ბს-672-644(კ-08) 30 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებაზე /გ. კ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გ. კ.-მ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება /იხ.ს.ფ. 2-3/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ¹5610 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი /იხ.ს.ფ. 43-46/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას /იხ.ს.ფ. 52-53/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 122-127/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ასევე სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, რითაც დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა /იხ.ს.ფ. 131-141/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 146-147/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, სადაც განიმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, კერძოდ, საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით /იხ.ს.ფ. 152-155/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოპასუხის – გ. კ.-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, სადაც განიმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 158-161/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ უზრუნველყო მითითება იმ საფუძვლებზე, რომელიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.