Facebook Twitter

¹ბს-665-634(3კ_07) 21 თებერვალი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორები _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი მ. ნ-ი (მოპასუხე); 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი ნ. მ-ე (მოპასუხე); 3. თ. ჟ-ი, წარმომადგენელი ბ. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 13 სექტემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ჟ-მა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1400 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹27-07-10/11814 წარდგინების ბათილად ცნობა მის ნაწილში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელის მითითებით, იგი 1994 წლიდან მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2000 წლიდან _ ....... სამმართველოს უფროსის მოადგილედ, საიდანაც 2004 წლის 2 აგვისტოს დაითხოვეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით. იგი დანიშნული იყო განუსაზღვრელი ვადით, არასოდეს მიუღია შენიშვნა ან საყვედური. ამასთან, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, რაც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას მას სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას ანიჭებს. შრომის კანონთა კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად ასევე აქვს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, როგორც ხანგრძლივი მუშაობის სტაჟის მქონეს (ს.ფ. 2-3).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (ს.ფ. 45-47).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით თ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹27-07-10/11814 წერილი-წარდგინება თ. ჟ-ის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹პ-1400 ბრძანება თ. ჟ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, თ. ჟ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ....... სამმართველოს უფროსის მოადგილის ტოლფას თანამდებობაზე, თ. ჟ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ჟ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს წერილი-წარდგინებისა და მის საფუძველზე მიღებული სქართველოს ფინანსთა მისისტრის ¹პ-1400 ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა “მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სამუშაო სტაჟის მიუხედავად, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში მუშაკთა ოდენობის ან შტატების შემცირებისას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს გააჩნია სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება (ს.ფ. 55-56).

2005 წლის 29 მარტს თ. ჟ-მა განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის _ 3 თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე განმცხადებელს უარი ეთქვა (ს.ფ. 56, 76-78).

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ნაწილობრივ მიქცევის შესახებ აღნიშნული განჩინება 2005 წლის 25 ივლისს კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ს.ფ. 82-83).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმესთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა (ს.ფ. 84).

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

აპელანტთა განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება და საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა 385 საშტატო ერთეულის ნაცვლად 268 ერთეულით განისაზღვრა, ანუ გაუქმდა 117 შტატი, მათ შორის, მოსარჩელის თანამდებობაც. “მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სამსახურში უპირატესი დარჩენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ გაუქმებულა მის მიერ დაკავებული თანამდებობა ან არსებობს სხვა ვაკანტური თანამდებობა, რომლის შეთავაზების საშუალებაც გააჩნია ადმინისტრაციას. აღნიშნულის შესახებ სასამართლოს არ უმსჯელია. ამასთან, ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული თ. ჟ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, რადგან ტოლფასი თანამდებობის ცნებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა (ს.ფ. 64-65; 160-162).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი თ. ჟ-ის ...... სამმართველოს უფროსის მოადგილის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაბამისი აქტის მიღება, შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და თ. ჟ-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე.

აპელანტთა მოთხოვნა საბაჟო დეპარტამენტის ....... სამმართველოს უფროსის მოადგილის ტოლფას თანამდებობაზე თ. ჟ-ის აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და შრომის კანონთა კოდექსი მხოლოდ პირვანდელ და არა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას სრულად დაეთანხმა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილი იყო საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის ფაქტი, მაგრამ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.2 მუხლის თანახმად, რეორგანიზაციისას მუშაკის გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას თან სდევს შტატების შემცირება ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ასეთს მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია, ამასთან, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის “ე” ქვეპუნქტი მას სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას ანიჭებდა (ს.ფ. 187-192).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე-97-ე მუხლების მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის თაობაზე ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. საბაჟო დეპარტამენტში მოხდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რაც მოხელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობას გამორიცხავდა (ს.ფ. 206-210; 216-218).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა თ. ჟ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, ანუ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არაკანონიერად გადასინჯა და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა (ს.ფ. 205-207).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) სააპელაციო საჩივრები დაუშვებლობის მოტივით დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ჩაჰბარდა 2005 წლის 25 აპრილს (ს.ფ.61). აღნიშნული გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2005 წლის 16 მაისს _ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან და 14 დღის გასვლიდან ერთი კვირის დაგვიანებით (ს.ფ. 63-65). რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მას თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ასევე 2005 წლის 25 აპრილს (ს.ფ. 60), ხოლო სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეიტანა 2006 წლის 21 აგვისტოს _ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაახლოებით ერთი წლისა და 4 თვის შემდეგ (ს.ფ. 159-162). ამდენად, ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რაც, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ჩაუბარებლობად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2005 წლის 25 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ჩაიბარა საბაჟო დეპარტამენტისათვის განკუთვნილი, ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განკუთვნილი გადაწყვეტილების გზავნილი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათ აღნიშნული გზავნილი დაუყოვნებლივ გადაუგზავნეს ადრესატს _ საბაჟო დეპარტამენტს, ხოლო მათთვის განკუთვნილი გზავნილი საბაჟო დეპარტამენტიდან არ გადმოგზავნიათ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება უდავოდ ჩაჰბარდათ, რაც დასტურდება საქმეში არსებული ჩაბარების დასტურზე დასმული ბეჭდებით. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თ. ჟ-მა 2005 წლის 29 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. აღნიშნული განცხადების განხილვის დროს, კერძოდ, 2005 წლის 7 და 15 ივნისს ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის განხილვისას მონაწილეობას იღებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. მეტიც, აღნიშნული განცხადების განხილვის შედეგად გამოტანილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის განჩინება 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და სააპელაციო საჩივრის შეტანამდე მონაწილეობდა აღნიშნული კერძო საჩივრის განხილვაში, ხოლო შემდგომ _ საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის განხილვაში.

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ როგორც საბაჟო დეპარტამენტს, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეტანილი აქვთ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილითაც 1-წლიანი ვადა გადაწყვეტილების გამოტანიდან გასულია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უდავოდ გაშვებული აქვთ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრებიც აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას. თავის მხრივ, სააპელაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობამ საფუძველი გამოაცალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებს და არ არსებობს მათი განხილვისა და დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) სააპელაციო საჩივრები დაუშვებლობის მოტივით დარჩეს განუხილველი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.