ბს-668-637(კ-07) 18 დეკემბერი, 2007 წელი
¹ ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. და ი. ჩ.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებაზე, /ნ. და ი. ჩ.-ების სარჩელისა გამო, მოპასუხის კახაბრის სასოფლო სადაბო საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის მიმართ, მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. და ი. ჩ.-ებმა სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ კახაბრის სასოფლო სადაბო საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა /იხ. ს.ფ. 1-2/.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. და ი. ჩ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /იხ. ს.ფ. 128/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ი. ჩ.-ებმა, რომლითაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 129/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებით ნ. და ი. ჩ.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 149-154/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ი. ჩ.-ებმა, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო მოსარჩელეთა საკუთრება და მათთვის არ ჩამოურთმევიათ. ამასთან, მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მის მიერ არ შესრულდა, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 157/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. და ი. ჩ.-ების საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე /იხ. ს.ფ. 173-174/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოწინააღმდეგე მხარე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოადგინა მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ. ს.ფ. 179-180/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. და ი. ჩ.-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. და ი. ჩ.-ების საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე /იხ. ს.ფ. 174-175/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ნ. და ი. ჩ.-ების მიერ კომპეტენტურად ვერ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. და ი. ჩ.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. და ი. ჩ.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. და ი. ჩ.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.