Facebook Twitter

ბს-678-650(კ-08) 18 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 20 სექტემბერს დ. ჩ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹331-კ ბრძანების საფუძველზე, იგი, როგორც რეგიონალური საბაჟო “...-ის” ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულის გამო, დ. ჩ.-მა 2005 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹331-კ ბრძანება და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი ის გარემოება, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის დადგენილი პროცედურული მოთხოვნები. მოპასუხე მხარე არ აპირებდა გამოეცა არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო დავალების თანახმად და არც აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის იძულებით განაცდური ხელფასი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ფაქტები, რომლებიც დადგენილი იყო ერთ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ, აღარ საჭიროებდა მტკიცებას. დ. ჩ.-ის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება დასტურდებოდა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, რის საფუძველზეც, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშვა ვალდებულება, დ. ჩ.-თვის აენაზღაურებინა ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის, კერძოდ, 2005 წლის 14 ივნისიდან სასამართლოს მიერ მისთვის დავალებული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის, კერძოდ, 2005 წლის 14 ივნისიდან სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დავალებული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაეკისრა დ. ჩ.-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი დანამატის) ანაზღაურება 2005 წლის 14 ივნისიდან (მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან) სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის მისთვის ხელზე გასაცემი ხელფასის დაანგარიშებით.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 14 ივნისის ¹331-კ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2007 წლის 12 აპრილს მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საქმის მასალებით, კერძოდ, მოსარჩელისადმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 13 ივლისის ¹16-04/8837 და 2007 წლის 30 აგვისტოს ¹16-04/12894 მიწერილობებით დადგენილი იყო, რომ ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოცემული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე მიწერილობებით მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ, ვინაიდან არ არსებობდა განაცდური ხელფასის ანაზღაურების წესი, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენს შეადგენდა განაცდურის თანხა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელსაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, ჰქონდა პრეიუდიციული ძალა, მოსარჩელე დ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა სამუშაოდან გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებით განაცდური ხელფასი, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო. ამდენად, რადგან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოს მიერ ბათილად იყო ცნობილი და იმ დრომდე არ იყო გამოცემული სხვა შინაარსის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელფასის გაუცემლობის საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანების შესაბამისად, რეორგანიზებული საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიუღებელი ხელფასის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის, მისთვის ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები განსახილველი საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოხელეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის გასტუმრებაზეც პასუხისმგებელი იყო ის დაწესებულება, სადაც მუშაობდა მოხელე.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ შრომის უფლების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებული იყო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლი ადგენდა ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სამსახურიდან მოხელის უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი შეფასების გარეშე. საკასაციო საჩივრის საფუძველია ხსენებული განჩინების მიღება სამართლის ნორმების დარღვევით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ასეთ შემთხვევაში განჩინება გამოტანილია კანონის ნორმების დარღვევით. ამ დარღვევის შედეგად კი, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებელია (რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ), ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის პირობებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს. სარჩელი დაუშვებელია, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის მიხედვით, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ მოსარჩელეს სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეეძლო, განეხორციელებინა სხვა შრომითი საქმიანობა, რაც გამორიცხავდა საჯარო სამსახურიდან მის მიერ ანაზღაურების მიღების კანონიერ შესაძლებლობას. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იძულებითი განაცდურის დაანგარიშების წესს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, არც სასამართლო პრაქტიკაა ჩამოყალიბებული და არც რაიმე ნორმა არ ავალდებულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მოახდინოს იძულებითი განაცდურის დაანგარიშება. ამასთან, ამ სამსახურის მიერ სახელფასო დავალიანების გაუცემლობა გამოწვეულია იმ გარემოებითაც, რომ გასულ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხარჯზე შეუძლებელია იმ მიზეზის გამო, რომ “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად თანხა გამოყოფილი აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო შემოსავლების სამსახურისთვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას.

ამდენად, კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად და სათანადოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის კვალიფიკაციის შეფასების შესახებ, ასევე არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, აგრეთვე, არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე და 23-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 30 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 18 სექტემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.