Facebook Twitter

ბს-674-642(კ-07) 3 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 იანვარს თ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტის .... შემსრულებლად.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის საჯარო მოხელეთა ატესტაცია. საქართველოს კონტროლის პალატის საჯარო მოხელეები, რომლებიც ეწეოდნენ საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობას, თანამდებობებზე დანიშნულები იყვნენ მოვალეობის შემსრულებლებად, ხოლო, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრული ვადით დანიშნულები არ ექვემდებარებოდნენ ატესტაციას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, მოხდა მათ თანამდებობრივ დასახელებაში «მოვალეობის შემსრულებლის» გაბათილება. ამდენად, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-272 ბრძანებით ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებაში, რის შედეგადაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით თ. ს-ე დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტის .... თანამდებობაზე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹გან-693 ბრძანებით კი თ. ს-ე გათავისუფლდა სამსახურიდან ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად.

მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის აგვისტოში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტის ..... თანამდებობაზე მის დანიშვნას წინ უძღოდა გასაუბრება, რომელიც, მოსარჩელის მტკიცებით, ატესტაციას წარმოადგენდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ატესტაციას ექვემდებარებოდა მოხელე, რომელიც წამოყენებული იყო სამსახურებრივი დაწინაურებისათვის, ხოლო იმავე კანონის 77-ე მუხლი შეიცავდა სამსახურებრივი დაწინაურების წესს, რომლის თანახმადაც უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლებოდა წამოყენებული ყოფილიყო ის მოხელე, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობდა 6 თვე მაინც და საკონკურსო საატესტაციო კომისია წარადგენდა დასაწინაურებლად. ამდენად, 2004 წლის აგვისტოში ჩატარებული გასაუბრება მოსარჩელემ ატესტაციად მიიჩნია და განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, იგი მომდევნო ატესტაციას ექვემდებარებოდა მხოლოდ 2007 წლის აგვისტოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მან საქართველოს კონტროლის პალატაში 2005 წელს ჩატარებული ატესტაცია შეგნებულად არ გაიარა, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის შესაბამისად, ატესტაცია გავლილი ჰქონდა 2004 წლის აგვისტოში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტის მთავარი კონტროლიორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნისას.

მოსარჩელის განმარტებით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო პროცედურა საქართველოს კონტროლის პალატაში ჩატარდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის ¹174 ბრძანებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავდა სახელმწიფო სამსახურის ბიურო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, ვინაიდან ხსენებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის ¹21 ბრძანებაზე დაყრდნობით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის ¹174 ბრძანებულებას.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დარღვეული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მოხელის 1 თვით ადრე გაფრთხილებას, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან 2004 წელს მოითხოვა კუთვნილი შვებულება, რაზეც საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციამ უარი უთხრა, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-272 და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹გან-693 ბრძანებების ბათილად ცნობა, .... თანამდებობაზე აღდგენა, სახელფასო დანამატის ანაზღაურება და კუთვნილი შვებულების მიღება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემული საქმე თ. ს-ის სარჩელის გამო, მოპასუხე _ საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-272 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა დაუშვებლობის გამო.

მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატაში 2001 წლიდან 2005 წლის ივნისამდე ატესტაცია არ ჩატარებულა. ამასთან, თ. ს-ის საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით ..... თანამდებობაზე დანიშვნა არ მომხდარა ატესტაციის შედეგების საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობდა საატესტაციო კომისიის დასკვნაც. ამდენად, მოსარჩელე კანონის საფუძველზე ექვემდებარებოდა ატესტაციას, ხოლო, ვინაიდან მან არ მიიღო მონაწილეობა ჩატარებულ ატესტაციაში, იგი კანონის თანახმად გათავისუფლდა სამსახურიდან.

მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება საკონკურსო-საატესტაციო პროცედურის კანონმდებლობის დარღვევით ჩატარების თაობაზეც და შესაგებელში მიუთითა, რომ შესაბამისი ატესტაცია ჩატარდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას თ. ს-ემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹გან-693 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და სახელფასო დანამატის ანაზღაურება, ასევე კუთვნილი შვებულების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹გან-693 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ს-ე 1993 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით თ. ს-ე 2004 წლის 7 სექტემბრიდან საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტის .... დაინიშნა. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-272 ბრძანებით ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებაში, რის შედეგადაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით თ. ს-ე 2004 წლის 7 სექტემბრიდან დაინიშნა მთავარ კონტროლიორად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თ. ს-ემ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-272 ბრძანებაც გაასაჩივრა, თუმცა ხსენებულ ნაწილში სასარჩელო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინებით შეწყდა სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა, მათ შორის თ. ს-ის მიერ, გასაჩივრებულ იქნა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანება და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 29 ივნისის ¹55-ორგ ბრძანება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანებით, 2005 წლის 15 ივლისიდან გამოცხადდა საქართველოს კონტროლის პალატის საჯარო მოხელეთა და საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირთა ატესტაცია, ხოლო ხსენებული ბრძანების საჯარო მოხელეთათვის გაცნობა დაევალათ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის განჩინებით აღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნებზე შეწყდა სამართალწარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანებით გამოცხადებული ატესტაციის შესახებ მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა 2006 წლის ივნისში.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი აღნიშნულ ბრძანებას გაეცნო არა როგორც ატესტაციადაქვემდებარებული პირი, არამედ როგორც საქართველოს კონტროლის პალატის მოხელე, ამის დამადასტურებლად კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის ზემოხსენებულ განჩინებაზე მიუთითა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის ზემოთ მითითებული განჩინებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ თ. ს-ე გაეცნო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანებას. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ იგი მას გაეცნო არა როგორც ატესტაციადაქვემდებარებული პირი, აღნიშნული წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, თვით საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანების მე-2 პუნქტში იყო მითითებული საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ვალდებულება, გაეცნოთ ხსენებული ბრძანება ატესტაციადაქვემდებარებული საჯარო მოხელეებისათვის. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივლისის ¹ბ/1-37 ბრძანებით კი განისაზღვრა ატესტაციის გრაფიკი, ანუ ვინ როდის ექვემდებარებოდა ატესტაციის გავლას.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით მოსარჩელის მთავარ კონტროლიორად დანიშვნას წინ არ უძღოდა ატესტაცია.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹პ-544 ბრძანებით მოსარჩელის ატესტაციის გარეშე, ფაქტობრივი დაწინაურების შედეგად, სახელზე იყო თუ არა მოპასუხის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 77-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, წარმოადგენდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹პ-544 ბრძანების კანონიერების განსაზღვრის საფუძველს, რაც სცილდებოდა განსახილველი დავის საგანს.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მტკიცება, რომ იგი, როგორც განსაზღვრული ვადით დანიშნული მთავარი კონტროლიორის მოვალეობის შემსრულებელი, არ ექვემდებარებოდა ატესტაციას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹პ-544 ბრძანებით თ. ს-ე 2004 წლის 7 სექტემბრიდან დაინიშნა ...., რაც განპირობებული იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-272 ბრძანებით საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹პ-544 ბრძანებაში ცვლილებების შეტანით. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-272 ბრძანების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით აღძრულ სარჩელზე კი საქმის წარმოება შეწყვეტილი იყო, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო პროცესუალურ შესაძლებლობას, ემსჯელა _ სწორად იქნა თუ არა შეტანილი ცვლილებები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹პ-544 ბრძანებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ატესტაციის გამოცხადების დროისათვის თ. ს-ე დანიშნული იყო მთავარ კონტროლიორად და ექვემდებარებოდა ატესტაციას.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ დარღვეული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დროს მოქმედი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის «ბ»-»ვ» ქვეპუნქტების საფუძველზე შესაძლებელი იყო თუ მოხელეს არ სურდა გადასულიყო სხვა შესაბამის თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის დასაკავებლადაც წარდგენილი იყო საკვალიფიკაციო იდენტური მოთხოვნები. აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციას ავალდებულებდა, ატესტაციის შედეგად მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, გათავისუფლებამდე მუშაკისათვის შეეთავაზებინა ის ალტერნატიული თანამდებობა, რომლისთვისაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა მოხელის პროფესიული თუ პირადული თვისებები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 81-ე მუხლის თანახმად, ატესტაციის მიზანი იყო მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და პირადული თვისებების დადგენა და მათი კონკრეტული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. აღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა ატესტაციის უარყოფითი შედეგების გამო, არა იმ მიზეზით, რომ მან ვერ დააკმაყოფილა დაკავებული თანამდებობისათვის დაწესებული მოთხოვნები, არამედ საერთოდ არ გასულა ატესტაციაზე, რაც «საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესატაციო კომისიის დებულების» მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უარყოფითი შეფასების საფუძველს წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საატესტაციო კომისიის მიერ ვერ მოხდა მოხელის პროფესიული და პირადული ჩვევების, მისი კვალიფიკაციის შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობის _ იდენტური საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სხვა შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინება თ. ს-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ და 2005 წლის 28 ივნისის ¹55-ორგ ბრძანებებით საქართველოს კონტროლის პალატაში გამოცხადდა ატესტაცია, თუმცა აღნიშნული ბრძანებების გამოცემის დროისათვის თ. ს-ე .... თანამდებობაზე დანიშნული იყო დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, რის გამოც არ ექვემდებარებოდა ატესტაციას. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-272 ბრძანებით კი თ. ს-ე დაინიშნა .... თანამდებობაზე. აღნიშნულ ბრძანებას იგი გაეცნო 2005 წლის 4 ივლისს, ატესტაციამდე 24 დღით ადრე, მაშინ, როდესაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 15 მაისის ¹21 ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ატესტაციის შესახებ შესაბამის პირს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს. ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივლისის ¹ბ-1/37 ბრძანება, რომლითაც ატესტაციის გრაფიკი დადგინდა, გამოიცა ატესტაციამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ, ვინაიდან თ. ს-ეს ატესტაციის ჩატარების თაობაზე არ აცნობეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში, იგი არ იყო ვალდებული გამოცხადებულიყო ატესტაციაზე, რის გამოც აღნიშნული საფუძვლით მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 15 მაისის ¹21 ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოქმედი აღნიშნული მუხლის თანახმად, მოხელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ-ვ" ქვეპუნქტების საფუძველზე შესაძლებელი იყო, თუ მას არ სურდა გადასულიყო სხვა შესაბამის თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც წარდგენილი იყო საკვალიფიკაციო იდენტური მოთხოვნები.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან კასატორი არ გამოცხადდა ატესტაციაზე, მისი თვისებები და კვალიფიკაცია ვერ შეფასდა, ამიტომ საქართველოს კონტროლის პალატა გათავისუფლდა კასატორისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებისაგან.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ კასატორისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას. ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატისათვის ცნობილი იყო კასატორის თვისებები და კვალიფიკაცია, ვინაიდან რამდენიმე თვით ადრე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹პ-544 ბრძანებით მოხდა მისი დაწინაურება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, შესთავაზა თუ არა საქართველოს კონტროლის პალატამ თ. ს-ეს სხვა თანამდებობა და არსებობდა თუ არა მისი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა საქართველოს კონტროლის პალატაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ს-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 3 ოქტომბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.