ბს-666-633(კ-06) 28 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. ჩ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური სუბსიდიების სააგენტო)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საპენსიო დანამატის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ჩ.-მ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ პენსიაზე 25%-ის ოდენობით დანამატის ანაზღაურების დავალება 2002 წლის დეკემბრიდან 2004 წლის დეკემბრამდე, რაც შეადგენდა 1000 ლარს.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მ. ჩ.-ე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პენსიონერი 2001 წლიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 6 ნოემბრის ¹1384 განკარგულებით იგი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, რის საფუძველზეც 2002 წლის დეკემბრის თვიდან იღებდა პენსიაზე 25%-იან დანამატს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოებულ პენსიონერს უნდა მიეღო პენსიის 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა. უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელის საპენსიო დანამატი განისაზღვრა 50%-ით. აღნიშნული მოთხოვნით მან მიმართა მოპასუხეს, მაგრამ 2005 წლის 21 აპრილის წერილით მიიღო უარი. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვალდებული იყო, აენაზღაურებინა 2002 წლის დეკემბრიდან გაუცემელი საპენსიო დანამატი, რაც შეადგენდა დაახლოებით 1000 ლარს (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მ. ჩ.-სთვის, როგორც ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანისთვის, დანიშნული საპენსიო თანხის 25%-იანი დანამატის 12 თვის დავალიანების მოსარჩელის სასარგებლოდ დაანგარიშება და გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ.-ე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 6 ნოემბრის განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებს ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები უნდა გადიდებოდათ პენსიის ოდენობის 50%-ით, მაგრამ არანაკლებ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100%-ის ოდენობით. დადგენილი იყო, რომ მ. ჩ.-ს, როგორც ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირს, დანიშნული ჰქონდა პენსია. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემოდა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს. მოსარჩელემ საპენსიო თანხის გადაანგარიშების მოთხოვნით მიმართა მოპასუხე დაწესებულებას, რაზეც მიიღო უარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვალდებული იყო, მ. ჩ.-სათვის ნაცვლად 25%-იანი დანამატისა, მიეცა ყოველთვიური საპენსიო თანხის 50%-იანი დანამატი და აენაზღაურებინა გასული დროის გაუცემელი პენსია, კერძოდ, მოთხოვნის აღძვრიდან გასულ 12 თვეზე 25%-იანი დანამატი (22-23).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტის აზრით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლში მითითებული 12-თვიანი ვადა არ შეესაბამებოდა მოცემულ შემთხვევას, რადგან პენსიის გადაანგარიშების მოთხოვნით მან საპენსიო ფონდს მიმართა ჯერ კიდევ 2002 წლის ნოემბრის თვეში, როცა მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი. მართალია, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ კანონის არასწორი განმარტებისა და არასწორი გამოყენების შედეგად, ნაცვლად 50%-ისა, დაუნიშნეს 25%-იანი დანამატი. ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2004 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ხელახლა გადაიანგარიშა აპელანტის პენსია და გადაიხადა 50%-იანი დანამატი. მას შემდეგ, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მან მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას 2002 წლის დეკემბრიდან 2004 წლის დეკემბრამდე არსებული სხვაობის ანაზღაურების შესახებ, თუმცა ამ მოთხოვნაზე უარი მიიღო (ს.ფ. 27-28).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მ. ჩ.-სათვის, როგორც ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანისთვის, დანიშნული საპენსიო თანხის 25%-იანი დანამატის დაანგარიშება და გადახდა 2002 წლის დეკემბრიდან 2004 წლის დეკემბრამდე პერიოდისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ.-ე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 2002 წლის 6 ნოემბრის განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ვახტანგ გორგასლის ორდენთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართ ძირითადი პენსიის 50%-ის ოდენობით გადაანგარიშება განახორციელა 2004 წლის დეკემბრიდან. სასამართლოს მოსაზრებით, მ. ჩ.-ე წარმოადგენდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 41-ე მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს. აღნიშნული ნორმის თანახმად, დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოებულ პირებს, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებს, სსრ კავშირის გმირებს, იტალიისა და იუგოსლავიის სახელმწიფო ეროვნულ გმირებს, სამივე ხარისხის დიდების ორდენით დაჯილდოებულ პირებს პენსიის ოდენობის 50%-ით, მაგრამ არანაკლებ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100%-ისა, გაუდიდდათ აღნიშნული კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად არ მიიღო პენსიის თანხა, მაშინ მას პენსიის მთლიან თანხას შეუზღუდავად მისცემენ. ამ შემთხვევაში მ. ჩ.-სათვის პენსიის გადაანგარიშება არ მოხდა კანონით დადგენილი წესით, რაც გამოწვეული იყო ადმინისტრაციული ორგანოს და არა მ. ჩ.-ის მიზეზით, რის გამოც მას უნდა ანაზღაურებოდა მთლიანი თანხა შეუზღუდავად მისი დანიშვნის დღიდან (ს.ფ. 41-43).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. მ. ჩ.-მ ორდენზე გათვალისწინებული დანამატის 25%-ის დანიშვნის შესახებ შეიტყო 2002 წლის დეკემბრის თვიდან, როდესაც მას დაენიშნა დანამატი, მან კი ფონდს მხოლოდ 2005 წელს მიმართა.
კასატორის მოსაზრებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლი, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, ეხება უკვე დარიცხულ პენსიას, როდესაც პენსიონერს უკვე შეძენილი აქვს მისი მიღების უფლება, პენსია ირიცხება მის პირად ანგარიშზე და ამა თუ იმ მიზეზით არ ხდება მისი დროული გატანა. ამ შემთხვევაში კი აღნიშნული მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა (ს.ფ. 47-48).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის გაცემა განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი პენსიის დავალიანების ანაზღაურებას 2002 წლის დეკემბრიდან, სარჩელი აღძრულია 2005 წლის 30 ივნისს, ამდენად, დაცულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ჩ.-ე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 6 ნოემბრის ¹1384 განკარგულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. აღნიშნულის გამო მას 2002 წლის დეკემბრიდან დაენიშნა პენსიაზე 25%-იანი დანამატი. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის იმ დროისათვის მოქმედი 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა, რომ ვახტანგ გორგასლის სამივე ორდენით დაჯილდოებულ პირებს პენსიები გაუდიდდებათ პენსიის ოდენობის 50%-ით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ზემოაღნიშნული 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის ნამდვილი შინაარსი გულისხმობს ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულ პირს და შესაბამისად, ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულმა პენსიონერმა უნდა მიიღოს პენსიის 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა. მოსარჩელე ვ. ჩ.-ს პენსიაზე 50%-იანი დანამატი დაენიშნა 2005 წლის იანვრიდან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელეს, როგორც ვახტანგ გორგასლის ორდენოსანს, პენსიაზე 50%-იანი დანამატი უნდა დანიშვნოდა 2002 წლის დეკემბრიდან _ პენსიაზე დანამატის დანიშვნისთანავე. ის გარემოება, რომ საპენსიო ორგანომ მოსარჩელეს თავიდანვე არ დაუნიშნა 50%-იანი დანამატი, განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროისათვის საპენსიო ორგანო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტს განმარტავდა მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით და არა მისი ნამდვილი შინაარსით, როგორც ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით იქნა ინტერპრეტირებული. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნორმის განმარტება მოახდინა იმის შემდგომ, რაც მოსარჩელე მ. ჩ.-ს დაენიშნა საპენსიო დანამატი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მოსარჩელეს პენსიაზე 50%-იანი დანამატი 2002 წლის დეკემბრიდან არ ეკუთვნის. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტს ის შინაარსი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით იქნა განმარტებული, ჰქონდა თავიდანვე, აღნიშნული შინაარსი მითითებულ ნორმას არ შეუძენია უზენაესი სასამართლოს მიერ ნორმის სწორი განმარტების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საფუძვლიანობისათვის მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ როდის მიმართა მ. ჩ.-მ საპენსიო ორგანოს ნაცვლად შეცდომით დანიშნული 25%-იანი დანამატისა, 50%-იანი დანამატის გაცემის მოთხოვნით. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, როგორც ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანს, პენსიაზე დანამატი 2002 წლის დეკემბრიდან დაენიშნა მისი განცხადების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელისათვის ვახტანგ გორგასლის ორდენთან დაკავშირებით დანამატის დანიშვნის საფუძველი უკვე არის საპენსიო ორგანოსათვის მისი მიმართვა. რაც შეეხება კანონის სწორი განმარტების საფუძველზე დასანიშნი საპენსიო დანამატის ოდენობის სწორად განსაზღვრას, აღნიშნული საპენსიო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა თავიდანვე, მოსარჩელისათვის დანამატის დანიშვნის მომენტიდან. გასაცემი პენსიის ოდენობის სწორად განსაზღვრის ვალდებულება საპენსიო ორგანოს წარმოეშობა პენსიის დანიშვნისთანავე და არა პენსიონერის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით შეცდომის გასწორებისათვის მიმართვის მომენტიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ.-ს, როგორც ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანს, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე პენსიაზე 50%-იანი დანამატი ეკუთვნოდა ვახტანგ გორგასლის ორდენთან დაკავშირებით პენსიაზე დანამატის დანიშვნის მომენტიდან _ 2002 წლის დეკემბრიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უკვე რეალიზებული აქვს უფლება, მიიღოს საპენსიო დანამატი, შეცდომაა მხოლოდ გასაცემი დანამატის ოდენობაში. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება, რომლის თანახმად, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად არ მიიღო პენსიის თანხა, მაშინ მას პენსიის მთლიან თანხას შეუზღუდავად მისცემენ. კანონის აღნიშნული ნორმა შეეხება საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის მიმღებზე დარიცხული თანხის არამარტო დროულად გაუცემლობას, არამედ დასანიშნი პენსიის ოდენობის არასწორად განსაზღვრასაც, როგორც ეს სადავო შემთხვევაშია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.