ბს-663-635(კ-08) 11 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 30 სექტემბერს დ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფასების სახელმწიფო კომიტეტში სოფლის მეურნეობის ...-ში ეკონომისტად, შემდეგ უფროს ეკონომისტად, განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 1990-1991 წლებში ფასების კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროსა და საგეგმო კომიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განყოფილების უფროსად, 1998 წლიდან კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ...-ის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, დ. მ.-ე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის სამმართველოში კონსულტანტის თანამდებობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 1 აგვისტოს მიიღო გაფრთხილება სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ხოლო 2004 წლის 1 სექტემბერს ჩააბარეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹ვ-1640 ბრძანება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელემ ხსენებული ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ იგი გათავისუფლდა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძვლით, მაშინ, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არ მომხდარა შტატების შემცირება.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლებისას დარღვეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშნულიყო, რაც მოსარჩელის შემთხვევაში არ განხორციელებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემრის ¹პ-1640 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დ. მ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1640 ბრძანება დ. მ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დ. Mმ.-ის სასარგებლოდ, გათავისუფლებიდან მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი აქტის გამოცემამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1640 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასევე დაეკისრა დ. მ.-თვის გათავისუფლებიდან ახალი აქტის გამოცემამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹ვ-1640 ბრძანებით დ. მ.-ე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის სამმართველოში კონსულტანტის თანამდებობიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო. რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით ბრძანება მიღებულ იქნა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის ¹60 დადგენილების შესრულების მიზნით. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს კი წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹565 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის ¹60 დადგენილების თანახმად, ხსენებული სამინისტროს დებულებაში შევიდა ცვლილება და მე-8 მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ამოღებულ იქნა 5 სტრუქტურული ქვედანაყოფი, მათ შორის _ სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტი. ხსენებული დადგენილების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2004 წლის 27 აგვისტოს მიღებულ იქნა ¹565 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულ იქნა ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა 36 საშტატო ერთეულით. ხსენებული ბრძანება ამოქმედდა 2004 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო დ. მ.-ს აღნიშნული ბრძანება სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია, შესრულდა თუ არა სამსახურის ადმინისტრაციის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე იმ დროს მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ადმინისტრაციის ვალდებულება დათხოვნამდე გასათავისუფლებელი პირისათვის შეეთავაზებინა სხვა სამუშაო. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გამოკვლევისა და ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად დაადგინა, რომ დ. მ.-ის მიმართ ასეთი შეთავაზება არ განხორციელებულა. ამასთან, ადმინისტრაციამ არ გამოიკვლია და არ დაასაბუთა ის პირობები და გარემოებები, რომლებიც დ. მ.-ს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას მიანიჭებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹ვ-1640 ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რის საფუძველზეც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაკისრებოდა მოცემული საკითხისადმი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. დ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ამდენად, განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. მაშინ როდესაც, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნა, რამდენადაც დ. მ.-ე ისე იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან, რომ მისთვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხსენებული მუხლის იმავე ნაწილის თანახმად, სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელის კანონით დადგენილი უფლების _ შრომის უფლების შეზღუდვის შემთხვევა, რადგან არ იქნა გათვალისწინებული დ. მ.-ის კანონით დადგენილი უფლება მიეღო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეთავაზება და მისი სურვილის შემთხვევაში, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მხარის გადაუდებელ კანონიერ ინტერესს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გათავისუფლებული პირისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ სადავო პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოს საშუალება ჰქონდა გათავისუფლებული პირისათვის შეეთავაზებინა ერთზე მეტი თანამდებობა, ავტომატურად თავს იჩენდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ თავისი თვალსაზრისით _ რომელ თანამდებობაზე უფრო მიზანშეწონილი იყო დაენიშნა მოსარჩელე კვალიფიკაციისა და გამოცდილების, ასევე თანამდებობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადაეწყვიტა თანამდებობის შეთავაზების საკითხი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო ვერ ჩაერეოდა ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულ დისკრეციულ უფლებამოსილებაში და ვერ აიძულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელე აღედგინა რაიმე თანამდებობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად შეიძლება ცნობილი იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებითად დარღვეულია მისი გამოცემის პროცედურები, თუმცა კანონის არსებითი დარღვევა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაბათილების საფუძვლად, როდესაც ამ დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში შეთავაზების არსებობის პირობებშიც კი, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება დ. მ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, კასატორი მართებულად მიიჩნევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹კ-1640 ბრძანების ბათილად ცნობას.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრებასაც, რადგან არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი, მით უმეტეს, სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან შესაბამისი აქტის გამოცემამდე, ვინაიდან შესაძლებელი იყო ახალი აქტის გამოცემის შემთხვევაშიც კი მოსარჩელე გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 სექტემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.