საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-67-65(კ-07) 22 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე თ. ბ-ის სარჩელის გამო ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 24 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-67-65(კ-07) ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.2, 396.2 მუხლებისა და 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ იყო ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 51-53/.
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ მომართა საკასაციო სასამართლოს, მიუთითა კასაციის საფუძვლებზე და წარმოადგინა ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება ამავე ინსპექციის უფროსის მოადგილე მ. კ-სათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ /იხ. ს.ფ. 58-64/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს ფოთის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს ფოთის საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2007 წლის 6 თებერვალს /ს.ფ. 56/, მაგრამ კასატორმა ხარვეზი არ შეავსო, რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი მომართვა არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1. “ე” პუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც არ შეიცავს არგუმენტაციას თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.