ბს-67-67(კ-08) 15 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ე. შ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ე. შ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება /იხ.ს.ფ. 1-2/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელის განმარტებით, იგი იყო აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს მსახურობდა აფხაზეთის ა/რ ქ. სოხუმის მე-..... საავადმყოფოს მიმღები განყოფილების სანიტრად, რასაც ადასტურებდა საბრძოლო მოკვლევა ¹7/911, გაცემული 25.09.2006 წელს.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 19.10.2006წ. ¹5575 წერილიდან გაირკვა, რომ 1992-93 წლების საარქივო მასალებში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებაში მონაწილების შესახებ, რის გამოც ვერ იღებდა მონაწილის სტატუსს, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
სარჩელის სამართლებრივი გარემოებები მითითებული არ არის.
საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 19 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა 1 თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდგენაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით კი ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უნდა უძღოდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 19 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებული მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, რის გამოც ასკ-ის 32.4. მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 19 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას ომის მონაწილის მოწმობის გაცემის თაობაზე, საქალაქო სასამართლომ მისი დაკმაყოფილება აღნიშნულ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია /იხ.ს.ფ. 37-39/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
აპელანტის განმარტებით, შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის, საარქივო მასალების გადამოწმების შედეგად არარსებული ინფორმაციის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მოსარჩელემ მიიღო წერილობითი უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალების გადამოწმების შედეგები. ინფორმაციის არარსებობა მოპასუხის ბრალეულობით არ იყო გამოწვეული, წერილობითი პასუხები კი არანაირ უფლებას არ ულახავდა მხარეს და ამდენად, გაურკვეველი იყო, რატომ აცხადებდა მოსარჩელე პრეტენზიას თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ამასთან, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებისა და გაცემის წესის შესახებ” 2004 წლის 20 ივლისის ¹175 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მოთხოვნები, საიდანაც გაირკვა, რომ სათანადო ბრძანების არარსებობის შემთხვევაში, საჭირო იყო აღნიშნული ფაქტი დამტკიცებულიყო სხვა მტკიცებულებებით, რაც, რეალურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას აღემატებოდა /იხ.ს.ფ. 46-47/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 1-ლი ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. შ-ას სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 19 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
სააპელაციო სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის “ტ” პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. შ-ას კანონიერ ინტერესს წარმოადგენდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება, რომელსაც გასცემდა საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებისა და გაცემის წესის 2006 წლის 3 ივლისის ინსტრუქციის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას, ომში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საქალაქო სასამართლომ მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არ დაეთანხმა მოტივს, ვინიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებასა და გაცემას აწარმოებს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. შესაბამისად, სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი. ამასთან, რამდენადაც ე. შ-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, შესაბამისად, სასამართლოს სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე ამავე საფუძვლით უარი უნდა ეთქვა /იხ.ს.ფ. 64-67/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდისაგან მისი გათავისუფლება.
კასაციის მოტივი:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, რომლის 1-ლი პუნქტის “უ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ ყველა საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 15.3. მუხლის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე /იხ.ს.ფ. 72-73/.
საკასაციო პალატაში საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლის განმარტებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” მუხლის თანახმად, ექვემდებარება დასაშვებად ცნობას /იხ. ს.ფ. 85-86/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების, საქმის მასალების გაანალიზებისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ _ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მირებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დარღვეულია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა სამართლის ნორმა, საქმის განხილვა-გადაწყვეტისას დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმა და კანონის არასწორი გამოყენება-განმარტების საფუძველზე, ამ ნაწილში გამოტანილია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, კასაციის მიზეზს წარმოადგენს კასატორისათვის ,,სახელმწიფო ბაჟის" გადახდევინების დაკისრების შეუსაბამობა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის 5.1. მუხლის ,,უ" ქვეპუნქტთან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივის საფუძვლიანობას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება, რომელიც “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 15.3. მუხლის მიხედვით, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე, ხოლო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ ყველა საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში მატერიალური ნორმის არასწორი განმარტების საფუძველზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხა დააკისრა არა როგორც გაწეული სასამართლო ხარჯი სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, არამედ სახელმწიფო ბაჟის სახით, რაც სრულ შეუსაბამობაშია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" პუნქტთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და მატერიალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 389-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.