Facebook Twitter

¹ბს-672-640(კ-07) 17 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 8 სექტემბერს კ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წლების განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. ბოლოს, 2004 წლის 12 ივლისიდან დაინიშნა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ...., მინისტრის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹447 ბრძანების საფუძველზე კი გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 101-ე მუხლის შესაბამისად.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე უკანონია, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 101-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ასაკის გამო». მოსარჩელის განმარტებით, კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ არის იმპერატიული ხასიათის და სავალდებულო შესასრულებლად. მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა არა ასაკის გამო, არამედ მინისტრის მხრიდან დევნისა და შურისძიების შედეგად.

მოსარჩელის მოსაზრებით, მას თავისი ცოდნით, გამოცდილებით, კვალიფიკაციით და შრომისუნარიანობით შეეძლო კვლავაც ემუშავა სამინისტროში, მაშინ როდესაც მოპასუხე ორგანიზაციაში დღემდე მუშაობენ საპენსიო ასაკს მიღწეული პირები. ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არAშეიცავდა აგრეთვე იმ ორგანოს დასახელებას, რომელშიც შეიძლებოდა მისი გასაჩივრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹447 ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

მოპასუხე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

აპელანტი სააპელაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებეზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 18 მარტს მოსარჩელე კ. მ-ე ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნა ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 2005 წლის 11 აგვისტოს ¹447 ბრძანებით კ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამედეობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 101-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულ ბრძანებას მოსარჩელე გაეცნო 2005 წლის 12 აგვისტოს.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ კ. მ-ე თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტში იყო 67 წლის.

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. ამავე კანონის 101-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ასაკის გამო, ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება და 65 წლის მოხელე გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 თავით გათვალისწინებულია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები. მოხელის მიერ ზღვრული ასაკის მიღწევა წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციის მოვალეობაა ერთი თვით ადრე აცნობოს მოხელეს მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. სხვა სახის შეზღუდვას მოხელის გათავისუფლების შესახებ კანონმდებელი არ ადგენს. ზღვრული ასაკის მიღწევა არის ერთადერთი და საკმარისი პირობა იმისა, რომ მოხელე, მისი სურვილის მიუხედავად, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 20 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად კ. მ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, კ. მ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას კ. მ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.