ბს-681-653(2კ-08) 12 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
2. ფ. ნ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფ. ნ-ემ 2007 წლის 27 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა დავალიანების _ 2235,74 ლარის, დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის _ 3000 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 500 ლარის ანაზღაურება.
ს.ფ. 37-ზე წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსისა და საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ 2007 წლის 28 დეკემბერს გაცემული ¹3-11/10398 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ს/ნ ¹.......-ის სამხედრო მოსამსახურის _ ფ. ნ-ის 1998-99-2000 წლების კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს _ 1317,10 ლარს, კერძოდ: 1998 წლის ხელფასი _ 149,48 ლარი, კვების კომპენსაცია _ 141,60 ლარი; ჯილდო _ 68,74 ლარი; მატერიალური დახმარება _ 45,32 ლარი; 1999 წლის ხელფასი _ 231,65 ლარი, კვების კომპენსაცია _ 236 ლარი; ჯილდო _ 111,97 ლარი; მატერიალური დახმარება _ 45,73 ლარი; 2000 წლის ხელფასი _ 141,47 ლარი, კვების კომპენსაცია _ 145,14 ლარი.
ს.ფ. 7-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹9/3400 პასუხი ფ. ნ-ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილულ იქნა ფ. ნ-ის მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის ¹9-8174 წერილი, სახელფასო და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო, რაც შეეხება სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებას, მითითებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს, ცნობები მიუღებელი ფორმის შესახებ უნდა წარედგინათ შესაბამის საფინანსო სამსახურებში ყოველი მიმდინარე საანგარიშო წლის ბოლომდე, რათა მომხდარიყო შესაბამისი ანაზღაურება ან კრედიტორულ დავალიანებაში ასახვა. ვინაიდან აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეებს არ განუხორციელებიათ, მათზე უნიფორმის სანაცვლოდ გასაცემი შესაბამისი საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას აანაზღაუროს საკომპენსაციო თანხის დავალიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ფ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თავდაცვის სამინისტროს ფ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 522,60 ლარისა და ჯილდოს _ 180,71 ლარის ანაზღაურება, ხოლო კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარების, მივლინების, სანივთე ქონების კომპენსაციის, ზიანისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ფ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ფ. ნ-ის სააპალაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. ნ-ის სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის _ 478 ლარის, მატერიალური დახმარების _ 91,05 ლარისა და სამივლინებო თანხის _ 82 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უარი ეთქვა სანივთე ქონების კომპენსაციის, ზიანისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ნ-ე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და იყო სამხედრო მოსამსახურე. იგი 2006 წლის 1 აგვისტოს დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფ. ნ-თვის ასანაზღაურებელი დარჩა 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია _ 478 ლარი, ამავე პერიოდის მატერიალური დახმარება _ 91,05 ლარი, სამივლინებო თანხა _ 82 ლარი და 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია _ 1008,24 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურეობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს; ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელფასი მოიცავდა როგორც ფულად ჯილდოს, ასევე _ მატერიალურ დახამრებას.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მატერიალური დახმარება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს განეკუთვნება და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მასზე არ უნდა გაევრცელებინა ხანდაზმულობის ვადა კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციისაგან განსხვავებით, რომლებიც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეებს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, რომელთა ანაზღაურებაც მოწესრიგებულია არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქარველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სოციალური საკითხების რეგულირების სპეციალურ კანონს წარმოადგენს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხელფასი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, განსხვავდება სოციალური უზრუნველყოფის ისეთი სახისაგან, როგორიც არის სანივთე ქონებისა და კვების კომპენსაცია, რომლებიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმშია მოქცეული და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება. შესაბამისად, მათ მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლომ გამოიყენა ამავე კოდექსის 137-ე მუხლი და მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, რასაც მოცემულ სადავო შემთხვევაში აპელანტის მხრიდან სანივთე ქონების კომპენსაციის თანხებთან დაკავშირებით (კვების კომპენსაციისაგან განსხვავებით) ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადა ასევე არასწორად იქნა გავრცელებული კვების კომპენსაციისა და სამივლინებო თანხებზე, მით უფრო რომ მოპასუხეს 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹9/3400 წერილით აღიარებული ჰქონდა ამ დავალიანებების არსებობა. სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული წერილი მიიჩნია ვალის აღიარებად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად, რაც, თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს ზიანის ანაზღაურების მოვალეობა შეიძლებოდა დაკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნებოდა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში და თუ იარსებებდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი თავდაცვის სამინისტროს მოქმედებას (უმოქმედობას) და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის, რაც ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თავდაცვის სამინისტროს მოქმედებით (უმოქმედობით) მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი და მიუთითა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამასთან სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავდაცვის სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. შესაბამისად, ფინანსებთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია მისთვის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გამოყოფაზე, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შემადგენლობა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ასეთი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ფ. ნ-ემ.
კასატორმა _ ფ. ნ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა სანივთე ქონების კომპენსაციის, ზიანისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილებით _ სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორს მიაჩნია, რომ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ფაქტობრივი გარემოებაა ¹....... სამხედრო ნაწილის მეთაურისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მიერ 2004 წლის 25 მაისს ხელმოწერილი ¹77 ცნობა, ხოლო სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კანონისმიერი ვალდებულება.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სამინისტროს არ მიუძღვის ბრალი კუთვნილი დავალიანებების დროულად აუნაზღაურებლობით მიყენებულ ზიანზე და რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რა სახის ზიანი მიდგა მას ამით. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ასევე სასამართლოს მსჯელობას საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი და მიუთითა, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს დანამატის სტატუსი. კასატორი თვლის, რომ მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დამანატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. კასატორს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, სასამართლომ საქმეში არსებული 2004 წლის 25 მაისის ¹37 ცნობა ჩათვალა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, ეს ცნობა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული ფ. ნ-ის საკასაციო საჩივარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ფ. ნ-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში; დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ფ. ნ-თვის კვების კომპენსაციისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ფ. ნ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 478 ლარისა და სამივლინებო ხარჯების 82 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ფ. ნ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 478 ლარისა და სამივლინებო ხარჯების 82 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ფ. ნ-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ფ. ნ-თვის კვების კომპენსაციის _ 478 ლარისა და სამივლინებო ხარჯების_82 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ფ. ნ-თვის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 478 ლარისა და სამივლინებო ხარჯების 82 ლარის დაკისრების კანონიერების საკითხი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფ. ნ-თვის ასანაზღაურებელი დარჩა 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია _ 478 ლარი, ამავე პერიოდის მატერიალური დახმარება _ 91,05 ლარი, სამივლინებო თანხა _ 82 ლარი და 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია _ 1008,24 ლარი.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ს.ფ. 7-ზე მოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹9/3400 წერილი სახელფასო დავალიანებასთან ერთად არ შეიცავს კვების ულუფის დავალიანების აღიარებას, რადგან მასში მითითებულია, რომ მხოლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო, მაგრამ სამივლინებო თანხების ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან, მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხების ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან. ამდენად, სამივლინებო თანხის, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, მოთხოვნა ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფ. ნ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-99-2000 წლების კვების კომპენსაციის 478 ლარისა და სამივლინებო თანხის 82 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის ნოემბერში, ე.წ. სასამართლო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ფ. ნ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 478 ლარისა და სამივლინებო თანხის 82 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს ფ. ნ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 478 ლარისა და სამივლინებო თანხის 82 ლარის დაკისრების ნაწილში.
4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ფ. ნ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 522,60 ლარისა და ჯილდოს 180,71 ლარის დაკისრების ნაწილში;
5. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური დახმარების 91,05 ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.