ბს-677-649(კ-08) 30 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. წ.-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ლ. წ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება 1541,23 ლარის ოდენობი /იხ.ს.ფ. 1/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. წ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 515,61 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების სახით 1025,61 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო /იხ.ს.ფ. 35-38/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ლ. წ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში /იხ.ს.ფ. 43-53, 58-60/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. წ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. წ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურება 359,84 ლარის ოდენობით, ხოლო ლ. წ.-ის სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი /იხ.ს.ფ. 127-133/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასისა და კვარტალური ჯილდოს დაკმაყოფილების ნაწილში. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსსკ-ის 102.3, 105-ე, 337.1 და ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, რადგან ისინი ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად, რამდენადაც აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასითი არა აქვს /იხ.ს.ფ. 149-158/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ლ. წ.-მ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, შემდეგი მოტივით:
სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ხანდაზმულობის მომწესრიგებელი ნორმები, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის კერძოსამართლებრივი ურთიერთობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ექვემდებარებოდა გაუქმებას /იხ.ს.ფ. 135-138/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. წ.-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 162-163/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, სადაც განიმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პარქტიკისაგან და საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსსკ-ის 102.3, 105-ე, 337.1 და ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, ვინაიდან ისინი ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასითი არა აქვს /იხ.ს.ფ. 167-170/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. წ.-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. წ.-ის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ უზრუნველყვეს მითითება იმ საფუძვლებზე, რომელიც გახდებოდა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრებში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს არგუმენტაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. წ.-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. წ.-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. წ.-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.