¹ბს-687-274(კ-05) 17 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,.... კავშირი"
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - 1. ქ. თბილისის მერია 2. ნ. ბ-ე 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური 4. ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.03.05წ. განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს .... საზოგადოებამ (უფლებამონაცვლე-რეგისტრირებული კავშირი - ,,..... კავშირი", შემდგომში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,..... კავშირი") 21.09.2000წ. სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 09.04.52წ. ¹1204 დადგენილებით საქართველოს ..... საზოგადოებას გამოეყო 4725 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. 1987წ. საზოგადოებამ მიწის ნაკვეთზე სპორტულ-კულტურული კომპლექსის მშენებლობა გადაწყვიტა. 1987-1988წწ ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის განკარგულებების საფუძველზე კავშირს ტერიტორიაზე სპორტულ-კულტურული კომპლექსისა და სასტუმროს მშენებლობის უფლება მიენიჭა. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 18.01.89წ. ¹533 ბრძანებით, მშენებლობა 1952წ. გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 26.02.98წ. ¹04.12.63წ. დადგენილებით ნ. ბ-ეს გადაეცა რეტერატის მიერ დაკავებული და, აგრეთვე, მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 300 კვ.მ. ტერიტორია. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა 24.12.98წ. ნ. ბ-ე საჯარო რეესტრში 295 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხა. მოსარჩელის განმარტებით, ნ. ბ-ის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი, 65 კვ.მ., შეჭრილია ,,..... საზოგადოების" მიწის ნაკვეთში, რაც დასტურდება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 30.06.2000წ. დასკვნით.
27.02.01წ. მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნ. ბ-ეს დაახლოებით 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გაფართოების უფლებით, ,,ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 26.02.98წ. ¹04.12.63წ. დადგენილების მე-10 პუნქტის შესაბამისად გადაეცა. აღნიშნულს თავის მხრივ საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მერიის მიწათსარგებლობისა და ქალაქმშენებლობის საქმეთა საქალაქო კომისიის 13.02.98წ. წინადადება (ოქმი ¹8). მოსარჩელის განმარტებით, ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მიერ დაშვებული შეცდომისა და მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობის გამო ნ. ბ-ის გადაცემული მიწის ნაკვეთი შეჭრილია საზოგადოების კუთვნილი ტერიტორიის ფარგლებში. 29.01.52წ. საზოგადოებისათვის გამოყოფილი, .... ქ. ¹2-ში განთავსებული, 4725 კვ.მ. მიწის ფართობი შემდეგ წლებში სხვადასხვა დოკუმენტებში მითითებულ იქნა სხვადასხვანაირად. კერძოდ, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 27.09.52წ. ¹325 ბრძანებაში და მის საფუძველზე შედგენილ გენერალურ გეგმაში ტერიტორიის საერთო ფართობად მითითებულია 4033 კვ.მ., ტოპოგრაფიულ გეგმაში - 4335 კვ.მ., ტექბიუროს მიერ 1956წ. მდგომარეობით შედგენილ პასპორტში - 4327 კვ.მ., ტექბიუროს მიერ 1999წ. მდგომარეობით შედგენილ გეგმაში - 4102 კვ.მ., ქალაქის არქიტექტორის 18.08.89წ. ¹533 ბრძანებაში - 4774 კვ.მ., მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საერთო ფართის შესახებ განსხვავებული მონაცემების არსებობა, მოსარჩელის აზრით, გამოწვეულია ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მიერ პირველადი დოკუმენტაციის შედგენის დროს სათანადო ღონისძიებების შეუსრულებლობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ ქ. თბილისში, ..... ქ. ¹2-ში მდებარე რეტერატის მიერ დაკავებული და მის მიმდებარე დაახლოებით 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ბ-ის დამაგრების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის 26.02.98წ. ¹04.12.63 დადგენილების მე-10 პუნქტის გაუქმება, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისთვის, ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპატამენტისა და ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის შესაბამისი ცვლილების შეტანის დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელემ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის წარმომადგენლის მოწვევა, შპს ,,....."-ის სადავო მიწის დამაგრების შესახებ მიწათსარგებლობის კომისიის 28.02.96წ. წინადადებისა და სადავო მიწის ნ. ბ-ის დამაგრების შესახებ ქალაქმშენებლობის საქმეთა საქალაქო კომისიის 13.02.98წ. წინადადების გამოთხოვა, ,,საქართველოს .... საზოგადოების" კუთვნილი 4725 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრების დასადგენად კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.05.01წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა საპირფარეშოს პრივატიზაციის ბათილად ცნობის შესახებ საზოგადოების სარჩელის გამო წარმოებულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.04.02წ. განჩინებით საქმისწარმოება განახლდა.
მოპასუხე ნ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ 1996წ. მის მიერ პრივატიზებული რეტერატის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის რეკონსტრუქცია-გაფართოების და მასში საზკვების ობიექტის, ოფისისა და რეტერატის მოსაწყობად. მოპასუხის განმარტებით, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის თანახმად, კანონი არ ვრცელდებოდა მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის საფუძველზე გადავიდა კერძო საკუთრებაში. აღნიშნული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება გადაეცემოდათ საქართველოს მოქალაქეებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის უფლებით ჰქონდათ გამოყოფილი.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 11.12.03წ. გადაწყვეტილებით კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.03.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დაადგინილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 09.04.52წ. ¹1204 დადგენილებით “.... საზოგადოებას” კლუბის მშენებლობისათვის გამოეყო ..... ქ. ¹2-ში მდებარე 4725 მ2 მიწის ნაკვეთი. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დიდუბის ქუჩაზე სახელმწიფოს მიერ აშენდა საზოგადოებრივი საპირფარეშო (რეტერატი). თბილისის მერიის 06.07.87წ. და 26.09.88წ. დადგენილებით .... საზოგადოებას ნება დაერთო აღნიშნულ ტერიტორიაზე აეშენებინა სპორტულ-კულტურული კომპლექსი და სასტუმრო. 13.05.95წ. ტერიტორია აღირიცხა და რეტერატზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთის ფართობად 237 კვ.მ. დაფიქსირდა. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.05.95წ. დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული მუნიციპალურ საწარმოთა 1995წ. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის იყო ..... ქ. ¹2-ში მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო. 02.05.96წ. ჩატარებულ აუქციონზე საზოგადოებრივი საპირფარეშო შეიძინა ნ. ბ-ემ. საქართველოს .... კავშირმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საპირფარეშოს პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 04.07.2000წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.01წ. განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 26.02.98წ. ¹04.12.63 დადგენილების მე-10 პუნქტის საფუძველზე ნ. ბ-ეს არსებული შენობის რეკონსტრუქცია-გაფართოების უფლებით დაუმტკიცდა რეტერატის მიერ დაკავებული და მისი მიმდებარე, დაახლოებით 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამავე პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 28.03.96წ. ¹327 დადგენილება შპს ,,....” რეტერატზე დაშენების ნებართვის შესახებ. საკადასტრო აზომვების შედეგად ნ. ბ-ის დამაგრებულმა მიწის ზუსტმა ფართობმა 295 კვ.მ. შეადგინა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული ფართობიდან 58 კვ.მ. მათ სარგებლობაში იმყოფებოდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნაკვეთს მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრებოდა მისი მიწის ნაკვეთი, დანარჩენ მხარეს სახელმწიფოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ესაზღვრება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სადავო მიწის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1952წ. მდგომარეობით “..... საზოგადოებას” 4825 კვ.მ. ოდენობით მიწის ნაკვეთი ჰქონდა გამოყოფილი, 2005წ. მდგომარეობით მასზე მხოლოდ 4102 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართი ირიცხებოდა.
ადრე მოქმედი სკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ქ. თბილისის მერიას უფლება ჰქონდა ნ. ბ-ის დაემაგრებინა მიწის ის ნაკვეთი, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა და არ იმყოფებოდა სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის სარგებლობაში. ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად კერძო საკუთრების უფლება ენიჭებად საქართველოს მოქალაქეებს და კერძო პირებს იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწის სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით გამოეყოთ. გასაჩივრებული დადგენილებით ნ. ბ-ეს დაუმაგრდა 295 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ნაკვეთის დამაგრების საფუძველი გახდა რეტერატის პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაცემა და მისი რეკონსტრუქცია. ნ. ბ-ემ გადაიხადა კანონით გათვალისწინებული ერთჯერადი გადასახადი და მესაკუთრედ რეგისტრაციაში გატარდა საჯარო რეესტრში. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოქმედებით არ შელახულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები, ვინაიდან მიწის ნაკვეთის ნ. ბ-ის დამაგრების დროს მოსარჩელე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მფლობელს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ..... კავშირის წარმომადგენელმა. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ის მიერ შესყიდული რეტერატისათვის მუნიციპალიტეტს 300 მ2-ის ნაცვლად უნდა დაემაგრებინა 237 მ2 მიწის ფართობი. კასატორის განმარტებით, ნ. ბ-ის გადაცემული მიწის ნაკვეთი არამხოლოდ ესაზღვრება კასატორის ტერიტორიას, არამედ კვეთს კიდეც მას 60-65 მ2-ის ფარგლებში. აღნიშნულს ადასტურებს ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა, რომელიც საქმეშია და მასზე ნათლად ჩანს მიწის ნაკვეთის სასაზღვრო ხაზის მდებარეობა რეტერატის შენობის მიმართ. ნ. ბ-ის სახელზე გაცემული საკადასტრო რუკის მონაცემებით, სასაზღვრო ხაზი გადაწეულია საზოგადოების მიერ დაკავებული ტერიტორიის სიღრმეში.
კასატორის აზრით, თბილისის მერია მხოლოდ მაშინ იქნებოდა უფლებამოსილი განეკარგა საზოგადოების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, თუ მას სათანადო დადგენილებით სარგებლობის უფლებას დააკარგვინებდა. მიწის ნაკვეთი გამოეყო კანონით დადგენილი წესით საქართველოს მინისტრთა საბჭოს ¹117 დადგენილების და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 09.04.52წ. ¹1204 გადაწყვეტილების საფუძველზე და სარგებლობის უფლების დაკარგვაც ნორმატიული აქტით უნდა მომხდარიყო. თბილისის მერიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი აქტი არ გამოუცია.
კასატორი თვლის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე გაიზიარა ერთი და უარყო მეორე მტკიცებულება. კერძოდ, არ შეაფასა ტექაღრიცხვის სამსახურის 17.05.2000წ. ¹12-462 წერილი, არ გააანალიზა ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ შედგენილი ტექნიკური პასპორტისა და საინვენტარიზაციო გეგმის მონაცემები და განჩინებას საფუძვლად დაუდო არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მასალები. აღნიშნული ორგანო საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს და მის დასკვნებს სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. კერძოდ, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.05.95წ. დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ საწარმოთა 1995წ. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის იყო ..... ქ. ¹2-ში მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო. 02.05.96წ. ჩატარებულ აუქციონზე საზოგადოებრივი საპირფარეშო შეიძინა ნ. ბ-ემ. რეტერატის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ .... საზოგადოების სარჩელი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. 13.05.95წ. მდგომარეობით რეტერატის კუთვნილ ფართად ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღრიცხული იყო 237 კვ.მ., ხოლო სადავო აქტით ნ. ბ-ეს დაახლოებით 300 კვ.მ. გადაეცა. ნ. ბ-ის გადაცემულმა მიწის ნაკვეთის ფართობმა ჩატარებული საკადასტრო აზომვების შედეგად შეადგინა 295 კვ. მ.
განსახილველი დავის საგანს შეადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 26.02.98წ. ¹0.04.12.63 დადგენილების მე-10 პუნქტი, რომლითაც ნ. ბ-ეს დაუმაგრდა მის მიერ შესყიდული რეტერატის მიერ დაკავებული და მიმდებარე დაახლოებით 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მოსარჩელე სადავოდ ხდის მოპასუხისათვის ტერიტორიის ნაწილის 58 კვ.მ. გადაცემას იმ მოტივით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მისი კუთვნილი ფართის შემადგენელ ნაწილს შეადგენს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ გადაცემული ფართის ნაწილი 58 კვ.მ. მოსარჩელის (კასატორის) კუთვნილ ტერიტორიაზეა შეჭრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაედგინა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, უნდა გამოეკვლია “საქართველოს .... კავშირის” კუთვნილი ტერიტორიის საზღვრები და მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო აქტით ნ. ბ-ის გადაცემული მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის მონაცემებთან შედარების საფუძველზე შეეფასებინა სააპელაციო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიწის სადავო ფართი საზოგადოების კუთვნილი ტერიტორიის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ “საქართველოს .... კავშირის” სახელზე სხვადასხვა დროს აღრიცხულია განსხვავებული ზომის ტერიტორია, აგრეთვე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს, არ წარმოადგენს საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან ძალაშია და არ გაუქმებულა მოსარჩელის სახელზე ნაკვეთის აღრიცხვის საფუძველი - ქ. თბილისის აღმასკომის 09.04.52წ. დადგენილება ..... საზოგადოებისათვის 4725 კვ.მ. ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, ხსენებული უფლებისწარმომქმნელი აქტის გაუქმების გარეშე შეუძლებელი იყო საზოგადოებისათვის გამოყოფილი ნაკვეთის სხვა პირისათვის გადაცემა. აღმასკომის 09.04.52წ. დადგენილების გაუქმებად ვერ იქნება მიჩნეული ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 22.09.94წ. ¹21.04.118 დადგენილება, ვინაიდან ადგილი არ ქონია ნაკვეთის ჩამორთმევისათვის დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს (საჯარო სანქციების გამოყენება, ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ აქტის გამოცემა).
სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. სააპელაციო პალატამ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის წერილებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ რეტერატის მიერ დაკავებული და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ნ. ბ-ეს დაუმაგრდა, არავითარ კავშირში არ არის .... საზოგადოების სარგებლობაში მყოფ ტერიტორიასთან, რომ ამ საზოგადოების შეთანხმებული პროექტის წითელი ხაზების საზღვრებში რეტერატი და მისი მიმდებარე ტერიტორია არ შედის. ამასთანავე, გასაჩივრებული განჩინებით არ არის დასაბუთებული, თუ რა მოსაზრებების გამო არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის განმხილველმა სასამართლომ ის მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებდნენ მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობას. კერძოდ, საქმეში დაცულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 30.06.2000წ. ¹03/634 წერილი, რომლის მიხედვით, ნ. ბ-ის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, 65 კვ.მ., შეჭრილია .... საზოგადოებისათვის 1952წ. გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რაც გამოწვეულია ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მიერ მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობით (არ შესრულებულა მიწის ფართობის ნატურაში გადატანა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა). წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა .... საზოგადოების ტერიტორიის საზღვრებში შეჭრილი მიწის ნაკვეთის ნაწილის ნაცვლად მოქალაქე ნ. ბ-ის გამოყოფილი 300 კვ.მ. ნაკვეთის სხვა ფართით შევსების საშუალებას იძლევა (ს.ფ. 5). საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არ არის ასევე გამოკვლეული საქმეში დაცული შპს “....” 30.05.2000წ. ¹21 დასკვნა, რომლის თანახმად, საზოგადოების სპორტულ-კულტურული კომპლექსის დაპროექტებისათვის გაცემული წითელი ხაზები ითვალისწინებს თვით მშენებლობის წარმოების ფარგლებს, რაც 1952 წ. გამოყოფილი ტერიტორიის საზღვრებშია. დასკვნის თანახმად, ნ. ბ-ის გადაცემული მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების გეგმასა და მიწის მართვის დეპარტამენტის საკადასტრო რუკის შედგენისას დაშვებულია შეცდომა (ს.ფ. 48). სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა საქმეში დაცული ტექაღრიცხვის სამსახურის 17.05.2000წ. ¹12-462 წერილი, ტექპასპორტისა და საინვენტარიზაციო გეგმის მონაცემები.
საქმის მასალებს არ ემყარება სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ 237 კვ.მ. 1995 წლიდან აღრიცხული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და შემდგომში ნ. ბ-ის მიერ შესყიდულ რეტერატზე. ტექაღრიცხვის სამსახურის 17.05.2000წ. ¹12-462 ცნობით დასტურდება, რომ 237 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ საპირფარეშოზე აღირიცხა 16.05.96წ., ნაკვეთის აღრიცხვის საფუძვლად მითითებულია 16.05.96წ. ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, თუმცა ჩატარებული აუქციონის შედეგად 16.05.96წ. დადებული ხელშეკრულება (ს.ფ. 52,53) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ითვალისწინებდა ნ. ბ-ის საკუთრებაში 46 კვ.მ. საზოგადოებრივი საპირფარეშოს და არა 237 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემას. გარკვევას საჭიროებს აგრეთვე სადავო აქტის გამოცემის საფუძველი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 26.02.98წ. ¹04.12.63 დადგენილების მე-10 პუნქტს საფუძვლად უდევს ქ. თბილისის მერიის მიწათსარგებლობისა და ქალაქმშენებლობის საქმეთა საქალაქო კომისიის 13.02.98წ. წინადადება (ს.ფ. 82). ამასთანავე, კომისიის 13.02.98წ. სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად (ს.ფ. 81) კომისიის დადგენილებით ნ. ბ-ეს დაუმაგრდა მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი. მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტის დადგენილების სადავო ნაწილით ნ. ბ-ეს დაუმაგრდა არა მხოლოდ მის მიერ პრივატიზებული რეტერატი, არამედ მიმდებარე, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონი მიღებულ იქნა სადავო აქტის გამოცემის შემდეგ, ამდენად სააპელაციო პალატის მიერ ხსენებული კანონის 3.1 მუხლზე მითითება, ისევე როგორც ნ. ბ-ის მიერ ხსენებული კანონით გათვალისწინებული ერთჯერადი საზღაურის გადახდა და სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარება, არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვოლობას, ნ. ბ-ის ნაკვეთის გამოყოფის მართლზომიმრებას, მით უფრო, რომ კანონი ნაკვეთის მართლზომიერ საკუთრებაში გადაცემის პირობად ასახელებს კანონის ამოქმედებამდე მიწის მართლზომიერ სარგებლობას, მოსარჩელე სადავოდ ხდის ნ. ბ-ის სწორედ მიწის სარგებლობაში გამოყოფის მართლზომიერებას, რაც შემდგომში ხსენებული კანონის 3.1 მუხლის საფუძველზე ნ. ბ-ის კერძო საკუთრების უფლების მინიჭების პირობად იქცა. ამასთანავე, სააპელაციო პალატას შეფასება არ მიუცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.03.05წ. ¹45/642-05 ცნობისათვის, რომლის თანახმად 2003წ. 14 აპრილამდე უძრავი ქონება ირიცხებოდა საქართველოს .... კავშირის საკუთრებად, ხოლო შემდგომ გაიმიჯნა და ირიცხება საქართველოს ..... კავშირის და კავშირი ,,საქართველოს .... ცენტრის" საერთო საკუთრებად (ს.ფ. 394). ამდენად, სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მე-3 პირად უნდა ჩაბმულიყო კავშირი ,,საქართველოს .... ცენტრი".
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად არ იქნა გამოკვლეული საქმის ყველა მტკიცებულება, შესაბამისად გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული. აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძვლიანია კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სადავო ტერიტორიის სიტუაციური და საკადასტრო გეგმები, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეში დაცული მტკიცებულებანი და დაადგინოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება: საზოგადოების კუთვნილი ტერიტორიის საზღვრები და აღნიშნული გარემოების დადგენის შედეგად შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის “საქართველოს ... კავშირის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.03.05წ. განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.