ბს-66-66(კ-08) 11 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ფ.-ი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 28 მარტს გ. ფ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მისი მეუღლე, ფ. ი.-ნ, 1997 წლის 1 მარტიდან მუშაობდა მესტიის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსად.
1998, 1999, 2000 და 2003 წლების (სულ 22 თვის) განმავლობაში ხელფასი არ მიუღია, რის გამოც სახელფასო დავალიანებამ შეადგინა – 2209 ლარი.
2005 წლის 2 მაისს ფ. ი.-ი გარდაიცვალა. მისი კუთვნილი ხელფასი ჯერ კიდევ გაუცემელია და სახელფასო დავალიანება არ ანაზღაურებულა.
მოსარჩელის განმარტებით, მესტიის მიწის მართვის სამმართველო რეორგანიზაციის შემდგომ გადაკეთდა მესტიის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდ. Oორგანიზაციის დაფინანსება ხდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან მის პირად ანგარიშზე. F
მოსარჩელის მითითებით, იგი არის 5 შვილის მარტოხელა დედა და აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა აწ გარდაცვლილი მეუღლის, ფ. ი.-ის 1998-1999-2000-2003 წლების (სულ 22 თვის) სახელფასო დავალიანების მიღებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ფ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა გულნარა ფ.-ის, მ., ი, ლ., გ., ლ. ი.-ის სასარგებლოდ ფ. ი.-ის სახელფასო დავალიანების - 2 209 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე გ. ფ.-ის აწ გარდაცვლილი მეუღლე, ფ. ი.-ი, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.
სასამართლოს განმარტებით, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹45 დადგენილების 1-ლი პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამავე დადგენილების შესაბამისად, მიწის მმართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1633 ბრძანებით დამტკიცებული მიწის მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის მე-7 პუნქტის ,,ა”ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 938,4 ათას ლარს. ამავე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი მთლიანად გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მათ შორის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან საბოლოო ანგარიშსწორებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე გ. ფ.-ის მეუღლის- ფ. ი.-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება უნდა განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ვინაიდან მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენდა აღნიშნული სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილების თანახმად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე, დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1633 ბრძანების მე-7 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისად, აღნიშნული თანხა გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზემოხსენებული დავალიანების დასაფარავად. ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამშრომელთა სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის არსებული სახელფასო დავალიანების გასტუმრება მიეკუთვნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით გ. ფ.-ის, მ., ი., ლ., გ., ლ. ი.-ის სასარგებლოდ ფ. ი.-ის სახელფასო დავალიანების სახით 2 209 ლარის ანაზღაურების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის დაკისრებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ფ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა გ. ფ.-ის სასარგებლოდ ფ. ი.-ის სახელფასო დავალიანების – 2209 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.08.2005 წლის ¹2/11-2961 ცნობით აღიარებულ იქნა მოსარჩელე გ. ფ.-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის – ფ. ი.-ის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა 2209 ლარის ოდენობით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება (სეკვესტრი) არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოსა (ხელფასის) და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების გაუცემლობის საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. საგულისხმოა, რომ აპელანტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სადავოდ არ ხდის წარმოდგენილი ცნობის სინამდვილეს და ფ. ი.-ის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას.
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის (2004 წლის 11 თებერვალი) 35.3 ,,ვ” მუხლის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ითვლება ლიკვიდირებული მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის მოტივით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ ფ. ი.-ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით განისაზღვრა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაცია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და ის მმართველობის სფეროში გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. ამ ნორმების საფუძველზე, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო არ შეიძლება ჩაითვალოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, ვინაიდან განხორციელდა ამ უკანასკნელის რეორგანიზაცია, ხოლო კანონის ნორმამ უფლებამონაცვლეობის სავალდებულო პირობად დაადგინა დაწესებულების ლიკვიდაცია.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა და არ გამოიყენა "სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობას დაევალა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. ამ ნორმის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 9 ივლისს გამოსცა ¹56 დადგენილება "სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე". დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამ ნორმატიული აქტებით განისაზღვრა ლიკვიდაციის შემდეგ ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის ქონებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა და შესაბამისად, დეპარტამენტის უფლებამონაცვლეობის საკითხები, კერძოდ, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო რეესტრის შესახებ" 2004 წლის 1 ივნისის ¹73-1-ს კანონის თანახმად, შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ზემოხსენებული კანონის შესაბამისად, გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება, ანუ ნორმატიული აქტით გადაწყდა შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების არა იუსტიციის სამინისტროზე, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე გადაცემის საკითხი.
ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დაევალა, ლიკვიდაციის შედეგად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა. ასევე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, "საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადება, რომელიც გაითვალისწინებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებიდან სამი თვის სახელფასო ფონდის დეპარტამენტისათვის დაბრუნებას. ამავე დადგენილების მე-6 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შენობების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა.
კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო არა მხოლოდ რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები, არამედ სათანადო ქონება და საბიუჯეტო დაფინანსება მიმდინარე წლისათვის, ამავე დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რაც გამოიწვევდა სააგენტოსათვის (და არა იუსტიციის სამინისტროსათვის) ხელფასის მისაღებად აუცილებელი დაფინანსების გადაცემას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1633 ბრძანების მე-7 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი (111,8 ათასი ლარი) მთლიანად გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და ამ თანხებიდან განეხორციელებინა დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან საბოლოო ანგარიშსწორება.
აღნიშნული თანხა გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთი თვის დავალიანების დასაფარავად, შემდგომი წლების დავალიანებებისათვის კი მინისტრის ამავე ბრძანების ¹1633) თანახმად, ეთხოვა ფინანსთა სამინისტროს დავალიანების დასაფარად თანხის გადაცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და სწორედ მას უნდა გამოეთხოვა ეს თანხები, რადგან "საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადს წარუდგენენ მხარჯველი დაწესებულებების ხელმძღვანელები, ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს საბიუჯეტო განაცხადებს და მხარჯველ დაწესებულებასთან ერთად იხილავს მას. ვინაიდან, "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ცალკე მხარჯველ დაწესებულებას და მას გააჩნია ცალკე სახაზინო კოდი, აღნიშნული დაფინანსების მისაღებად მას შეეძლო თვითონ წარედგინა განაცხადი, თუ იგი ჩათვლიდა, რომ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარვად. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრება, რომ მათი დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად მიღებული შემოსავლები, რაც ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული მოსაზრება არამართებულია, ვინაიდან სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებაში, ასევე იგულისხმება თანამშრომელთა შორის ანაზღაურების გაცემა. ამასთან, ქონების გადაცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გულისხმობს როგორც მის აქტივს _ ქონებრივ უფლებებს, ისე მის პასივს _ ქონებრივ ვალდებულებებს. ქონება არა მარტო ქონებრივი უფლებების, არამედ ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობაა.
უფლებამონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია, რომ "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და "მიწის რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურებში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. ვინაიდან, "სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილების საფუძველზე მოხდა მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაცია და მისი ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია უძრავი ქონების რეგისტრაციასთან, გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამოცვლეს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ამასთან, სახელფასო დავალიანების არსებობა აღიარებული აქვს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დავალიანების გადახდა გ. ფ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მას, ვინაიდან საქმეში არსებული ცნობა (2005 წლის 31 აგვისტოს ¹2/11-2961) სახელფასო დავალიანების შესახებ, გაცემულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და არა იუსტიციის სამინისტროს მიერ. ყველა ამ კატეგორიის სასამართლო დავაზე ცნობები სახელფასო დავალიანების თაობაზე გაცემულია არა იუსტიციის სამინისტროს, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. გარდა ამისა, საქმეში ასევე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 12 ოქტომბრის ¹2/11-ფ-15/3682 წერილი, რომლითაც გ. ფ.-ს ეცნობა, რომ სახელფასო დავალიანების დაფარვა განხორციელდებოდა შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით, გ. ფ.-ის სასარგებლოდ, ფ. ი.-ის სახელფასო დავალიანების - 2209 (ორი ათას ორას ცხრა) ლარის გადახდის საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
აწ გარდაცვლილი ფ. ი.-ი 1997 წლის 1 მარტიდან მუშაობდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მესტიის მიწის მართვის სამმართველოში სამმართველოს უფროსად. მისმა მიუღებელმა სახელფასო დავალიანებამ 1998-2003 წლებში შეადგინა 2209 ლარი.
წინამდებარე სარჩელის საფუძველზე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა აწ გარდაცვლილ ფ. ი.-ის მეუღლემ – გ. ფ.-მ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება; იურიდიული პირის რეორგანიზაცია; მოთხოვნის დათმობა; ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე.
მითითებული მუხლის ნორმებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს გ. ფ.-ის უფლებას, სახელმწიფოსაგან მოითხოვოს მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის სახელფასო დავალიანების - 2209 ლარის ანაზღაურება.
მოცემულ პირობებში დავის ერთადერთ საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რომელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული დავალიანების გადახდა.
საკასაციო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა თანხის გადახდის ვალდებულების იუსტიციის სამინისტროსათვის დაკისრების კანონიერება, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელფასო დავალიანების კასატორისათვის დაკისრება არ ემყარება შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა იმ ნორმების ურთიერთშეჯერება და ერთიან კონტექსტში განხილვა, რაც სასამართლოს მისცემდა საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ვ" პუნქტზე მითითების მართებულობას და აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში უდავოდ გადავიდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და იმავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩაითვალა ლიკვიდირებული მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს შემდგომ ნორმატიულ აქტებზე, რომლითაც მოხდა საკითხის დეტალური რეგულაცია. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს "სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილებაზე. დადგენილების პრეამბულაში ჩაიწერა შემდეგი: "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. "სახელმწიფო რეესტრის შესახებ" 2004 წლის 1 ივნისის ¹73-1-ს კანონის თანახმად შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად უნდა გადაეცეს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება.
ამავე დადგენილების I პუნქტის შესაბამისად, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" და "სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ხოლო დადგენილების მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, უზრუნველეყო "საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.04 წლის ¹1633 ბრძანებაზე მითითებას და აღნიშნავს, წინამდებარე ბრძანების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი მთლიანად გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, რათა ამ თანხებიდან განხორციელებულიყო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან ანგარიშსწორება.
ამდენად, მართალია, სახეზეა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის ფაქტი, მაგრამ კერძო იურიდიული პირების ლიკვიდაციისაგან განსხვავებით, სახელმწიფო მმართველობის სფეროში შემავალი უწყების ლიკვიდაცია არ ნიშნავს მისი ვალდებულებების სრულ მოსპობას.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეპასუხებაში წარმოდგენილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არც ერთი დოკუმენტი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას მისი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის იძლევა შემდეგ განმარტებას: სამართალმემკვიდრეობა სამართლებრივი თვალსაზრისით აღნიშნავს მოვლენას, როდესაც ერთი სუბიექტის უფლებები და მოვალეობები გადაეცემა სხვა სუბიექტს, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული უფლებებისა და მოვალეობების იურიდიულ მემკვიდრეს.
უდავოა, რომ ზემოაღნიშნული აქტების საფუძველზე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დეპარტამენტის ანგარიშზე რიცხული ნაშთი და საშტატო რიცხოვნობა გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მასვე გადაეცა უძრავი ქონების რეგისტრაციის უფლება, რაც აშკარა დასტურია იმისა, რომ საჯარო რეესტრი, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს.
რაც შეეხება თანხების არამიზნობრივად ხარჯვის დაუშვებლობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებული და აღიარებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ვერ შეფასდება თანხების არამიზნობრივ ხარჯვად, რა კუთხითაც დაუშვებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აწ გარდაცვლილი ფ. ი.-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე გ. ფ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის, ფ. ი.-ის სახელფასო დავალიანების - 2209 ლარის ანაზღაურება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება