Facebook Twitter

ბს-671-638(კ-06) 22 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ზუგდიდის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ თ. ს-ა, ო. წ-ა, მ. ა-ე, გ. მ-ა, ნ. ფ-ა, მ. დ-ა, ვ. ხ-ა, მ. თ-ა, ნ. დ-ე, თ. პ-ა, ა. კ-ა, გ. ჯ-ა, რ. ქ-ა, ი. ს-ა, მ. ბ-ი, რ. ჯ-ა, ბ. ხ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 1 ივნისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თ. ს-ამ, ო. წ-ამ, მ. ა-ემ, გ. მ-ამ, ნ. ფ-ამ, მ. დ-ამ, ვ. ხ-ამ, მ. თ-ამ, ნ. დ-ემ, თ. პ-ამ, ა. კ-ამ, გ. ჯ-ამ, რ. ქ-ამ, ი. ს-ამ, მ. ბ-მა მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილების ბათილად ცნობა, სავაჭრო ობიექტების დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 234 911 ლარის ოდენობით და ბანკიდან აღებული კრედიტის _ 40 620 ლარის პროცენტით ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ. 6-10).

2005 წლის 1 აგვისტოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს რ. ჯ-ამ და ბ. ხ-ამ მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიმართ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 402-405).

სარჩელებში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან ქ. ზუგდიდში, ......... ქუჩაზე მდებარე, ამჟამად დანგრეული სავაჭრო მაღაზიების მესაკუთრეები. 2005 წლის 27 მარტს ზუგდიდის რაიონის გამგებლის ზეპირი განკარგულებით, კანონით^ დადგენილი ნორმების იგნორირებით, დაანგრიეს მათ საკუთრებაში არსებული, კაპიტალურად აშენებული სავაჭრო მაღაზიები. აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს ისინი არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით არ გაუფრთხილებია, მაშინ როცა 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 დადგენილებით ქ. ზუგდიდში, ......... ქ. ¹18-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა (რომელზეც განთავსებულია სავაჭრო მაღაზიები) მოსარჩელეებს 49 წლის ვადით იჯარის ხელშეკრულებებით ჰქონდათ გადაცემული საკუთრებაში. ზუგდიდის რაიონის გამგეობის ქმედებით დაირღვა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებები, მიადგათ ქონებრივი და მატერიალური ზიანი. თითოეულ მესაკუთრეზე 49 წლის ვადით იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, ასევე, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შედგენილი იყო არქიტექტურული გენგეგმა და სავაჭრო მაღაზიების განლაგების სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად ქ. ზუგდიდში, .......... ქუჩაზე გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენებულიყო აგურის შენობის სტანდარტული ტიპის სავაჭრო მაღაზიები, რომლის საძირკველი ისხმებოდა ლენტური ბეტონისაგან, გადახურვა ეწყობოდა მონოლითური ფილებისაგან, შიდა კედელი ილესებოდა ცემენტის ხსნარით და წებოვანი საღებავით, ხოლო კარ-ფანჯრები ეწყობოდა ლითონისაგან და იღებებოდა. აღნიშნულის შესახებ მითითებული იყო არქიტექტურული ნახაზის გენგეგმაში.

მოსარჩელეთა მითითებით, დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2004 წლის 19 მარტს ¹34 განკარგულების საფუძველზე, სადავო სავაჭრო ობიექტები მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში და მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 2 აპრილის ¹6 დადგენილების საფუძველზე გატარდა ზუგდიდის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში, ხოლო 2004 წლის 23 თებერვალს თითოეულ მოსარჩელეზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, ზუგდიდის რაიონის გამგეობამ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 52-ე, 53-ე, მე-601, 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, რაიონის გამგებელმა ერთპიროვნულად, საკითხის კომისიაზე განხილვის გარეშე მიიღო სადავო ადმინისტრაციული აქტი ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2002 წლის 22 დეკემბრის ¹57 დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებისა და 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, რაზეც არ მომხდარა მოსარჩელეთა ინფორმირება. მოპასუხე ვალდებული იყო უზრუნველეყო მოსარჩელეთა მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

მოსარჩელეებმა სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე და 411-412-ე მუხლებზე მითითებით მოითხოვეს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდის დაკისრება. მოსარჩელებმა მიუთითეს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, ასევე მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეთა სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტ.1, ს.ფ. 495, 496).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ას, ო. წ-ას, მ. ა-ის და სხვების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზუგდიდის რაიონის გამგეობას დაეკისრა თ. ს-ას სასარგებლოდ 11 805 ლარის, მ. ა-ის სასარგებლოდ _ 10 926 ლარის, ბ. ხ-ას სასარგებლოდ _ 11 692 ლარის, რ. ჯ-ას სასარგებლოდ _ 23 191 ლარის, ო. წ-ას სასარგებლოდ _ 10 513 ლარის, გ. მ-ას სასარგებლოდ _ 10 425 ლარის, ნ. ფ-ას სასარგებლოდ _ 10 876 ლარის, მ. დ-ას სასარგებლოდ _ 10 876 ლარის, გ. ჯ-ას სასარგებლოდ _ 25 462 ლარის, ვ. ხ-ას სასარგებლოდ _ 10 613 ლარის, მ. ბ-ის სასარგებლოდ _ 9 188 ლარის, მ. თ-ას სასარგებლოდ _ 8 410 ლარის, ა. კ-ას სასარგებლოდ _ 20 386 ლარის, რ. ქ-ას სასარგებლოდ _ 9091 ლარის, ნ. დ-ის სასარგებლოდ _ 10 400 ლარის, თ. პ-ას სასარგებლოდ _ 11 262 ლარის გადახდა; სარჩელი ბანკიდან აღებული სესხის თანხის ანაზღაურების, ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილებისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 23 დეკემბრის ¹57 დადგენილების პირველი, მეორე და მესამე მუხლების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილება მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა მოსარჩელეებისათვის ბანკიდან აღებული სესხის ანაზღაურების საფუძველიც.

სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული 2005 წლის 6 აპრილის განკარგულებით დგინდებოდა, რომ 2005 წლის მარტის თვეში სადავო სავაჭრო ობიექტები აღებულ იქნა ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ, ამავე განკარგულებით ზარალის ნაწილობრივ შემსუბუქების მიზნით შეიქმნა რაიონული კომისია, რომელსაც დაევალა ერთი კვირის ვადაში შეესწავლა და წარედგინა წინადადება ზარალის შემსუბუქების ღონისძიებების შესახებ. ამავე დროს საქმეში არსებული არქმშენინსპექციის უფროსის მომართვით დგინდებოდა, რომ აღნიშნული სავაჭრო ობიექტების შემავსებლად გამოყენებული იყო ნახევარი აგური, რომელზე მსუბუქი კონსტრუქციაც მშენებლობაში ხის კონსტრუქციის გარდა არ არსებობდა. დადგენილი იყო ისიც, რომ აღნიშნული სავაჭრო ობიექტები მიღებული იყო ექსპლოატაციაში. ასეთ პირობებში, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეებს უნდა ანაზღაურებოდათ სავაჭრო ობიექტების აღებით მიყენებული მატერიალური ზიანი და ზუგდიდის რაიონის გამგეობას დაკისრებოდა მათ სასარგებლოდ საქმეში არსებული ექსპერტიზის აქტით დადგენილი თანხების გადახდა (ტ.1, ს.ფ. 536-538).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ზუგდიდის რაიონის გამგეობაში 2004 წლის 25 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურიდან შევიდა მიწერილობა, რომლის საფუძველზეც გაუქმებას დაექვემდებარა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 და 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილების ზოგიერთი მუხლი (I, II და III მუხლები). მითითებული მუხლები შეეხებოდა თ. ს-ას, ნ. მ-ას, მ. ყ-ის, ა. ზ-ასა და ა. პ-ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კანონსაწინააღმდეგოდ გადაცემას. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გამგეობის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიმართ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ 2004 წლის 1 ნოემბერს მიღებულ იქნა ¹61 დადგენილება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 დადგენილების I, II და III მუხლები.

რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის რაიონის გამგეობას არასწორად დააკისრა სავაჭრო ობიექტების აღებით მიყენებული მატარიალური ზარალის ანაზღაურება 234 911 ლარის ოდენობით, რამდენადაც გამგეობას არანაირი განკარგულება ან დადგენილება არ მიუღია შენობა-ნაგებობების აღების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 1-2).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბანკიდან აღებული სესხის თანხის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა _ თ. ს-ამ, ო. წ-ამ და სხვებმა. მათ მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

აპელანტთა მითითებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია. იგი არ შეიცავს მითითებას, თუ რატომ ეთქვათ უარი მოსარჩელეებს ბანკიდან აღებული სესხის თანხის ანაზღაურებაზე, რატომ მიიჩნია სასამართლომ კანონიერად ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილება. მათ ბანკიდან სესხი იმ იმედით აიღეს, რომ ეწეოდნენ სავაჭრო საქმიანობას, გააჩნდათ შემოსავალი და შესაბამისად, შესაძლებლობა ჰქონდათ, ყოველთვიურად გადაეხადათ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი. ამ თანხით შეიძინეს საქონელი, თუმცა ვერ მოახერხეს მისი რეალიზაცია და გახდნენ გადახდისუუნაროები, პროცენტის დროულად გადაუხდელობის გამო დაეკისრათ პირგასამტეხლო, იპოთეკით დაიტვირთა მათი საცხოვრებელი სახლები და არსებობს საშიშროება, რომ სესხის გადახდის ვადის დადგომისას კრედიტორმა მოახდინოს ამ სახლების რეალიზაცია. 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 დადგენილებით ქ. ზუგდიდში, .......... ქ. ¹18-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა მოსარჩელეებს 49 წლის ვადით იჯარის ხელშეკრულებებით გადაეცათ საკუთრებაში. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. ზუგდიდის რაიონის გამგეობამ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები, რამდენადაც სადავო დადგენილებაში არ მიუთითა ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც მიიღო აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი, მისი მიღებისას საჭირო იყო საექსპერტო დასკვნის არსებობა, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გამგეობის დადგენილებაში არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და წესი, რითაც დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა (ტ.2, ს.ფ. 3-6).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ. თ-ას დამატებითი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ. ს-ას და სხვების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილება, დანარჩენ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 დადგენილებით დამტკიცდა ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2002 წლის 5 დეკემბრის სხდომის ¹2 ოქმი. აღნიშნულ ოქმში ასახული იყო ზუგდიდის რაიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის დახურული ტიპის აუქციონისა და კონკურსის პირველი საჯარო სხდომის შედეგები. დასახელებული დადგენილებით 23 პირს, მათ შორის, მ. ყ-ს, ნ. მ-ას, თ. ს-ას 49 წლის ვადით, სარგებლობისა და მსუბუქი ასაწყობი კონსტრუქციის აღმართვის უფლებით, გადაეცათ ზუგდიდში, .......... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთები სავაჭრო დანიშნულებით.

ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული დადგენილებით დამტკიცდა ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2003 წლის 16 ოქტომბრის ¹2 ოქმი. ამ დადგენილებით ა. პ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. ზუგდიდში, მდინარე ......... მარჯვენა სანაპიროზე, ....... ქუჩაზე სპორტკომპლექს “ ......... ” მიმდებარე ტერიტორია 900კვ.მ სავაჭრო დანიშნულების ორსართულიანი კაპიტალური შენობის ასაშენებლად, აღნაგობის უფლებით.

ზემოაღნიშნული დადგენილებებით მოსარჩელეებმა, შესაბამისი ინსტანციების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შედგენილი არქიტექტურული გენ-გეგმითა და სავაჭრო მაღაზიების განლაგების სიტუაციური ნახაზით, ქ. ზუგდიდში, .......... ქუჩაზე, მათთვის იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე ააგეს შენობის სტანდარტული ტიპის სავაჭრო მაღაზიები. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ზუგდიდის რაიონის გამგებლის 2004 წლის 19 მარტს გამოცემული ¹37 განკარგულების საფუძველზე სავაჭრო ობიექტები მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.

მოსარჩელეებსა და ზუგდიდის რაიონის გამგეობას შორის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დადებულია იჯარის ხელშეკრულებები 49 წლის ვადით, მხოლოდ მ. თ-ას აქვს იჯარა 20 წლის ვადით. მოიჯარეებს მათთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე ზუგდიდის რაიონის 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 და 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილებით მიეცათ მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების აღმართვის უფლება, რაც შემდგომში შესაბამისი პროექტებისა და ნებართვების საფუძველზე განხორციელდა კიდეც.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირისათვის სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული აღნაგობის უფლების გადაცემას. აღნიშნული მუხლის მიხედვით, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება. ამავე კოდექსის 234-ე მუხლით აღნაგობის უფლების წარმოშობის საფუძვლებია უძრავი ნივთების შეძენის წესები. ამ შემთხვევაში მოსახლეობის მიერ ვადიან სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ნაგებობანი მიღებულია ექსპლოატაციაში უფლებამოსილი ორგანოების მიერ და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილებით ნაწილობრივ გაუქმდა 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 დებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები მ. ყ-ის, ნ. მ-ას, თ. ს-ას და 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილების ნაწილით ა. პ-თვის (რომელიც არ წარმოადგენს მოსარჩელეს) მიწის ფართობის გადაცემის შესახებ. დანარჩენ მოსარჩელეებს აღნიშნული დადგენილება არ შეხებიათ. მითითებული დადგენილება გამოიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის წერილის საფუძველზე, რომლის თანახმად, გაუქმებას ექვემდებარებოდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 და 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილებების ზოგიერთი მუხლი. ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილებაში მოსარჩელეების მიერ აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აღნიშნულის თაობაზე ზუგდიდის რაიონის გამგეობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არც შემდგომში გამოუცია. სადავო ¹61 დადგენილება ეხება მხოლოდ მოსარჩელეების _ მ. ყ-ის, ნ. მ-ასა და თ. ს-თვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 49-წლიანი იჯარით გადაცემის გაუქმებას.

საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონის ყოფილი გამგებელი ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას ბრალად ედებოდა მოსარჩელეებზე 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 და 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილებების საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემისას დაშვებული კანონდარღვევები. აღნიშნული განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ზუგდიდის რაიონის გამგეობის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, 2005 წლის 27 მარტს, ტექნიკის გამოყენებით დანგრეულ იქნა მოსარჩელეების კუთვნილი სავაჭრო ობიექტები მაღაზიები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია ყოფილი გამგებლის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, თუმცა აღნიშნული განაჩენი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელეების სავაჭრო ობიექტების აღების საფუძველი. მოსარჩელეებს 2002 წლის 22 დეკემბრის ¹57 დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებისა და 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილების მიმართ, რომელთა საფუძველზეც მათ განახორციელეს სავაჭრო ობიექტების მშენებლობა, გააჩნდათ კანონიერი ნდობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

დადგენილი იყო, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილებით მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმდა 2002 წლის 22 დეკემბრის ¹57 დადგენილება, რომელიც შეეხებოდა მხოლოდ მ. ყ-ს, ნ. მ-ასა და თ. ს-ას იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთებს. სხვა მოსარჩელეებთან იჯარის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. რაც შეეხებოდა შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, აღნიშნულზე ადმინისტრაციულ აქტში არაფერი იყო ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეების კუთვნილი შენობების აღებამდე ზუგდიდის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო მოცემულ საკითხზე ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, მოეწვია დაინტერესებული მხარეები და გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის არარსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედება, რითაც დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით არსებით დარღვევად ითვლება ამავე კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო როგორც 32-ე მუხლით გათვალისწინებული სხდომათა საჯაროობის წესი, ასევე 34-ე მუხლი საჯარო დაწესებულების სხდომის გამართვისა და განსახილველი საკითხების თაობაზე დაინტერესებული მხარისათვის წინასწარ შეტყობინების შესახებ. ასევე დარღვეული იყო ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI-VII თავებით დაცული წესები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში აპელანტების მოთხოვნა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება ბანკიდან აღებული სესხის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ, რამდენადაც საქმის მასალებით (საკრედიტო ხელშეკრულებით) არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეების მიერ სესხი აღებული იყო კონკრეტული სავაჭრო ობიექტების აშენების მიზნით, ანუ არ დასტურდებოდა კრედიტის მიზნობრიობა. ამავე დროს საკრედიტო ხელშეკრულებით ირკვეოდა, რომ სესხები ბანკიდან გაცემული იყო სავაჭრო ობიექტების აშენების შემდეგ, 2004 წლის 28 ივნისს და 2005 წლის 11 აგვისტოს. ამდენად, აპელანტების მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელი იყო.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. თ-ას დამატებითი სააპელაციო საჩივარი, აღდგენილიყო მისი კანონიერი უფლებები 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილებით 8კვ.მ მიწის ნაკვეთის 20 წლის ვადით გადაცემის ნაწილში, რამდენადაც დასახელებული დადგენილება მ. თ-თვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში გაუქმებული არ იყო (ტ.2, ს.ფ. 108-121).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონის გამგეობისათვის 234 911 ლარის დაკისრებისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მითითებულ ნაწილში საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორის მითითებით, ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილება კანონიერია, რამდენადაც მას საფუძვლად უდევს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის 2004 წლის 25 ოქტომბრის მომართვა, რომლის მოთხოვნით გაუქმებას ექვემდებარება ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 და 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილებები. ზუგდიდის რაიონის გამგეობაში შედგა გამგეობის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული მომართვის არსებითი და ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პირების მიმართ, რომლებმაც თავის დროზე უკანონოდ გასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობას შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ არანაირი დადგენილება არ მიუღია, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ზიანის ასანაზღაურებლად 234 911 ლარის დაკისრების შესახებ არგუმენტს მოკლებულია (ტ.2, ს.ფ. 190-191).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის სრულყოფილად დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად ბათილად ცნო ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹61 დადგენილება. აღნიშნული დადგენილება შეეხება ფიზიკური პირების _ თ. ს-ას, ნ. მ-ას, მ. ყ-ის, ა. პ-ის, ა. ზ-თვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის ნაწილში ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2002 წლის 23 დეკემბრის ¹57 დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებას. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფიზიკური პირებიდან მოსარჩელეა მხოლოდ თ. ს-ა. თუ რა შემხებლობა აქვთ აღნიშნულ დადგენილებასთან დანარჩენ მოსარჩელეებს და რატომ იქნა ბათილად ცნობილი თ. ს-ას გარდა დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოურკვევია, იყო თუ არა სადავო ¹61 დადგენილებაში მითითებული თ. ს-თვის გადაცემული მიწა საზოგადოებრივი სარგებლობის სანაპირო და მისი კერძო პირისათვის სარგებლობაში გადაცემა საჭიროებდა თუ არა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის ნებართვას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის ვადიან სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული ნაგებობანი მიღებულია ექსპლუატაციაში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მ. ბ-ის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი 12 კვ.მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ტ.1, ს.ფ. 146). დანარჩენ მოსარჩელეთა დანგრეული სავაჭრო ობიექტების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება და, ამდენად, გაურკვეველია, თუ რას ემყარება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა. გარდა ამისა, საქმეში მოიპოვება ინფორმაცია მხოლოდ თ. ს-ას, ნ. ფ-ას, მ. დ-ას, მ. თ-ას, რ. ქ-ას, ი. ს-ას, მ. ბ-ის სავაჭრო ობიექტების ექსპლოატაციაში მიღების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 150, 191, 364), ხოლო დანარჩენ მოსარჩელეთა _ ო. წ-ას, მ. ა-ის, გ. მ-ას, ვ. ხ-ას, ნ. დ-ის, თ. პ-ას, ა. კ-ას, გ. ჯ-ას, რ. ჯ-ას, ბ. ხ-ას სავაჭრო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტი საქმეში არ არის წარმოდგენილი. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ჰქონდათ აღნიშნულ მოსარჩელეებს სავაჭრო ობიექტები აშენებული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელე თ. ს-ას მიწის ნაკვეთი, სადაც დანგრეული ობიექტი ჰქონდა აშენებული, გამოეყო მსუბუქი ასაწყობი კონსტრუქციის აღმართვის უფლებით. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, თუ დანარჩენ მოსარჩელეებს როგორი შენობის აგების უფლებით გადაეცათ მიწის ნაკვეთები _ მსუბუქი კონსტრუქციის თუ კაპიტალურის და რის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოარკვია, თუ როგორი შენობა-ნაგებობები ჰქონდათ მოსარჩელეებს რეალურად აშენებული _ მსუბუქი კონსტრუქციის თუ კაპიტალური და მათ მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენდა მსუბუქი კონსტრუქციის თუ კაპიტალური შენობის ხარჯთაღრიცხვას.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს, შესრულდა თუ არა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 6 აპრილის ¹122 განკარგულება ზარალის ანაზღაურების შესახებ და კონკრეტულად რომელი მოსარჩელეების მიმართ.

საქმის ხელახლი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.