ბს-682-654(კ-08) 30 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ყ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე ნ. ყ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურისა და ზ. გ.-ის მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2006 წლის 6 ნოემბერს ნ. ყ.-მ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ასევე ზ. გ.-ის მიმართ და მოითხოვა თელავის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ 2003 წლის 23 დეკემბრის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2003 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 1-4/.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ყ.-ის სარჩელი ზ. გ.-ის სახელზე საცხოვრებელი სახლის აღრიცხვის შესახებ თელავის ტექაღრიცხვის ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2003 წლის 24 დეკემბერს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /იხ. ს.ფ. 126-128/.
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ.-ის წარმომადგენელმა თ. მ.-მ და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება /იხ. ს.ფ. 135-142/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ყ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თელავის რაიონულ სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გდაწყვეტილება, ნ. ყ.-ის სარჩელი თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2003 წლის 29 დეკემბერს 1996 წლის 21 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზ. გ.-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 198-202/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ.-მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმება, რითაც უარი ეთქვა მოსამართლე გ. გ.-ის აცილებაზე და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის არსებითი განხილვისათვის /იხ. ს.ფ. 210-220/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 223-224/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოსაზრებები წარმოადგინეს მოწინააღმდეგე მხარემ – ზ. გ.-მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა /იხ. ს.ფ. 232-233; 242-248).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ნ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ნ. ყ.-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ყ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.