საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-673-641(კ-07) 3 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ნ.-ის, ც. ბ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. ყ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 11 ივლისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-673-641(კ-07) ა. ნ.-ის, ც. ბ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. ყ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით ა. ნ.-ის, ც. ბ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კასატორები საკასაციო საჩივარში არ უთითებდნენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზს). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორებს ა. ნ.-ს, ც. ბ.-ს, მ. მ.-სა და ლ. ყ.-ს განესაზღვრათ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 116-118/.
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორების _ ც. ბ.-ის, ასევე ა. ნ.-ისა და მ. მ.-ის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი საკასაციო საჩივარი /იხ. ს.ფ. 128-132/, ხოლო კასატორის _ ლ. ყ.-ის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ა. ნ.-ის, ც. ბ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით კასატორებს _ ლ. ყ.-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 2 აგვისტოს, ა. ნ.-სა და მ. მ.-ს _ 2007 წლის 8 აგვისტოს, ც. ბ.-ს _ 2007 წლის 9 აგვისტოს, ხოლო კასატორების წარმომადგენელს დ. გ.-ს 2007 წლის 25 ივლისს /ს.ფ. 122-127/.
კასატორმა _ ლ. ყ.-მ ხარვეზი არ შეავსო და წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის არ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზის მითითებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარვეზი არ იქნა შევსებული ასევე კასატორების _ ა. ნ.-ის, ც. ბ.-ისა და მ. მ.-ის მიერ, რადგან ხარვეზის შევსების მიზნით ა. ნ.-ის, ც. ბ.-ისა და მ. მ.-ის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ.-ის, ც. ბ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ნ.-ის, ც. ბ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.