¹ბს-677-644(კ-06) 14 თებერვალი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 22 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მ. ჭ-ამ, გ. ზ-ამ, ვ. მ-ამ, ა. შ-ამ, ს. ქ-ამ, ვ. პ-ამ, ბ. მ-მა, დ. შ-ამ, თ. ნ-ამ, მ. ჭ-ამ, მ. ჭ-ამ, დ. გ-ამ, პ. ფ-ამ, ი. ბ-ამ, ა. ბ-ამ, მ. ს-ამ, ტ. კ-მა, რ. ძ-ამ, ნ. რ-ამ და რ. ჭ-ამ მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობის, მესამე პირის _ საქართველოს პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების სამინისტროს მიმართ, მოპასუხისათვის თითოეული მათგანის სასარგებლოდ 1080 ლარის გადახდის დაკისრების Yთაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულებით შინაგან საქმეთა სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორებსა და უბნის ინსპექტორებს დაუწესდათ თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი, ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით. ამის მიუხედავად, მოსარჩელეებს 2004 წლის 21 აგვისტოდან 2005 წლის 21 თებერვლამდე კუთვნილი თანხა არ მიუღიათ. მითითებული პერიოდის (ექვსი თვე) გაანგარიშებით კუთვნილი თანხის ოდენობა თითოეულ მათგანზე შეადგენდა 1080 ლარს.
საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის 21 თებერვლამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურება, რამაც თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ შეადგინა 720 ლარი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას, გ. ზ-ას და სხვების სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. ფოთის მთავრობას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, თითოეულზე სახელფასო დანამატის _ 720 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მთავრობამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ხელფასი (დანამატები) ფინანსდებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტი დამოუკიდებელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტისაგან. ამასთან, ქ. ფოთის საკრებულოს 2005 წლის 25 თებერვლის ¹6/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ქალაქ ფოთის 2005 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული შინაგან საქმეთა სამმართველოს მუშაკთა დაფინანსება, რის გამოც ქ. ფოთის მთავრობა წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ფოთის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ფოთის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორებად და მათი ხელფასები ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მოსარჩელეები უბნის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდნენ 2004 წლის 12 ივლისიდან 2004 წლის 30 დეკემბრამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი დაუწესდათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის, საგამოძიებო დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის სამმართველოს, გენერალური ინსპექციის, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს, სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს, სამხარეო სამმართველოების (სამმართველოს) საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების თანამშრომლებს ამ ბრძანებულების დანართის შესაბამისად. ხსენებული დანართის თანახმად, უბნის უფროსი ინსპექტორისა და ინსპექტორის დანამატი განისაზღვრა 180 ლარის ოდენობით. მოსარჩელეები წარმოადგენდნენ პრეზიდენტის ზემომითითებული ბრძანებულებით განსაზღვრულ შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებზედაც უნდა გავრცელებულიყო ბრძანებულებით დადგენილი სოციალური გარანტიები. ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება უნდა განხორციელებულიყო წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. “2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2004 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, დანამატებისა და დახმარებების გაცემა უნდა განხორციელებულიყო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით შრომის ანაზღაურების ხარჯვისათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. “პოლიციის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიონის (ქალაქის) შინაგან საქმეთა განყოფილებებში საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, შეეძლოთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაეფინანსებინათ პოლიციის თანამშრომელთა დამატებითი საშტატო ერთეული (ნორმა ძალაში იყო 2004 წლის 10 ნოემბრამდე). ქალაქ ფოთის მთავრობა არ უარყოფდა, რომ მოსარჩელეები ხელფასით ფინანსდებოდნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან და, ამდენად, სახელფასო დანამატიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გაცემულიყო, რადგან “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის “ბ” პუნქტით პოლიციის თანამშრომელი იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებსა და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებში იგულისხმებოდა პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულებით დადგენილი დანამატიც. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონშესაბამისი იყო, რომ მოსარჩელეებს თანამდებობრივი სარგოს დანამატი _ თითოეულზე თვეში 180 ლარის ოდენობით, 2004 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 30 დეკემბრამდე, თითოეულს 720 ლარი, ანაზღაურებოდათ ქ. ფოთის მთავრობისაგან.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მთავრობამ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტის (რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა “ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹37 ბრძანებულების “ბ” ქვეპუნქტით) შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ხელფასები და დანამატები ფინანსდებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, ქალაქ ფოთის საკრებულოს 2005 წლის 25 თებერვლის ¹6/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ქ. ფოთის 2005 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული შინაგან საქმეთა სამმართველოს მუშაკთა დაფინანსება.
კასატორი საკასაციო საჩივარში, მიუთითებდა, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის სამმართველოს მუშაკთა ხელფასებისა და დანამატების დაფინანსება გათვალისწინებული იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან, ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. ამასთან, კასატორი მიუთითებდა, რომ ქ. ფოთის მთავრობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩეელებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მარტის განჩინებით ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით: მ. ჭ-ას, გ. ზ-ას, ვ. მ-ას, ა. შ-ასა და სხვათა სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს შს სამინისტროს ნ. ჭ-ას, გ. ზ-ას, ვ. მ-ას, ა. შ-ას, ს. ქ-ას, ვ. პ-ას, ვ. მ-ის, დ. შ-ას, თ. ნ-ას, მ. ჭ-ას, მ. ჭ-ას, დ. გ-ას, პ. ფ-ას, ი. ბ-ას, ა. ბ-ას, მ. ს-ას, ტ. კ-ის, რ. ძ-ას, ნ. რ-ას, რ. ჭ-ას სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულზე სახელფასო დანამატი 720 ლარის, ასევე მგზავრობის ხარჯების 30-30 ლარის, სულ 600 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს შს სამინისტროსთვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნულ ნორმაში ნათქვამია, რომ სახელფასო დანამატის დაფინანსება უნდა მოხდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან.
ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსარჩელეები საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საქართველოს შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან _ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოსთან. მოსარჩელეების მოთხოვნა სახელფასო განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, გამომდინარეობს აღნიშნული საჯარო შრომითი ურთიერთობიდან, როგორც მისი თანმდევი შედეგი, ხოლო ამ ურთიერთობის მონაწილე ვალდებულ მხარეს მოცემულ შემთხევევაში განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით და არა ფოთის მთავრობა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით განმარტავდა, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვეგანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების შესაბამისად, საქალაქო და რაიონული შს სამმართველოებისა და განყოფილებების უბნის უფროს ინსპექტორებსა და ინსპექტორებს განესაზღვრათ ,,დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე 180 ლარის ოდენობით და ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება უნდა განხორციელებულიყო წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. მოპასუხე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. ფოთის მთავრობა არ იყო ვალდებული, აენაზღაურებინა განსაზღვრული დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე, უსაფუძვლოა, ვინაიდან საბიუჯეტო კანონით, ფოთის შს სამმართველოსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, დაფინანსებას ახორციელებდა ქ. ფოთის მთავრობა. საქმეში არსებული 2004 წლის 29 ივლისის ¹347 პ/შ ბრძანებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები ირიცხებიან ფოთის შს სამმართველოს პირადი შემადგენლობის რიგებში, უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო რ. ჭ-ა, 2004 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მალთაყვის პოლიციის ქვეგანყოფილების პოლიციის უბნის ინსპექტორებთან მუშაობის ჯგუფის პოლიციის უბნის ინსპექტორად, რომელიც შესაბამისად გახდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების სუბიექტი 2004 წლის 29 ნოემბრიდან. ამდენად, რ. ჭ-ას მოთხოვნა, მიეცეს 4 თვის გაანგარიშებით სახელფასო დანამატი, არაკანონიერია, ვინაიდან რ. ჭ-ას სასარგებლოდ უნდა გაიცეს მხოლოდ დეკემბრის თვის სახელფასო დანამატი 180 ლარი.
კასატორის განმარტებით, მ. ჭ-ასა და სხვათა სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია იმის თაობაზე, რომ ქ. ფოთის მთავრობას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს 2004 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრამდე 4 თვის გაანგარიშებით თითოეულ მოსარჩელეზე 720 ლარის ოდენობით სახელფასო დანამატის გადახდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ფოთის მთავრობისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 720 ლარის გადახდის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2006 წლის 27 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან რ. ჭ-თან მიმართებაში ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ აღნიშნული გარემოების გამოკვლევის სავალდებულობის შესახებ საკასაციო სასამართლომ მიუთითა თავისი 2006 წლის 2 მარტის განჩინებაში. საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ სადავო გარემოება მიიჩნია დადგენილად, რისი გათვალისწინებითა და სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენოს რ. ჭ-ას მუშაობის ხანგრძლივობის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.