ბს-681-649(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 22 აპრილს თ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003 წლის 29 აპრილს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილმა პირმა ჩაატარა განმეორებითი აუქციონი ქ. რუსთავში, მე-.... მ/რ, 7-55 მდებარე ბინაზე, ისე რომ მისთვის არ უცნობებია, რითაც დაარღვია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონი და ასევე დაირღვა მისი უფლებები ქონების უპირატესი წესით შესყიდვაზე. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, აუქციონი ჩატარდა კონკურენციის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 29 აპრილის აუქციონის ბათილად ცნობასა და იძულებითი აღსრულების შეჩერებას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის განჩინებით შეჩერდა იძულებითი აღსრულება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამავე სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ჩ-ე, კ. და ე. ვ-ები.
მესამე პირმა მაია ჩხეიძემ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის განჩინება იძულებითი აღსრულების შეჩერების გაუქმების შესახებ.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად: ,,აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე».
რაც შეეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, აუქციონის ჩატარებისას მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ,,სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში».
მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: ,,კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდნენ, იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულების მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლებების დარღვევის შესახებ».
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ის წარმომადგენელმა ტ. ლ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას, იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა პროცესუალური დარღვევებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, თ. ნ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას თ. ნ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.