¹ბს-676-643(კ-06) 29 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 115 850 (ასთხუთმეტიათას რვაასორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში დაკისრება, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1996 წლის 12 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹0010/3, რომელიც დაიდო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის 1994 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული საბაზისო ხელშეკრულების, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის 1994 წლის 18 ნოემბერს დადებული “პროექტის განხორციელების” ხელშეკრულების და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტსა და კომუნალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის 1994 წლის 13 მარტს ხელმოწერილი “კომპონენტის განხორციელების” ხელშეკრულების საფუძველზე.
1994 წლის 10 ნოემბრის საბაზისო ხელშეკრულების თანახმად მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკას გამოუყო უპროცენტო სესხი 12,5 მლნ. შDღ – ის (18,1 მლნ. აშშ დოლარის) ოდენობით. აღნიშნული კრედიტიდან 1996 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 095 000 აშშ დოლარი, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 83 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულების “ზ” პუნქტის მიხედვით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტს, ხელშეკრულების “ა” პუნქტიდან გამომდინარე, 1996 წლიდან 1997 წლის ჩათვლით უნდა გადაეხადა 1 095 000 აშშ დოლარის 1.25% თანხის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და ჩაერიცხა იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ანგარიშზე. ხელშეკრულების ,,თ" პუნქტის შესაბამისად, ქ. ფოთის მინიციპალიტეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 1996 წლიდან 1997 წლის ჩათვლით ყოველი წლის 10 დეკემბერს უნდა გადაეხადა 1 095 000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების წლიური 0,25%, ხოლო ამავე ხელშეკრულების “ი” პუნქტის თანახმად, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი კისრულობდა ვალდებულებას თანადაფინასების თანხა (83 000,00 აშშ დოლარის ექვივალენტის თანხა ლარებში) დაებრუნებინა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში 1996-1997 წლების განმავლობაში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაერთი წერილობითი შეხსენებისა (25.04.02წ., 12.06.02წ., 06.12.02წ.) ქ. ფოთის მუნიციპალიტეტმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ფინანსური ვალდებულება და მისი დავალიანება საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 2003 წლის მდგომარეობით შეადგენდა სულ 115 850 აშშ დოლარს, მათ შორის ძირითადი თანხა (საქართველოს წილიდან) – 83 000 აშშ დოლარი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საპროცენტო თანხა – 5 480 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი სესხით სარგებლობისათვის 27 380 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნებს.
მოპასუხე ქალაქ ფოთის მთავრობამ შესაგებლით მიმართა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ მოსარჩელეს სკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ხოლო მუნიციპალიტეტი, როგორც ასეთი არ არსებობს და არც არსებობდა. ამდენად, ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - საკრებულო და მთავრობა, სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან ხელშეკრულება არ არის დადებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 25 სექტემბრის და 17 ოტომბრის განჩინებებით ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახური და მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგენტო საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით, სააგენტოს ლიკვიდაციის გამო, მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგეტო ამორიცხული იქნა საქმიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ფოთის მთავრობას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 115850 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.04.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის მთავრობის მიერ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.02.06წ. განჩინებით ქ. ფოთის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.06წ. საოქმო განჩინებით ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახური ამორიცხულ იქნა საქმიდან სამსახურის ლიკვიდაციის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.06წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, იმ სამართალურთიერთობების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენებოდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. ვინაიდან მხარეთა უფლება-მოვალეობები არსებობდა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგაც, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა უნდა განხილულიყო ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, რომლის 129-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამ წელს შეადგენდა. სააპელაციო პალატის აზრით, ქ.ფოთის მერიის 25.02.99წ. წერილობითი მიმართვა ფინანსთა მინისტრისადმი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 137-ე, 141-ე მუხლების შესაბამისად, სესხის მიმღების მიერ ვალის აღიარება ხანდაზმულობის შეწყვეტისა და ამავე დროს მისი თავიდან ათვლის საფუძველს ქმნიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სარჩელის აღძვრის მომენტის გათვალისწინებით (01.09.03წ.) არ დასტურდება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ორგანოსათვის მოთხოვნის არსებობის შესახებ განცხადებით მიმართვა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ფოთის მერიის მიმართ ფინანსთა სამინისტროს 25.04.02წ. ¹12/0924-699/2092 (ს.ფ. 28), 12.06.02წ ¹12/0924-1041/3099 (ს.ფ. 29), 06.12.02წ ¹12/0924-2348/7387 წერილებით არ დასტურდებოდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, ვინაიდან ვალის აღიარებიდან წერილებით მიმართვამდე უკვე გასული იყო კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ მიმართა ქ. ფოთის მთავრობას მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კასატორის განცხადებით, აღნიშნული დადასტურებულია საქმის მასალებში დაცული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი წერილებით. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის აზრით, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის გამოყენების ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას, ასევე მოთხოვნით მიმართვამდე ხანდაზმულობის ვადის გასვლის საკითხს. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი თვლის, რომ განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.10.06წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული და კასატორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.10.06წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა მის საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორის (ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ მოვალისადმი(ასევე ადმინისტრაციული ორგანოსადმი) დავალიანების გადახდევინების შესახებ მიმართვა არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის და მისი თავიდან ათვლის საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირი მიმართავს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც გააჩნია სადავო საკითხის გადაწყვეტის იურისდიქცია. ასეთად ვერ ჩაითვლება კრედიტორის მიმართვა მოვალისადმი დავალიანების დაბრუნების შესახებ. ამდენად, არ არსებობს სკ-ის 138-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.