Facebook Twitter

¹ბს-689-656(კ-07) 10 იანვარი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ც. ჩ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. ჩ-ემ მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 11 აგვისტოს ¹5-4/110 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ც. ჩ-ე 2004 წლის 13 ოქტომბრამდე მუშაობდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ..... მთავარ სპეციალისტად. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების ბრძანება ც. ჩ-ემ გაასაჩივრა სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა და ახალი საშტატო განრიგის გათვალისწინებით, შეესწავლა საკითხი და გამოეცა შესაბამისი აქტი მოსარჩელის დასაქმების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა ემსჯელა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

მიუხედავად ამისა, მოპასუხეს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ შეუსწავლია სასამართლოს მიერ მითითებული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აღნიშნული საკითხების გამორკვევის გარეშე, ეკონომიკური განვითარების მინისტრს წარედგინა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მინისტრის აპარატის უფროსი აღნიშნავდა, რომ ცენტრალურ აპარატში ვაკანტური ადგილები არ არსებობდა და შესაძლებელი იყო მოსარჩელის დასაქმება ტერიტორიულ ერთეულებში, თუმცა იმავე პერიოდში ცენტრალურ აპარატში თანამდებობაზე დაინიშნა სხვა პირი. დასახელებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი თანხმობის არარსებობის მიუხედავად, მოსარჩელე აღადგინეს .... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებები. მისთვის უნდა შეეთავაზებინათ ადგილი ცენტრალურ აპარატში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14, 97-ე მუხლების, ასევე შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, ნაკლები უპირატესობის მქონე პირი გაეთავისუფლებინათ და მოსარჩელე დაენიშნათ მის ადგილზე. ამასთან, ც. ჩ-ე აღნიშნავდა, რომ მისი გათავისუფლების დროისათვის და ამჟამადაც, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანსიები არსებობდა (ს.ფ. 1-3).

მოგვიანებით ც. ჩ-ემ იმავე სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 11 აგვისტოს ¹5-4/110 ბრძანების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა ც. ჩ-ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ..... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის, საშტატო ერთეულისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ნაწილში. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ (ს.ფ. 37-40).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 11 აგვისტოს ბრძანების პირველი და მეორე პუნქტები ც. ჩ-ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ .... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის განჩინების აღსრულების მიზნით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას სამინისტროს მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს შესთავაზეს განყოფილების სპეციალისტის თანამდებობა .... ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში, რაზეც მან უარი განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული თანამდებობა ნაკლებად ანაზღაურებადია და მოითხოვა დასაქმება ცენტრალურ აპარატში, ისეთ თანამდებობაზე, სადაც ხელფასის ოდენობა არანაკლებ 500 ლარია. შესაბამისად, მოსარჩელემ გამოხატა თანხმობა მხოლოდ კონკრეტული პირობით თანამდებობაზე დაკავების თაობაზე. გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა .... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელისათვის აღნიშნული თანამდებობის შეთავაზების და მის მიერ თანხმობის განცხადების შესახებ. მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, აღნიშნული გარემოების დაუდგენლად მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან შრომის თავისუფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ყოველ მოქალაქეს აქვს სამუშაოს არჩევის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება პირი დაინიშნოს რაიმე სამუშაოზე მისი ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე ადმინისტრაციული აქტის გამოცემით მოსარჩელის მიერ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული მოქალაქის უფლება.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2004 წელს მოსარჩელე დატოვებულ იქნა თანამდებობაზე არა საშტატო განრიგის დამტკიცებამდე, არამედ შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების დაკომპლექტებამდე. სამინისტროს მოსარჩელის შემდგომი დასაქმების საკითხი უნდა მოეწესრიგებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14, 97-ე და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რაც მას არ გაუკეთებია. სამუშაოდან დათხოვნისას მოპასუხეს უნდა გაერკვია მოსარჩელის თანამდებობაზე უპირატესი დარჩენის საკითხი დანარჩენი მოხელეების მიმართ, რაც სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით შეუძლებელია სასამართლოს მიერ სამუშაოზე აღდგენის საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან სამინისტროს ახალ საშტატო ერთეულზე დასანიშნ პირთა წრე დადგენილი უნდა ყოფილიყო დაწესებულებაში დანიშნულ მოხელეთა მონაცემების შეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ბრძანების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობას თანმდევ შედეგად უნდა მოჰყვეს მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა აქტის ბათილად ცნობის თანმდევ შედეგად უპირობოდ მისი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ აქტის გამოცემის დავალდებულებაზე უსაფუძვლო იყო.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ახალი აქტის მიღებისას მოპასუხეს უნდა გამოერკვია, არსებობდა თუ არა ვაკანტური თანამდებობები ც. ჩ-ის დათხოვნის დროისათვის, რომელთა დაკავებაზეც თანხმობას განაცხადებდა მოსარჩელე და მხოლოდ მისი თანხმობის პირობებში მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოზე დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 113-117).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მითითებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 11 აგვისტოს ¹5-4/110 ბრძანება გამოიცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მისი გამოცემისას სამინისტროს კანონი არ დაურღვევია. უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება ც. ჩ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო მიიჩნევდა, რომ ც. Fჩ-ის გათავისუფლების პერიოდში შესაძლებელი იყო მისთვის იგივე ან სხვა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა და მოსარჩელე არ ექვემდებარებოდა სამუშაოდან გათავისუფლებას, მოპასუხეს უნდა გადაეწყვიტა მოსარჩელის დასაქმების საკითხი.

უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეისწავლა ც. ჩ-ის საქმე და ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების გათვალისწინებით დაადგინა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის შესაძლებელი იყო მისი დასაქმება მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში, კერძოდ, .... და ..... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოებში. აღნიშნული გარემოება აისახა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის აპარატის უფროსის მოხსენებით ბარათში, რომელიც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემას დაედო საფუძვლად.

აპელანტი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას მოპასუხის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც თითქოს იმაში გამოიხატებოდა, რომ სადავო ბრძანებით ც. ჩ-ის .... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან დაკავშირებით აპელანტმა განმარტა, რომ სამინისტრომ მოსარჩელეს გაუგზავნა შეთავაზება დასახელებულ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თუ ის გონივრულ ვადაში არ აცნობებდა სამინისტროს უარს დანიშვნაზე, სამინისტრო მიიჩნევდა, რომ ც. ჩ-ე თანახმა იყო დაეკავებინა შეთავაზებული თანამდებობა. მოსარჩელეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ამგვარი სახით აღსრულებაზე უარი არ განუცხადებია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი და უსაფუძვლოდ ცნო ბათილად 2006 წლის 11 აგვისტოს ¹5-4/110 ბრძანება, ვინაიდან დასახელებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის წესი არ დარღვეულა (ს.ფ. 121-124).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ .... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნისას არ ყოფილა ც. ჩ-ის თანხმობა. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ც. ჩ-ემ ონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზებაზე განაცხადა უარი და აღნიშნული უარის დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მისთვის არ ყოფილა შეთავაზებული გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, პირველ რიგში, ხელფასის მხრივ.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ¹01/03-01/130 ბრძანებით დამტკიცებულ სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხაზე, რომლითაც ირკვეოდა, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში იყო 11 ვაკანსია.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და არ მოახდინა რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილ თანამდებობებზე ც. ჩ-ის უპირატესი დარჩენის საკითხის შესწავლა სხვა თანამშრომლებთან მიმართებაში.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ვალდებული იყო, კანონის თანახმად შეესწავლა და გამოეკვლია საქმესთან კავშირში არსებული გარემოებები. მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, რომელიც დეტალურად განმარტავდა მოპასუხის მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელ მოქმედებებს, ამ უკანასკნელმა არ გამოიკვლია, თუ რა საფუძველზე მოხდა რეორგანიზაციის შემდეგ თანამდებობებზე მოხელეთა დანიშვნა, არ შეაფასა, დანიშნულ პირებს ჰქონდათ თუ არა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად უპირატესი დარჩენის უფლება მოსარჩელესთან მიმართებით, მოხდა თუ არა ახალი თანამშრომლების მიღება და რა საფუძვლით, მაშინ როცა გამოსაკვლევი იყო ც. ჩ-ის სამსახურში დანიშვნის საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნებისმიერ პიროვნებას უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის სამუშაო ადგილი უკავშირდება მის საცხოვრებელ ადგილს _ ქ. თბილისს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპასუხის დანიშვნა, მისი თანხმობის მიღების გარეშე, სრულიად სხვა დასახლებულ პუნქტში, გარდა იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოც გაცილებით დაბალია გათავისუფლებამდე არსებულთან შედარებით, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საქმის არსებითი შეფასების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად (ს.ფ. 141-145).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება ც. ჩ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო მიიჩნევდა, რომ ც. ჩ-ის სამუშაოდან გათავისუფლების პერიოდში არსებობდა მისთვის იგივე ან სხვა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა და მოსარჩელე არ ექვემდებარებოდა სამუშაოდან გათავისუფლებას, უნდა გადაეწყვიტა მოსარჩელის დასაქმების საკითხი.

უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეისწავლა ც. ჩ-ის საქმე და ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების გათვალისწინებით დაადგინა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის შესაძლებელი იყო მისი დასაქმება მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში, კერძოდ, ..... და ..... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოებში. აღნიშნული გარემოება აისახა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის აპარატის უფროსის მოხსენებით ბარათში, რომელიც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემას დაედო საფუძვლად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოპასუხემ გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული მსჯელობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ¹01/03-01/130 ბრძანებით დამტკიცებულ სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხაზე, სადაც დასახელებულია ვაკანსიები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მითითებული საშტატო ნუსხა ასახავდა 2006 წლის 31 მარტის მდგომარეობას, ხოლო ც. ჩ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2004 წელს.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ, როდესაც შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას დგება სხვა თანამდებობის შეთავაზების საკითხი, შეთავაზებული შეიძლება იყოს სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული აქტის საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მას შესთავაზეს არატოლფასი თანამდებობა. აღსანიშნავია, რომ “ტოლფასი” თანამდებობის ცნებას მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად და იგი აღასრულა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (ს.ფ. 149-151).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ც. ჩ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 აგვისტოს ¹5-4/110 ბრძანებას მისი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ... სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ნაწილში.

ზემოაღნიშნული ბრძანება გამოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 13 ოქტომბრის ¹01/03-01/492 ბრძანება ც. ჩ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, ფაქტობრივად, დავის საგანია, ჩაითვლება თუ არა ეკონომიკური განვითარების მინისტრის სადავო ბრძანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულად.

მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სადავო ბრძანება კანონშეუსაბამოდ მიიჩნია იმ ძირითადი მოტივით, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქმის გარემოებები სათანადოდ არ გამოუკვლევია. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 13 ოქტომბრის ბრძანების ც. ჩ-ის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი გახდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სამუშაოდან უპირობო გათავისუფლება და ამით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის იმჟამად მოქმედი რედაქციისა და იმ დროისათვის მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების დარღვევა, რომლის შესაბამისად, არ დაიშვებოდა მოხელის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლება, თუკი არ გამოირიცხებოდა მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა, საქმის მასალებით კი მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხრიდან აღნიშნული არ დასტურდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 97-ე მუხლის საფუძველზე მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება დაუშვებელია, თუკი დაწესებულებას აქვს ვაკანტურ თანამდებობაზე აღნიშნული მოხელის დანიშვნის შესაძლებლობა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, შემცირებულ საშტატო ერთეულებზე დასატოვებელ მოხელეთა წრე უნდა განისაზღვროს დაწესებულების ფარგლებში, რომ მოსარჩელის სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევა დანარჩენ მოხელეებთან მიმართებაში სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებით ადმინისტრაციის მიერ მოხელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება არ გულისხმობს აღნიშნული ვალდებულების არსებობას მხოლოდ დაწესებულების იმავე სტრუქტურული ერთეულის საშტატო ერთეულების ფარგლებში. შეთავაზების ვალდებულება მოიცავს სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობას როგორც დაწესებულების იმავე, ისე სხვა სტრუქტურულ ერთეულში დაწესებულების სისტემის ფარგლებში. რაც შეეხება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევას, აღნიშნული საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როდესაც შტატების შემცირების შედეგად ვაკანტური საშტატო ერთეულები არ რჩება, მოცემულ შემთხვევაში კი, ვაკანტური საშტატო ერთეულის არსებობა დადგენილია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა განსაკუთრებული ვითარება, როდესაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გაერთიანდა რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება, მათ შორის, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, ხოლო მოსარჩელის მანამდელი თანამდებობა გაუქმდა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გაერთიანებული დაწესებულებების ცენტრალური აპარატების თანამშრომლები ერთი სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გაერთიანდნენ, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება და სპეციფიკური ვითარება სამინისტროს ახალი შტატების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა არა კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ამა თუ იმ კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენის ან პირიქით, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, არამედ მოპასუხეს თვითონ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ რა სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოეცა. ამავე გადაწყვეტილებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების პერიოდში ახალი საშტატო განრიგის დამტკიცების მდგომარეობით სამინისტროს ახალ საშტატო ერთეულებზე მოსარჩელის უპირატესი დარჩენის საკითხის გამოსარკვევად შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების გზით, ასევე იმის გათვალისწინებით, ჰქონდა თუ არა სამინისტროს იმ დროს მოსარჩელისათვის იგივე ან სხვა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა, რაც არ გამორიცხავდა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არა მარტო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, არამედ სამინისტროს მთელი სისტემის, მათ შორის, ტერიტორიული ორგანოების ფარგლებში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სამუშაოზე აღდგენა დაკავშირებული იყო შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობასთან, რომლის შეთავაზებაც სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით მოსარჩელისათვის შესაძლებელი იყო, ხოლო ასეთი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში _ მოსარჩელის უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევასთან.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოსარჩელის მიმართ ზემოაღნიშნული შეთავაზება განხორციელებულია სადავო აქტის გამოცემით, კერძოდ, გამორკვეულია, რომ მოსარჩელის მიმართ შეიძლებოდა შეთავაზების განხორციელება ვაკანტურ საშტატო ერთეულზე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში. აღნიშნულის შედეგად შეთავაზებულია სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობა. საკითხი კი, თუ რატომ მიიღო სამინისტრომ სწორედ ამ ვაკანტური თანამდებობის და არა სხვა თანამდებობის შეთავაზების გადაწყვეტილება, როგორც უკვე აღინიშნა, არის ამ უკანასკნელის დისკრეციული უფლებამოსილების სფერო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრის სადავო 2006 წლის 11 აგვისტოს ბრძანება შეიძლება მიჩნეულ იქნეს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულად. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ც. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.