა და მასობრივი სპორტის განყოფილების გაუქმება, არამედ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამმართველოს მთლიანად გაუქმება. აქედან გამომდინარე, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებით. აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა 76 საშტატო ერთეულიდან შემცირდა და განისაზღვრა 49 საშტატო ერთეულით. “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. კანონის აღნიშნული მოთხოვნის შესრულება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან რეორგანიზაციამდე არსებული შტატების რაოდენობა მეტი იყო რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილი შტატების რაოდენობაზე. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტში, სადაც აღდგენილ იქნა ი. ნ-ე, არ დანიშნულა არც ერთი ახალი კადრი, ხოლო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დეპარტამენტის თანამშრომელთა შერჩევა მოხდა ისევ იმავე სამინისტროს თანამშრომელთაგან, მათი კვალიფიკაციისა და პროფესიის გათვალისწინებით, ნაწილი თანამშრომლებისა კი დასაქმდა სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში. ი. ნ-ეს კასატორმა არაერთხელ შესთავაზა სამუშაო სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, რაზედაც ის ყოველთვის ამბობდა უარს (საქმეში არსებობს ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება). ამასთან, უსაფუძვლოა მტკიცება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის შესახებ, რადგან აღნიშნული მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფში არსებული, ფუნქციურად მსგავსი ტოლფასოვანი შტატების შემცირება და დარჩენილის იგივე ფუნქციური დატვირთვით შენარჩუნება. მოცემულ შემთხვევაში კი გაუქმდა არა მარტო მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა, არამედ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამმართველო მთლიანად.
კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც სარჩელით, ისე სააპელაციო საჩივრით ი. ნ-ემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და არ მიუთითა კონკრეტულ თანამდებობაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და მხარეს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, კერძოდ, სასამართლოს მიერ ი. ნ-ე აღდგენილ იქნა მოპასუხე სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირებისა და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტში, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი სამართლებრივი აქტებით იხელმძღვანელა. კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის დროს მუშა, ან მოსამსახურე წინანდელ სამუშაოზე უნდა აღედგინა შრომითი დავის განმხილველ ორგანოს. კასატორი აღნიშნავს, რომ, რადგან გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებულ სამუშაო ადგილს არ წარმოადგენდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირებისა და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტის .... თანამდებობა, გადაწყვეტილება ი. ნ-ის აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უკანონოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 20 დეკემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 10 იანვარს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ, ვინაიდან აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არ გაუსაჩივრებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹320 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, იგი, ფაქტობრივად, დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹320 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, რის გამოც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ი. ნ-ის აღდგენა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტში ..... თანამდებობაზე და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მისთვის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. ნ-ე მუშაობდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სპორტის, რეგიონალური მართვისა და მასობრივი სპორტის განყოფილების ..... თანამდებობაზე. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹320 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება, რომელიც ითვალისწინებდა ხსენებული სამინისტროს სტრუქტურულ, ფუნქციურ რეორგანიზაციასა და თანამშრომელთა რაოდენობის 76-დან 49-მდე შემცირებას. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹476 ბრძანებით დამტკიცდა ამავე სამინისტროს ცენტრალური აპარატის ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც გაუქმდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამმართველოს რეგიონალური მართვისა და მასობრივი სპორტის განყოფილება, სადაც ი. ნ-ე მუშაობდა .... თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც კასატორი მიუთითებს, გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებულ სამუშაო ადგილს არ წარმოადგენდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირებისა და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ..... თანამდებობა, რის გამოც გადაწყვეტილება ი. ნ-ის აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უკანონოა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მიერ ი. ნ-ის პირდაპირ აღდგენას აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ..... თანამდებობაზე იმ მოტივზე მითითებით, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტი სხვა ფუნქციებთან ერთად, ახორციელებს სპორტულ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციას, ხოლო ი. ნ-ე, როგორც უმაღლესი განათლების მქონე სპორტის სფეროში და ასპირანტურადამთავრებული, თავისი კვალიფიკაციით აკმაყოფილებს მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ..... დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტი სხვა ფუნქციებთან ერთად ახორციელებდა სპორტულ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციას, ანუ სააპელაციო პალატამ, ფაქტობრივად, აღნიშნა, რომ ი. ნ-ის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა ფუნქციონალურად შეესაბამებოდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების, ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობებისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ..... თანამდებობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, რასაც ითვალისწინებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ახალი საშტატო განრიგით მანამდე არსებული თანამდებობის გაუთვალისწინებლობა და აღნიშნული თანამდებობის შესაბამისი ფუნქციების მქონე სხვა თანამდებობის გათვალისწინება, ერთი მხრივ, ნიშნავს არა მანამდე არსებული თანამდებობის კვლავ შენარჩუნებას, ანუ მის არსებობას სხვა სახელწოდებით, არამედ _ შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის შემოღებას, ანუ ძველი და ახალი თანამდებობების ფუნქციების იგივეობა არ აფუძნებს ხსენებული თანამდებობების იდენტურობას და ამდენად, მეორე მხრივ, მოსარჩელის ფუნქციონალურად შესაბამის ახალ თანამდებობაზე აღდგენა ვერ ჩაითვლება მის მიერ მანამდე დაკავებულ, იმავე თანამდებობაზე აღდგენად. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატა შეიჭრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში _ ი. ნ-ე, ფაქტობრივად, მის მიერ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღადგინა, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და წინანდელი თანამდებობის არარსებობის გამო, მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხი თვით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, რადგან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ნ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, რომლის დროსაც მან უნდა გამოარკვიოს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული აღნიშნული სამინისტროს აპარატში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ არის სხვა სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალება მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ნ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე და ი. ნ-ის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება გასაჩივრებული ბრძანების გამოცემიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ნ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე;
4. ი. ნ-ეს აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი გასაჩივრებული ბრძანების გამოცემიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.