ბს-664-636(კ-08) 10 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
13.09.04წ. ბ. გ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საბურთალოს ფილიალისა და მესამე პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავალის, 6005 ლარის, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობით მიყენებული ზარალის, 1500 ლარის, სულ _ 7105 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. 20.12.04წ. მოსარჩელე ბ. გ.-მ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მოპასუხედ ჩართვა და მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალისა და განაცდურის გადახდის დაკისრება ორივე მოპასუხისათვის სოლიდარულად. მოგვიანებით მოსარჩელემ დაზუსტებული დამატებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბრალეული ქმედებებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის, 6005,68 ლარის, სამუშაოზე მოცდენისა და სასამართლოს გარეშე 5 წლის განმავლობაში გაწეული აუცილებელი ხარჯების, 3000 ლარის, სულ _ 9005,68 ლარის, ასევე მატერიალური ზარალის შესაბამისი მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 31.01.05წ. გადაწყვეტილებით ბ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ.-მ და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების გამო, მიუღებელი შემოსავალის, 6389 ლარის, 1999 წლის 24 ივნისიდან სამუშაოდან მოცდენისა და სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების, 1500 ლარის, სულ _ 7889 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.06წ. განჩინებით ბ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 31.01.05წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ.-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.07.06წ. განჩინებით ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.06წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08წ. განჩინებით ბ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ.-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.