Facebook Twitter

¹ბს-682-650(კ-07) 25 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექცია

დავის საგანი – აუქციონის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობისა და ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ იძულებითი აუქციონის ჩატარების უკანონოდ ცნობა /იხ.ს.ფ. 1-2/.

საქმის გარემოებები:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმე ¹2/288, მოპასუხე შპს ,,ა.-ს" დაეკისრა 288 777 ლარის გადახდა მოსარჩელე ს/ს ,,ფ.-ს" სასარგებლოდ და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, თუმცა გადაწყვეტილება არ შეიცავდა მითითებას, რომ არსებობდა მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, სსსკ-ის 268.1-ე მუხლის საფუძველზე. იმავე დღეს სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებლო ფურცელი, რომლის თანახმად, საქმეში კრედიტორს წარმოადგენდა სს ,,ფ.-ო," მდებარე ქ. ზესტაფონში, ...-ს ¹9-ში, ხოლო მოვალეს _ შპს ,,ა.-ის" დირექტორი, ნაცვლად შპს ,,ა.-ისა," რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროში, ...-ის ¹34-ში. 2004 წლის 18 ნოემბერს შპს ,,ა.-ის" დირეტორს ფოსტის საშუალებით გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებაზე. იმავე დღეს ყადაღადადებული ქონება შეაფასა აუდიტორულმა ფირმამ, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ა.-ს". 2004 წლის 20 ნოემბერს ქვემო ქართლის სააღსრულებლო ბიუროში შევიდა მოქალაქე მ. კ.-ის განცხადება შპს ,,ა.-ის" ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის ჩატარების მოთხოვნის შესახებ. განცხადების გამოქვეყნების დღესვე, 2004 წლის 24 ნოემბერს, გამოიცა განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ - შპს ,,ა.-ის", ქ. თეთრიწყარო ...-ის ¹34, ადმინისტრაციული შენობაზე, მდებარე ...-ის ქ. ¹6, უძრავ-მოძრავი ქონების მიმართ.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ქ. თეთრიწყაროს ...-ის ქ. ¹6-ში მდებარე ქონება ეკუთვნოდა შპს ,,ს.-ს", ნაცვლად შპს ,,ა.-ისა", რომლის მიმართაც საბიუჯეტო დავალიანების არსებობის გამო გამოყენებული იყო გირავნობის, იპოთეკის უფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე თავის შესაბამისად, რაც დასტურდება თეთრიწყაროს რაიონული საგადასახადო ინსპექციის ¹4 შეტყობინებით და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2004 წლის 30 ნოემბერს გაცემული ¹18 დასტურით. 2004 წლის 30 ნოემბერს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა რუსთავის საგადასახადო ინსპექციის უფლებებისა და პრეტენზიების შესახებ ამ ქონების მიმართ, ხოლო 2004 წლის 1 დეკემბრის პასუხით ეცნობათ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹6 ცნობით, თეთრიწყაროში, ...-ის ქ. ¹34-ში მდებარე შპს ,,ა.-ზე" უძრავი ქონება და ამ ქონებაზე ინსპექციის უფლებები არ არის რეგისტრირებული. მიუხედავად მოსარჩელის წინააღმდეგობისა, 2004 წლის 1 დეკემბერს კანონდარღვევებით ჩატარდა იძულებითი აუქციონი, რის შემდეგაც, იმავე დღეს, გაიცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ. ამასთან, აუქციონზე გამოცხადნენ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია სარეალიზაციოდ გამოტანილ ქონებაზე, რაც ოქმში შენიშვნის სახით იქნა შეტანილი.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

სააღსრულებო ბიუროს მიერ აუქციონი ჩატარდა საპროცესო და მატერიალური ნორმების უხეში დარღვევით, რითაც არსებითი ზიანი მიადგა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს. ინსპექციის მიერ ვერ მოხერხდა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების იძულებითი ამოღება. ამასთან, აღსრულების განხორციელების დროს დაირღვა «სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ» კანონის 69-ე მუხლი, რამდენადაც საქმის მასალების თანახმად, მოვალის - შპს ,,ა.-ის" ქონება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით. ასევე გაურკვეველია, თუ რატომ დაექვემდებარა იძულებით აუქციონს შპს ,,ს.-ის" ქონება, მდებარე ქ. თეთრიწყაროში ...-ის ქ. ¹6-ში, მაშინ როცა სასამართლო გადაწყვეტილებითაც და სააღსრულებლო ფურცლითაც თანხის გადახდა დაეკისრა შპს ,,ა.-ს," მდებარე ქ. თეთრიწყაროში, ...-ის ქ. ¹34-ში. ასევე, სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონება ნამდვილ მევალეს რომ ეკუთვნოდეს, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 72.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელს აუქციონის ჩატარებამდე უნდა დაედგინა რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან, რომელი სარგებლობდა უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდებოდა აღსრულება. მიუხედავად ინსპექციის მხრიდან არაერთი შეტყობინებისა, რომ ...-ის ¹6-ში მდებარე ქონება დატვირთული იყო გირავნობის, იპოთეკის უფლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ქვემო ქართლის სააღსრულებლო ბიურომ არ გაითვალისწინა სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემები და ქონება გაიტანა აუქციონზე როგორც დაუტვირთავი, რითაც დარღვეულია აუქციონის ჩატარების წესები, ასევე «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 17.8-ე, 25.2-ე, 631.1-ე, 69-ე, 71.3-ე, 72.2-ე, 74.1-ე და 75.5-ე მუხლები.

საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი 2004 წლის 1 დეკემბერს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ შპს ა.-ის ქონებაზე იძულებითი აუქციონის ჩატარება; ბათილად იქნა ცნიბილი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 24 ნოემბრის განკარგულება იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ შპს «ა.-ის» ქონებაზე და 2004 წლის 1 დეკემბრის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 311.1. და 312.1 მუხლები, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 69-ე მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან და მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან ირკვეოდა, რომ შპს ,,ა.-ის" ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო, რაც დასტურდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 23 სექტემბრის ¹6 ცნობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2004 წლის 30 ნოემბრის ¹18 ცნობით თანახმად კი, საგადასახადო ინსპექციის შეტყობინება გირავნობის იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შპს «ს.-ზე» თეთრიწყაროს მიწის მართვის სამმართველოში რეგისტრირებულია 2003 წლის 10 სექტემბერს.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 72.2 მუხლი და განმარტა, რომ, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ქონება დატვირთულია საგადასახადო ინსპექციის მიერ გირავნობითა და იპოთეკით, იმავე ქონებაზე აუქციონის განხორციელების შემთხვევაში, არაიპოთეკარის მიერ, საკუთრებაში გადასვლის მიუხედავად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩებოდა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 75.5 მუხლის საფუძველზე /იხ.ს.ფ. 52-53/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, რამდენადაც სასამართლომ მიუთითა, რომ აუქციონზე რეალიზებული ქონება არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ამავე დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ქონებაზე საგადასახადო ინსპექციას ჰქონდა იპოთეკის უფლება, რაც რეგისტრირებული იყო თეთრიწყაროს მიწის მართვის სამმართველოში, თუმცა გაუგებარია თუ ქონება საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, საგადასახადო ინსპექციამ ქონებაზე იპოთეკა რა გზით გაატარა რეგისტრაციაში თეთრიწყაროს მიწის მართვის სამმართველოში. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე, მიწის ნაკვეთების (და სხვა უძრავი ქონების) გასხვისება შესაძლებელია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში არსებულ ჩანაწერების საფუძველზე. თეთრიწყაროს ტექბიუროს 2004 წლის 21 სექტემბრის ცნობით კი თეთრიწყაროში, ...-ის ¹6-ში მდებარე ქონება ირიცხება შპს ,,ს.-ის" სახელზე. ასევე საქმეში წარმოდგენილია, თეთრიწყაროს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 23 სექტემბრის ¹6 ცნობა, რომლის თანახმად, შპს ,,ს.-ის" სახელზე რეგისტრირებული არ არის რაიმე ქონება.

საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2004 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, გირავნობის უფლების გამოყენებაზე საგადასახადო ინსპექციას 3 დღის ვადაში უნდა ეცნობებინა როგორც გადასახადის გადამხდელის, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოსათვის, თუ საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის დაცვით ჰქონდა ქონებაზე იპოთეკას ადგილი, მაშინ ასეთი ინფორმაცია აუცილებლად იქნებოდა თეთრიწყაროს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 23 სექტემბრის ¹6 ცნობაში. ამდენად, ვინაიდან ქონება, ტექბიუროს მონაცემებით, რეგისტრირებული იყო ,,ა.-ზე," სააღსრულებო ბიუროს უფლება ჰქონდა მოეხდინა ქონების რეალიზაცია აუქციონზე. ასევე, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გირავნობა გამოიყენება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე, უძრავ ნივთზე კი გამოიყენება იპოთეკა, მაშინ, როცა საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლი მიუთითებს მხოლოდ გირავნობაზე, ანუ ის შეეხება მხოლოდ მოძრავ ნივთებს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თეთრიწყაროში, ...-ის ¹6-ში მდებარე ქონება გახლავთ უძრავი ნივთი, ბუნებრივია, მასზე გირავნობა ვერ იქნებოდა რეგისტრირებული.

აპელანტმა მიუთითა, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში დანიშნული აუქციონის შეჩერება შესაძლებელია, მხოლოდ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 33-ე და 36-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა, ამასთან, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ შპს ,,ა.-ის" უძრავი ქონება, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, რეალიზებულ იქნა იძულებით აუქციონზე 2004 წლის 1 დეკემბერს და ქონება შეძენილ იქნა ტ. გ.-ის მიერ, ხოლო, ვინაიდან ტ. გ.-ი კანონმდებლობის თანახმად, კეთილსინდისიერ შემძენად ითვლებოდა, ამ უკანასკნელს უფლება აქვს სარჩელი აღძრას სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე ტ. გ.-ი საქმეში უნდა ჩაერთო მესამე პირად /იხ.ს.ფ. 56-58/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე, ტ. გ.-ი ჩაერთო მესამე პირად /იხ.ს.ფ. 70-71, სხდომის ოქმი/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განჩინებით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივ გარემოებები და სამართლებრივი შეფასება და განმარტა, რომ აპელანტს მათი გამაბათილებელი მოტივები სასამართლოში არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები /იხ.ს.ფ. 91-93/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება /იხ.ს.ფ. 98-99/.

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლოს არ გადაუმოწმებია და არც გამოუკვლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგან სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გამოტანამდე მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასაბუთება, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებულია, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე. სააღსრულებო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ ქ. თეთრიწყაროს ტექბიუროს 2004 წლის 21 სექტემბრის ცნობით, თეთრიწყაროში, ...-ის ¹6-ში მდებარე ქონება ირიცხება შპს ,,ს.-ის" სახელზე. სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე, საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრთან ერთად ასრულებდა ტექაღრიცხვის ბიუროები. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად ,,რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილებით ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე სახელმწიფო რეესტრის შესახებ კანონის თანახმად, შეიქმნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებას მოჰყვა ტექბიუროების ლიკვიდაცია, რომელიც საჯარო რეესტრთან ერთად აწარმოებდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. 2004 წლის 21 ოქტომბრამდე, ტექბიუროების ლიკვიდაციამდე ტექბიუროების ჩანაწერებზე მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია.

კასატორის მითითებით, სააღსრულებო ფურცელში მოვალედ, რომლის საკუთრებაში არსებული ქონების მიმართაც უნდა მიქცეულიყო აღსრულება, მითითებული იყო შპს ,,ა.-ი", ხოლო ის ადმინისტრაციული შენობა, რაც გაიყიდა აუქციონზე, მდებარე ქ. თეთრიწყაროში, ...-ის ქ. ¹6-ში, საჯარო რეესტრის თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 21 სექტემბრის ¹11 ცნობის მიხედვით, ირიცხება მსგავსი დასახელების, მაგრამ სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირზე, შპს ,,ს.-ის" ბალანსზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ქვემო ქართლის სასამართლო აღმასრულებელმა წერილით მიმართა რუსთავის საგადასახადო ინსპექციას, რათა ეცნობებინათ თეთრიწყაროს რაიონში არსებობდა თუ არა რეგისტრირებულ გადამხდელად ორი ა.-ი. კერძოდ: შპს ,,ა.-ი" და შპს ,,ს.-ი", რომლის დირექტორიც არის ს.-ე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 02.07.07 წლის ¹6069/04 წერილიდან ირკვევა, რომ თეთრიწყაროს რაიონში, ...-ის ქ. ¹6-ში რეგისტრირებულია შპს ,,ს.-ი", რომლის დირექტორია ნ. ს.-ე და იმის დადგენილად მიჩნევა, რომ შპს ,,ა.-ი" და შპს ,,ს.-ი" არის სხვადასხვა იურიდიული პირები, არ შეესაბამება სინამდვილეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, Hრომ მხარეს, ვისი ქონების რეალიზაციაც მოახდინა სასამართლო აღმასრულებელმა, არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, გირავნობის უფლების გამოყენებაზე საგადასახადო ინსპექციას 3 დღის ვადაში უნდა ეცნობებინა როგორც გადასახადის გადამხდელის, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოსათვის, თუ საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის დაცვით, რეალურად განხორციელდა ქონებაზე იპოთეკა, მაშინ ასეთი ინფორმაცია აუცილებლად იქნებოდა თეთრიწყაროს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹6 ცნობაში აღნიშნული. ამასთან, გირავნობა გამოიყენება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე, უძრავ ნივთზე გამოიყენება იპოთეკა. საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლში კი მითითებულია მხოლოდ გირავნობაზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის ნოემბრის განჩინებით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «ა» მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, არსებითად სწორი გადაწყვეტილება დაადგინა, საკასაციო საჩივრის მოტივები არ შეიცავს დასაბუთებულ და საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 69-ე მუხლის არასწორად გამოყენებისა და განმარტების შესახებ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო ქ. თეთრიწყაროს ტექბიუროს 2004 წლის 21 სექტემბრის ცნობით დასტურდებოდა, რომ ქ. თეთრიწყაროში, ...-ის ქ. ¹6-ში მდებარე ქონება ირიცხებოდა შპს «ს.-ის» სახელზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებულია, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე. საქმის მასალების თანახმად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 2004 წლის 21 სექტემბრის ¹11 მიმართვით ეცნობა, რომ შპს «ა.-ის» ბალანსზე ირიცხებოდა ადმინისტრაციული შენობა მდებარე ქ, თეთრიწყაროში, ...-ის ქ. ¹6-ში, ხოლო თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹6 ცნობის თანახმად, შპს ა.-ზე კუთვნილი უძრავი ქონება არ იყო რეგისტრირებული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 69-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევა გამოიხატა არა იმ გარემოებაში, რომ აღმასრულებელი იძულებითი აუქციონის შესახებ განკარგულების გამოცემისას დაეყრდნო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის და არა საჯარო რეესტრის თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემს, არამედ მოცემულ შემთხვევაში ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ მიწოდებული მონაცემები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს იძულებითი აუქციონის ჩატარებისათვის, რადგან თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 2004 წლის 21 სექტემბრის ¹11 მიმართვის თანახმად, შპს «ს.-ის» ბალანსზე ირიცხებოდა ადმინისტრაციული შენობა მდებარე ქ. თეთრიწყაროში, ...-ის ქ. ¹6-ში. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2004 წლის 12 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებული იყო შპს «ა.-ი», რომლის მისამართად მითითებული იყო თეთრიწყარო, ...-ის ქ. ¹34. ამდენად, აღმასრულებელს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მიექცია შპს «ა.-ის» ქონებაზე, რომლის შესახებაც მონაცემები აღმასრულებელს არ ჰქონდა. იგი დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ შპს «ა.-ი» და შპს «ს.-ი» ერთი და იგივე საწარმო იყო და აღსრულება მიაქცია ამ უკანასკნელის ქონებაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია უკანონოდ აღმასრულებლის ქმედება, რადგან იმ პირობებში, როდესაც აღმასრულებელს არ მოეპოვებოდა ინფორმაცია შპს «ა.-ის» სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ, ხოლო მსგავსი სახელწოდებით, სხვა მისამართზე საგადასახადო ინსპექციისა და ტექნიკური სამსახურის მონაცემებით რეგისტრირებული იყო სხვა საწარმო, აღმასრულებელს უნდა მიემართა სასამართლოსათვის სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალის რეკვიზიტებში შესწორების შეტანის შესახებ, რადგან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 21.1 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 21.3 მუხლის თანახმად, მოვალის რეკვიზიტები მიეთითება სააღსრულებო ფურცელში. მოცემულ შემთხვევაში, კი აღმასრულებელმა იძულებითი აუქციონი მართალია გამოაცხადა სააღსრულებო ფურცელში მითითებული საწარმოს მიმართ, მაგრამ ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 2004 წლის 21 სექტემბრის ¹11 მიმართვისა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹6 ცნობის გათვალისწინებით, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ შპს «ა.-ი» და შპს «ს-ი» ერთი და იგივე საწარმოს წარმოადგენდა, რეალურად აღსრულება განახორციელა შპს «ს.-ის» მიმართ.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ აუქციონი ჩატარდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 72.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გარეშე. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, თუ რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება. საქმეში წარმოდგენილი თეთრიწყაროს რაიონული საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 სექტემბრის ¹4 შეტყობინების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილი იყო გირავნობის, იპოთეკის უფლება ქ. თეთრიწყაროში, ...-ის ქ. ¹6-ში მდებარე შპს «ს-ის» ქონებაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ იპოთეკის უფლების არსებობის პირობებში, აღნიშნული მითითებული იქნებოდა თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹6 ცნობაში, რადგან მითითებული ცნობა გაიცა აღმასრულებლის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც ითხოვდა ინფორმაციას შპს «ა.-ის» და არა შპს «ს.-ის» სახელზე რეგისტრირებული ქონების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2004 წლის 30 ნოემბრის ¹2659 მიმართვით ეცნობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შპს «ს.-ის» საგადასახადო დავალიანების ამოღების მიზნით 2003 წლის 10 სექტემბერს გამოყენებული იყო გირავნობის უფლება, რაც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. შესაბამისად, საჯარო რეესტრის სამსახური არ მიუთითებდა შპს «ს.-ის» სახელზე რეგისტრირებული ქონების შესახებ, აღმასრულებლის მხრიდან ამგვარი მოთხოვნის არარსებობის პირობებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისას ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის დარღვევას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება;

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო ხარჯების სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.