¹ბს-666-635(კ-07) 5 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლალი ლაზარაშვილი, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ხ.-მა 02.12.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის ფილიალის მიმართ და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 31.07.1944წ. ¹5679 დადგენილებით გადასახლებულ იქნა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სადაც 1955 წლამდე იმყოფებოდა სპეცკომენდატურის აღრიცხვაზე. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 28.04.1955წ. ¹153/42 ბრძანებულებით გათავისუფლდა და მოხსნილ იქნა სპეცაღრიცხვიდან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ჩასახლებით. 1988 წელს დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა ახალციხეში. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 09.01.01წ. ¹პ 118/36 დადგენილებით აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ქართული გვარი და ეროვნება. 14.03.01წ. მისცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და გახდა საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე. ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» 11.12.97წ. საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.04.05წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ხ.-ის სარჩელი და იგი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ქართული წარმომავლობისა და შესაბამისი გვარების აღმდგენი მუდმივმოქმედი კომისიის 05.04.91წ. დადგენილებით თ. სულეიმანოვის გვარი მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერებში შესწორდა ხ.-ით, აღუდგა ქართული ეროვნება და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რერპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს საქართველოს ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1999 წლის 28 ოქტომბრამდე. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის - გადასახლება. მე-3 მუხლის ,,ა» პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია.
ახალციხის რაონული სასამართლოს 20.04.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის ფილიალმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა პარლამენტის მიერ სათანადო კანონის მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.04.05წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოტივი იმის თაობაზე, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება 1921-1990 წლებში ეთნიკური ნიშნით დეპორტირებულ პირებზე. საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 02.03.99წ. ცნობით დასტურდება, რომ სსრკ-ის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 31.07.1944წ. ¹6279 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელე სწორედ ეთნიკური ნიშნით იქნა დეპორტირებული უზბეკეთში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.07წ. გადაწყვეტილება 05.07.07წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ.-მ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან მტკიცებულების გარეშე მიაკუთვნა თ. ხ.-ი ფიზიკურ ჯგუფს. გაურკვეველია, რის საფუძველზე მოხდა მისი მიკუთვნება გარკვეული ეთნიკური ჯგუფისადმი ან კონკრეტულად, რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება კასატორი და საბოლოოდ, რა ადასტურებს მისი ამა თუ იმ ჯგუფისადმი კუთვნილებას. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ კასატორი 1944 წელს ნამდვილად იქნა გადასახლებული სამშობლოდან უზბეკეთში და შესაბამისად, იგი გახდა იმდროინდელი ანტიჰუმანური პოლიტიკის, ანუ რეპრესიის მსხვერპლი. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად: «გადასახლება - საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში - მიიჩნევა პოლიტიკურ რეპრესიად, თუ იგი განახორციელა სახელმწიფომ პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო სოციალურ კუთვნილებასთან». კასატორი თვლის, რომ გახდა სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი სასამართლომ უნდა მიიჩნიოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და მასზე გაავრცელოს ყველა ის შეღავათი, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით ამ კატეგორიის პირებისათვის.
სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ 1944 წელს სსრკ-ის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 31.07.1944წ. ¹6279 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოდან გასახლებულ იქნა შემდეგ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებული პირები: ქურთები, თურქები და ხიმშილები, ხოლო კასატორი გასახლების პერიოდისათვის არც ერთ მათგანს არ მიეკუთვნებოდა. იგი წარმოშობით იყო აზერბაიჯანელი. შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას (მიაკუთვნა რა კასატორი ეთნიკურ ჯგუფს) ხელმძღვანელობდა 31.07.1944წ. ¹6279 დადგენილებით, კასატორზე არ უნდა გაევრცელებინა «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი. უმთავრესია ის გარემოება, რომ არც ერთი სამართლებრივი აქტი არ ადგენს თუ ვინ შეიძლება იყოს ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებული პირები. ერთადერთი გამონაკლისი არის სსრკ-ის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 31.07.1944წ. ¹6279 დადგენილება, რომელიც «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონით აღიარებულ იქნა «ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტოტალიტარული კომუნისტური საბჭოთა რეჟიმის დანაშაულად». მიუხედავად ამისა, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს კანონის იმ პუნქტით, რომლითაც კანონის მოქმედება არ ვრცელდება საბჭოთა რეჟიმის მიერ ეთნიკური ჯგუფებისადმი გამოვლენილი რეპრესიების მსხვერპლებზე, უფრო მეტიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კანონის მოქმედება არ გავრცელდა უფრო ფართო წრეზე, იმ პირზე, რომელიც გასახლებულ იქნა 31.07.1944წ. ¹6279 დადგენილების დარღვევით, რადგან არ მიეკუთვნებოდა ამ აქტში მითითებულ არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება». პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი კანონი არ იძლევა განმარტებას თუ რა წესით და როგორ ხდება ეთნიკური ჯგუფისადმი პირის მიკუთვნება, ანუ საერთოდ, ვინ არიან ეთნიკური ჯგუფები. ამასთან, მე-3 პუნქტით გაკეთებული დათქმა არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს და ბოლოს, კასატორი არ მიეკუთვნება გადასახლებულ პირთა არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს. საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად: «ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე». ამ დებულებაში ხაზგასმულია საქართველოს მოქალაქეებზე კანონის მოქმედების გავრცელება. კასატორის საქართველოს მოქალაქეობის საკითხი კი დავას არ იწვევს.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.07.07წ. განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე 13.08.07წ. მოსაზრება წარმოადგინა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ და მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი პირობა, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს თ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად. მოსაზრების ავტორმა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.