Facebook Twitter

¹ბს-684-651(კ-06) 3 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

საკასაციო პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატისა და ო. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით, ხოლო 2005 წლის 20 დეკემბერსა და 2006 წლის 6 იანვარს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა ო. გ-ემ მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 26 სექტემბრის ¹კ-491, 2005 წლის 29 ნოემბრის ¹-1/68 ბრძანებების და საატესტაციო კომისიის მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საშვებულებო და სახელფასო თანხებს შორის სხვაობის ანაზღაურება, ასევე გასაუბრებაზე ხელმეორედ გატარება და დადებითი შეფასების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ აღდგენა.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

2005 წელს საქართველოს კონტროლის პალატაში ჩატარდა ატესტაცია, რომელიც შედგებოდა ორი ეტაპისაგან: ტესტირება და გასაუბრება. მის დეპარტამენტში ტესტირება ჩატარდა 29 ივლისს, რა დროსაც 75-ქულიანი ზღვარი გადალახა. დაახლოებით 20 დღეში შედგა გასაუბრება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა დეპარტამენტის უფროსის დახასიათებას, სპეციალურ უმაღლეს განათლებას, სპეციალობით მუშაობის სტაჟს, “ბაასს-ის” და კომპიუტერის ცოდნას, რაც მის შემთხვევაში გათვალისწინებული არ იქნა, ვინაიდან აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება, სარევიზიო სამსახურში მუშაობის 40 წელზე მეტი სტაჟი, გავლილი აქვს “ბაას-ის” და კომპიუტერის კურსები, წლების განმავლობაში სპეციალობით კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. გასაუბრების დროს კი მისი დახასიათებაც არ მოსთხოვეს დეპარტამენტის უფროსს და მოუწყვეს ზეპირი გამოცდა მაშინ, როცა სხვა შემთხვევებში დაკმაყოფილდნენ დეპარტამენტის უფროსის დახასიათებით და მისი კოლეგებისათვის ერთი შეკითხვაც არ მიუციათ, რამაც მასზე მორალურად ძალიან იმოქმედა და გამოცდის პასუხებზე კი არ ფიქრობდა, არამედ იმაზე, თუ რატომ და ვისი დავალებით უკეთებდნენ ამას. გასაუბრების შედეგი მისთვის ოფიციალურად არავის უცნობებია. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოქვეყნდა შედეგები, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერებოდა და ექვემდებარებოდა ჩამოქვეითებას. ამის შემდეგ პირადად ესაუბრა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და დაუტოვა მოხსენებითი ბარათი. 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹შვ-304 ბრძანებით გავიდა შვებულებაში, როგორც დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. იგულისხმა, რომ მისი მოხსენებითი ბარათი გაიზიარეს და დაწყნარებული წავიდა შვებულებაში, 17 ნოემბერს, როდესაც შვებულებიდან დაბრუნდა, გაიგო, რომ მთავარ კონტროლიორად ჩამოაქვეითეს, რითაც ხელფასი დაახლოებით 100 ლარის ოდენობით შეუმცირდა და რისი ბრძანებაც მისთვის არავის გაუცვნია და ჩაუბარებია. 2005 წლის 24 ნოემბერს განცხადებით მიმართა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და სთხოვა მის ჩამოქვეითებაზე მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოცემული 2005 წლის 21 სექტემბრის ¹კ-491 ბრძანების ბათილად ცნობა, ამ უკანასკნელმა კი 29 ნოემბერს გამოსცა ¹ბ-1/68 ბრძანება, რითაც შესწორება შეიტანა შვებულებაში გასვლის ბრძანებაში, კერძოდ: თანამდებობის დასახელება “უფროსის მოადგილე” შეიცვალა “მთავარი კონტროლიორით”. აღნიშნული ბრძანება ჩაბარდა 2005 წლის 1 დეკემბერს. ამავე დღეს მას გააცნეს საატესტაციო ფურცელი, სადაც აღნიშნული იყო მისი განათლება, კვალიფიკაცია, მუშაობის სტაჟი და შემდეგი შეფასება: “მუშაობის პერიოდში თავი გამოავლინა, როგორც თავაზიანმა და დისციპლინირებულმა მუშაკმა. გააჩნია დოკუმენტური მასალების გაანალიზების და ადეკვატური დასკვნების გამოტანის უნარი, მინდობილ საქმეს ეკიდება პასუხისმგებლობით, უნარი შესწევს, იმუშაოს საკუთარ თავზე, თანამშრომლებს შორის სარგებლობს ავტორიტეტით”. ამის შემდეგ კი წერია: “როგორც ხელმძღვანელ მუშაკს, მართებს უფრო მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა”. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ასეთია: “არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება”, თუმცა რისთვის და რატომ, გაურკვეველია (ს.ფ. 2-4, 31-34, 42).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული აქტების _ საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის, აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 26 სექტემბრის ¹კ-491 ბრძანებისა და 2005 წლის 29 ნოემბრის ¹ბ-1/68 ბრძანების ბათილად ცნობაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა აგრეთვე მოპასუხის _ საქართველოს კონტროლის პალატის დავალდებულებაზე, მოსარჩელის მიმართ განმეორებით ჩაეტარებინა ატესტაციის მეორე ეტაპი _ გასაუბრება და დადებითი შეფასების შემთხვევაში აღედგინა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა _ ო. გ-ის სასარგებლოდ საშვებულებო დახმარების სახით იმ სხვაობის ანაზღაურება, რომელიც მას უნდა მიეღო შვებულებაში გასვლის წინ, როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და არა როგორც უფროს კონტროლიორს, მოსარჩელეს უარი ეთქვა საშვებულებო დახმარების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ტესტირება გაიარა 2005 წლის 29 ივლისს და დააგროვა გამსვლელი ქულა. მეორე ეტაპი _ გასაუბრება _ ჩატარდა 15 აგვისტოს. ატესტაციის შედეგები 2005 წლის 17 აგვისტოდან 2 კვირის ვადაში გამოქვეყნდა მოპასუხე ორგანიზაციის შენობის პირველ, მე-3 და მე-4 სართულებზე. საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 26 სექტემბრის ¹პ-491 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და დაინიშნა (ჩამოქვეითდა) იმავე დეპარტამენტის მთავარი კონტროლიორის თანამდებობაზე 2005 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹შვ-304 ბრძანებით მოსარჩელე გაშვებულ იქნა კუთვნილ შვებულებაში 3 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე ვადით. აღნიშნულ ბრძანებაში მოსარჩელის თანამდებობად მიეთითა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹ბ-1/68 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹შვ-304 ბრძანებაში იმგვარად, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობად მიეთითა მთავარი კონტროლიორი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული დავის გადასაწყვეტად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გარდა საქართველოს პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის ¹21 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” ნორმები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მოსარჩელის მტკიცება, რომ გასაუბრების დროს მის უშუალო ხელმძღვანელს _ დეპარტამენტის უფროსს _ არ მისცეს მისი დახასიათების საშუალება, არ წარმოადგენდა კონკურსის ჩატარების წესის დარღვევას, ვინაიდან მითითებული დებულების მე-20 მუხლის თანახმად, მოხელის დახასიათება დგებოდა სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფდა, რომ დახასიათება დგებოდა წერილობითი ფორმით და დაერთვოდა პირად საქმეს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო გასაცნობად საატესტაციო კომისიის წევრებისათვის. 25.1 მუხლის მიხედვით, მოხელესთან გასაუბრება ტერდებოდა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით. 25.3 მუხლის თანახმად, კომისია ისმენდა და ითვალისწინებდა მოხელის ხელმძღვანელის დახასიათებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავდა იმას, რომ გასაუბრებაზე დამსწრე ხელმძღვანელს უშუალოდ და ზეპირი ფორმით უნდა მოეხდინა მოხელის დახასიათება, ეს უკანასკნელი წერილობითი ფორმით იყო წარდგენილი მოხელის პირად საქმეში და შესაძლებელი იყო მისი ციტირება. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის, საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 26 სექტემბრის ¹პ-491 ბრძანების გამოცემა მოხდა საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, მითითებული დებულების 21.1 მუხლის “გ” პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის თანახმად. მოსარჩელე თანამდებობრივად დააქვეითეს 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ მოსარჩელის შვებულებაში გასვლამდე, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹შვ-304 ბრძანებაში დაშვებულ იქნა შეცდომა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59.1 მუხლი ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას, რაც ამავე ნორმის თანახმად, ნიშნავდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ 2005 წლის 29 ნოემბრის ბრძანება გამოცემული იყო კანონით დადგენილი წესების დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებისა და მისი თანმდევი ადმინისტრაციული აქტის _ საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 26 სექტემბრის ¹პ-491 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის პირობებში სარჩელის მოთხოვნები ატესტაციის მეორე ეტაპის _ გასაუბრების _ განმეორებით ჩატარებისა და დადებითი შეფასების შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან საქმის გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე ატესტაციის მეორე ეტაპი (გასაუბრება) მოსარჩელის მიმართ ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და კონტროლის პალატის 2005 წლის 26 სექტემბრის ¹პ-491 ბრძანება წარმოადგენდა მის ლოგიკურ შედეგს.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონტროლის პალატას მისთვის უნდა მიეცა საშვებულებო დახმარება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რა დროსაც მას მხედველობაში უნდა მიეღო იმ თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, რომელსაც იგი, როგორც დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თანამდებობიდან ჩამოქვეითებამდე და შვებულებაში გასვლამდე იღებდა. საქმის მასალების თანახმად, ო. გ-ე შვებულებაში იმყოფებოდა 2005 წლის 3 ოქტომბრიდან, მისი თანამდებობიდან ჩამოქვეითება კი მოხდა რამდენიმე დღით ადრე _ 2005 წლის 26 სექტემბერს, აღნიშნულ დრომდე მოსარჩელე იკავებდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას, ამიტომ საშვებულებო დახმარება მოპასუხეს უნდა გამოეანგარიშებინა წინა 12 თვის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ მოტივით, რომ მოსარჩელე მუშაობდა კონტროლის პალატის სისტემაში. მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტი ითვალისწინებდა ყველა სხვა საქმეზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო, იკავებდა კონკრეტულ თანამდებობას, ახორციელებდა შრომით საქმიანობას და იღებდა აღნიშნულის სანაცვლოდ ხელფასს, ამდენად, არ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა (ს.ფ. 60-62).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ო. გ-ემ და საქართველოს კონტროლის პალატამ.

ო. გ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 74-76).

საქართველოს კონტროლის პალატამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 70-73).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ო. გ-ისა და საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

საპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ო. გ-ე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის საჯარო მოხელეთა ატესტაცია. 2005 წლის 14 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეთა ტესტირების (სარევიზიო კონტროლის) გრაფიკი, რომლის მიხედვით, ტესტირება ჩატარდა 2005 წლის 28-29 ივლისს. ო. გ-ემ _ სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ტესტირება გაიარა 2005 წლის 29 ივლისს. მეორე ეტაპი _ გასაუბრება _ შედგა 2005 წლის 15 აგვისტოს. საკონკუსრო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ო. გ-ე არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და საჭირო იყო მისი ჩამოქვეითება. ატესტაციის შედეგები გამოქვეყნდა ატესტაციის მეორე ეტაპის დამთავრებიდან _ 2005 წლის 17 აგვისტოდან ერთი კვირის ვადაში, ყყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად, კონტროლის პალატის შენობაში მე-3, მე-4 სართულებზე და პირველ სართულზე ვესტიბიულში განთავსებულ სპეციალურ დაფაზე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 26 სექტემბრის ¹491 ბრძანებით ო. გ-ე გათავისუფლდა საქართველოს კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან 2005 წლის 1 ოქტომბრიდან და დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მთავარი კონტროლიორის თანამდებობაზე 2005 წლის 1 ოქტომბრიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა საშტატო განრიგის თანახმად. ბრძანების საფუძვლად მითითებული იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ 2005 წლის 7 ოქტომბერს გამოსცა შემდეგი შინაარსის ¹შვ-304 ბრძანება: “კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ო. გ-ეს შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა 2005 წლის კუთვნილი შვებულების 45 კალენდარული დღით 2005 წლის 3 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 89-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად. საფუძველი: პირადი განცხადება”. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹ბ-1/68 ბრძანებით “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “კ” პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილი იქნა ცვლილება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹შვ-304 ბრძანებაში, კერძოდ: თანამდებობრივი დასახელება “უფროსის მოადგილე” შეიცვალა თანამდებობრივი დასახელებით: “მთავარი კონტროლიორი”.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსთან ერთად გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის ¹1 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება”. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის თანახმად, მოხელის ატესტაციის ჩატარების პროცესს ხელმძღვანელობდა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის თითოეულ წევრს ჰქონდა ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილი იყო, თუ მას ესწრებოდა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. ამავე დებულების მე-17 მუხლის თანახმად, ატესტაციის მიზანი იყო საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის სრულყოფა, კონტროლის პალატის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შეფასება. მე-20 მუხლის თანახმად, ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგებოდა დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. მოხელეს უფლება ჰქონდა ატესტაციამდე ორი კვირით ადრე გაცნობოდა მასზე შედგენილ დახასიათებას. 21-ე მუხლის თანახმად, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კომისია ადგენდა ამავე მუხლით განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელთა შორის იყო: “არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება”. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ო. გ-ის მიმართებაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, ასევე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის გასაჩივრებული ბრძანებები გამოცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში და აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქმის მასალებს არ ეწინააღმდეგებოდა. ო. გ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და დაინიშნა უფრო დაბალ თანამდებობაზე ატესტაციის შედეგების საფუძველზე, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის მითითება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე უსაფუძვლო იყო. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, ყველა მუშაკს ეძლეოდა შვებულება სამუშაო ადგილის და ხელფასის შენარჩუნებით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად შვებულების მოსაპოვებლად საჭირო იყო შესაბამისი სტაჟი. აქედან გამომდინარე, შვებულება წარმოადგენდა გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობის შესრულების შემდეგ დასვენების კანონით მინიჭებული უფლების მოპოვებას ხელფასის შენარჩუნებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში შვებულების დროს შენარჩუნებული ხელფასის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო არა ახალი, არამედ ძველი ხელფასიდან გაანგარიშებით, რის გამოც საშვებულებო დახმარება უნდა გამოანგარიშებულიყო წინა 12 თვის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. გ-ემ და საქართველოს კონტროლის პალატამ.

ო. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 26 სექტემბრის ¹კ-491 ბრძანების ნაწილში და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს შემდეგზე:

2005 წელს საქართველოს კონტროლის პალატაში ჩატარებული ატესტაციის პირველ ეტაპზე, ტესტირების დროს, კასატორმა გადალახა 75%-იანი ბარიერი, რის შემდეგაც გავიდა გასაუბრებაზე. მისი განმარტებით, “საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ტესტირების დადებითი შეფასების შემთხვევაში, მიღებული ქულების საერთო რაოდენობაზე კანდიდატს ან მოხელეს გასაუბრებისას ემატება, მაგალითად: უმაღლესი ეკონომიკური განათლებისათვის _ 3 ქულა; უმაღლესი იურიდიული განათლებისათვის _ 3 ქულა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მის მიერ მიღებული ქულების საერთო რაოდენობას უნდა დამატებოდა 21 ქულა, რადგან მას გააჩნდა უმაღლესი ეკონომიკური განათლება, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, პერსონალური კომპიუტერისა და უცხო ენის ცოდნა. გარდა ამისა, საატესტაციო ფურცელში მისი საქმიანობა დადებითადაა შეფასებული, შემდეგ წერია, რომ “როგორც ხელმძღვანელ მუშაკს მართებს უფრო მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლინება”. ბოლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია იმის მიუხედავად, რომ შედეგი დადებითია, იძლევა რეკომენდაციას: “არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება”.

კასატორის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნება გამოკვეთილი და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 26 სექტემბრის ბრძანება მისთვის არ გაუცვნიათ და არც გამოუქვეყნებიათ. 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, რასაც მის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 136-138).

საქართველოს კონტროლის პალატა საკასაციო საჩივრით ითხოვს ო. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლი ითვალისწინებდა საშვებულებო დახმარების გაცემას. აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონის მე-2 მუხლით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა 42-ე მუხლის მოქმედების შეჩერებას 2000 წლის 1 აგვისტოდან “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე. აღნიშნულ მუხლში 2003 წლის 29 იანვარს ისევ შევიდა ცვლილება და მისი მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. 2004 წლის 20 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეებმა შეიტანეს საკონსტიტუციო სარჩელი. ისინი ითხოვდნენ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის თანახმად ცვლილება შევიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ამ კანონის 42-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი აღნიშნული კანონის 42-ე მუხლის მოქმედების შეჩერება და ამ მუხლის აღსრულების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვრიდან. 2005 წლის 23 დეკემბერს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნა 42-ე მუხლი, რომელიც ეხებოდა საშვებულებო დახმარების გაცემას, ე.ი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი საერთოდ აღარ ითვალისწინებს საშვებულებო დახმარების გაცემას. აქედან გამომდინარე კი სასამართლოს გადაწყვეტილება ო. გ-ის საშვებულებო დახმარების გაცემის შესახებ არაკანონიერია და იგი უნდა გაუქმდეს (ს.ფ. 142-145).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატისა და ო. გ-ის საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს კონტროლის პალატისა და ო. გ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატისა და ო. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.