Facebook Twitter

¹ბს-669-638(კ-07) 20 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს «ს.-ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 16 იანვარს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «ს.-მ» მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის, მესამე პირის _ სს «ზ.-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მის მიერ შეძენილი ქონების რეგისტრაციის დავალება ყადაღის გარეშე.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:

2003 წლის 17 ივნისს სს «... ბანკის» ფოთის ფილიალსა და სს «ზ.-ს» შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, სს «... ბანკის» ფოთის ფილიალმა საკრედიტო ხაზი გაუხსნა სს «ზ.-ს» 20 000 აშშ დოლარის ოდენობით წლიური 24%-ის სარგებლით. საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის, სარგებლის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის უზრუნველსაყოფად, ასევე ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის, პირგასამტეხლოს, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯების ასანაზღაურებლად სს «ზ.-მ» იპოთეკით დატვირთა და გირაოში ჩადო მის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ, თავის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთის იჯარის უფლება და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, სს «ზ.-ს» სს «... ბანკის» ფოთის ფილიალის სასარგებლოდ დაეკისრა სასესხო დავალიანების გადახდა 14 159 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოხდა მისი იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 2005 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა აუქციონი, რომელზეც სს «ზ.-ის» უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა შპს «ს.-მ».

ფოთის საგადასახადო ინსპექციის წერილის საფუძველზე შპს «ს.-ს» მიერ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე (სს «ზ.-ის» უძრავ-მოძრავი ქონება) საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გავრცელდა საგადასახადო ორგანოს მიერ დარეგისტრირებული გირავნობის/იპოთეკის უფლება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ეთანხმებოდა მის მიერ ნაყიდ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის გავრცელებას და განმარტა, რომ აუქციონზე მან შეიძინა სს «ზ.-ის» მხოლოდ იპოთეკითა და გირაოთი დატვირთული და არა მთელი ქონება. მითითებული ქონების იპოთეკითა და გირაოთი დატვირთვის მომენტში მასზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ იყო დარეგისტრირებული, უფრო მეტიც, იმ დროს აღნიშნულის თაობაზე ფოთის საგადასახადო ინსპექციას პრეტენზია არ განუცხადებია.

სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ გამოიყენება გირავნობის/იპოთეკის უფლების იმ მფლობელის მიმართ, რომლის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. როდესაც საგადასახადო ორგანო ყიდის გირავნობას/იპოთეკას დაქვემდებარებულ ქონებას, უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა უფლება, მაგრამ ძალაში რჩება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკუთრების გადასვლის შემდეგ უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც ნივთი დატვირთული იყო და რომლებიც რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული სანივთო უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება, ხოლო ამავე კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გირაოს მართლზომიერი გასხვისებითა და გადაცემით შემძენზე გადადის დაუტვირთავი ქონება (ს.ფ. 3-4).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის განჩინებით საქმეზე მოპასუხედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის ნაცვლად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ს.ფ. 53).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს.-ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია. კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს სახელმწიფოს მიერ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. ახალი მფლობელის ნებისმიერი სხვა იპოთეკის/გირავნობის უფლებას ექნება უმცირესი ძალა იმ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების მიმართ, რომელიც არსებობდა გაყიდვამდე ან გადაცემამდე (ს.ფ. 68-69).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს.-მ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული დავის გადაწყვეტისას რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილი. კანონის მითითებული ნორმა ეხება იმ შემთხვევას, როდესაც საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება სხვა მფლობელზე, ანუ ქონების გასხვისება ხდება არა პირველადი იპოთეკარის, არამედ ქონების მესაკუთრის ან სხვა კრედიტორის მიერ, რომლის უფლებაც ნივთზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის შემდგომ, ხოლო მათ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ გამოიყენება გირავნობის/იპოთეკის უფლების იმ მფლობელის მიმართ, რომლის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. როდესაც საგადასახადო ორგანო ყიდის გირავნობას/იპოთეკას დაქვემდებარებულ ქონებას, უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა უფლება, მაგრამ ძალაში რჩება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები. ამ შემთხვევაში გირავნობა/იპოთეკის უფლება სს «... ბანკის» ფოთის ფილიალს სს «ზ.-ის» უძრავ-მოძრავი ქონების მიმართ წარმოეშვა 2003 წლის 17 ივნისს, როცა ეს უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ხოლო როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, საგადასახადო ინსპექციის შეტყობინება გირავნობის, იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2003 წლის 6 აგვისტოს. ამდენად, ვინაიდან უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდა პირველი რიგის იპოთეკარმა და მოგირავნემ (სს «... ბანკის» ფოთის ფილიალმა), ამ შემთხვევაში მყიდველს გადაეცემა ყოველგვარი უფლებისაგან, მათ შორის, საგადასახადო იპოთეკა-გირავნობისაგან თავისუფალი ქონება, ხოლო თუ საგადასახადო არის პირველი რიგის იპოთეკარი, ამ შემთხვევაში იპოთეკა/გირავნობის უფლება შენარჩუნდება მყიდველის მიერ შეძენილ ქონებაზე საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას ასევე უნდა ეხელმძღვანელა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებული კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაიპოთეკარი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება (ს.ფ. 71-79).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით შპს «ს.-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს «ზ.-ს» სს «... ბანკის» ფოთის ფილიალის სასარგებლოდ დაეკისრა 14159 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. აღნიშნულის გამო ჩატარდა აუქციონი, რომელზეც ზ.-ის უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა შპს «ს.-მ». აუქციონი ჩატარდა 2005 წელს, ხოლო მანამდე 2003 წელს საჯარო რეესტრმა აღრიცხა ზ.-ის ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებული დავალიანება 255400 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს სახელმწიფოს მიერ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების გაუქმების გარეშე, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. ახალი მფლობელის ნებისმიერი სხვა იპოთეკის/გირავნობის უფლებას ექნება უმცირესი ძალა იმ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების მიმართ, რომელიც არსებობდა გაყიდვამდე ან გადაცემამდე. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ იპოთეკის ნორმებს, აღნიშნული ამ შემთხვევაში ვერ გამოიყენება, რადგან სადავო ურთიერთობა რეგულირდება არა კერძოსამართლებრივი ნორმებით, არამედ საჯაროსამართლებრივი ნორმით, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლით (ს.ფ. 124-127).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს.-მ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება შემდეგი მოტივებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღნიშნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მონაწილეობის გარეშე, რომლებსაც შეტყობინება სასამართლო სხდომის დროის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. შესაბამისად, დარღვეულია კანონის ზემოდასახელებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

გარდა ამისა, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტი, რამდენადაც განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

აღნიშნული დავის გადაწყვეტისას რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილი. კანონის მითითებული ნორმა ეხება იმ შემთხვევას, როდესაც საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება სხვა მფლობელზე, ანუ ქონების გასხვისება ხდება არა პირველადი იპოთეკარის, არამედ ქონების მესაკუთრის ან სხვა კრედიტორის მიერ, რომლის უფლებაც ნივთზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის შემდგომ, ხოლო მათ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ გამოიყენება გირავნობის/იპოთეკის უფლების იმ მფლობელის მიმართ, რომლის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. როდესაც საგადასახადო ორგანო ყიდის გირავნობას/იპოთეკას დაქვემდებარებულ ქონებას, უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა უფლება, მაგრამ ძალაში რჩება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები. ამ შემთხვევაში გირავნობა/იპოთეკის უფლება სს «... ბანკის» ფოთის ფილიალს სს «ზ.-ის» უძრავ-მოძრავი ქონების მიმართ წარმოეშვა 2003 წლის 17 ივნისს, როცა ეს უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ხოლო როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვეოდა საგადასახადო ინსპექციის შეტყობინება გირავნობის, იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2003 წლის 6 აგვისტოს. ამდენად, ვინაიდან უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდა პირველი რიგის იპოთეკარმა და მოგირავნემ (სს «.. ბანკის» ფოთის ფილიალმა), ამ შემთხვევაში მყიდველს გადაეცემა ყოველგვარი უფლებისაგან, მათ შორის, საგადასახადო იპოთეკა-გირავნობისაგან თავისუფალი ქონება, ხოლო თუ საგადასახადო არის პირველი რიგის იპოთეკარი, ამ შემთხვევაში იპოთეკა/გირავნობის უფლება შენარჩუნდება მყიდველის მიერ შეძენილ ქონებაზე საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს სადავო საკითხის გადაწყვეტისას ასევე უნდა ეხელმძღვანელა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებული კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაიპოთეკარი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება (ს.ფ. 145-155)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს.-ს» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს «ს.-ს» საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ს.-ს» საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს «ს.-ს» « დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: (საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – ..., გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ძველი თბილისის რაიონი) ანგარიშის ¹..., სახელმწიფო ხაზინის კოდი – ...).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.