Facebook Twitter

ბს-691-663(კ-08) 18 სექტემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ... ასოციაცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს ... ასოციაციამ 2007 წლის იანვარში სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹332 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2006 წლის 12 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიას და საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის ¹747 განკარგულების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეუფერხებელი საქმიანობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 11 800 000 ლარით, კონკრეტულად, რა ღონისძიებების დაფინანსება იქნა გათვალისწინებული; ასევე მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარდგენილი სხვა დოკუმენტაციის ასლი, რომელიც საფუძვლად დაედო მთავრობის 2006 წლის ¹474 განკარგულების გამოცემას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2006 წლის 18 ოქტომბრის ¹25/278 წერილით ეცნობა, რომ მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენილი განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიამ 2006 წლის 7 ნოემბრის ¹25/278 წერილით წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების მიერ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შემოტანილი შესაბამისი მასალები. წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების გადანაწილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლების მიხედვით. აღნიშნულით, მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მხოლოდ პირველ პუნქტს გაეცა პასუხი, რაც შეეხება, საქართველოს ... ასოციაციის ზემოაღნიშნული განცხადების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი განაცხადისა და სხვა დოკუმენტაციის თაობაზე, უპასუხოდ დარჩა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ნაწილის მიწოდებაზე უარი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2006 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის დაევალებინა იმ ინფორმაციის გაცემა, რომელიც მთავრობის კანცელარიის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენა გაიმართა 2006 წლის 22 დეკემბერს, რის შემდეგაც, 2006 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელეს მიეწოდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 22 დეკემბრის წერილი საქართველოს ... ასოციაციის 2006 წლის 13 ოქტომბრის ¹გ-04/365-06 განცხადების, გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹332 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის ¹332 ბრძანება არის უკანონო და იგი უნდა გაუქმდეს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ, ფაქტობრივად, დაკმაყოფილებულ იქნა მისი ადმინისტრაციული საჩივარი 22 დეკემბრის ზეპირი განხილვის შემდეგ და მათ მიერ 22 დეკემბრით დათარიღებული პასუხი, არის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ 2006 წლის 22 დეკემბრის საპასუხო წერილით დაკმაყოფილებულ იქნა საქართველოს ... ასოციაციის ადმინისტრაციული საჩივარი და მიწოდებულ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რომ სარჩელში ადგილი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამ კოდექსის მე-60 მუხლით დადგენილი წესების დარღვევას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹332 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ... ასოციაციის 2006 წლის 7 დეკემბრის საჩივართან დაკავშირებით, 2006 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა ზეპირი მოსმენა. საქმეში წარმოდგენილ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ საქართველოს ... ასოციაციის წარმომადგენლებს ხელზე გადაეცათ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹332 ბრძანებით კი უარი ეთქვათ 2006 წლის 7 დეკემბრის ¹გ-05/36-06 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი _ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹332 ბრძანება გამოცემულია წერილობითი დასაბუთების გარეშე და ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო გამოსცა აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ე.ი. გამოსცა განხორციელებული ქმედების შეუსაბამო გადაწყვეტილება.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ხოლო რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილი ინფორმაცია ზეპირი მოსმენის გამართვამდე გაეგზავნა მოსარჩელეს, ვერ იქნა წარდგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, სადაც მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტის გამოცემისას. სადავო ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, დაკმაყოფილდა საჩივრის მოთხოვნა _ მოსარჩელეს გადაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ... ასოციაციის 2006 წლის 7 დეკემბრის ¹გ-05/36-06 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ... ასოციაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ... ასოციაციის ადმინისტრაციული საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით 2006 წლის 22 დეკემბერს. მითითებული სხდომის ოქმის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹57 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 64.3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის _ დ. კ.-ის თავმჯდომარეობით, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის _ დ. ჩ.-ის მდივნობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს ... ასოციაციის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 7 ნოემბრის წერილით მიეწოდა ინფორმაცია, მხოლოდ დაფინანსებული ღონისძიების შესახებ, ხოლო მეორე მოთხოვნაზე პასუხი არ გაეცა, რაც მისი მხრიდან გაგებულ იქნა, როგორც უკანონოდ უარის თქმა, რის გამოც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი. საქმისწარმოების დეპარტამენტის ოფიციალური კორესპონდენციებისა და საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების უფროსის განმარტებით, საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით საქართველოს ... ასოციაციას დამატებით გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თხოვნით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებითი ბარათი საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე. საქართველოს ... ასოციაციის წარმომადგენლებს ხელზე გადაეცათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე და დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ განკარგულების გამოცემას.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹332 ბრძანება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო ინსტანციაში სასამართლოს დავალებით წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2008 წლის 17 თებერვლის ¹19/24 წერილით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 3 ოქტომბრის ¹1/10-4576 წერილი თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუციის შესასრულებლად გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, როგორც, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 15.1 მუხლის შესაბამისად, მთავრობის სხდომაზე განსახილველად საკითხების წარდგენისათვის უფლებამოსილ მთავრობის წევრს. ამდენად, თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული განაცხადი იმ დროისათვის დაცული არ იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის მონაცემთა ბაზაში და შესაბამისად, არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადის განხილვისა და თანხის განსაზღვრის შემდეგ მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის ადმინისტრაციული წარმოების მასალები, როგორც საჯარო ინფორმაცია დაცულია მთავრობის კანცელარიის მონაცემთა ბაზაში.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს (საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები) უფლებამოსილებას, ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 და მე-80 მუხლების შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოსათვის (საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები) საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე განცხადების გადაგზავნა არ ჩაითვლება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უარად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამის შესახებ განმცხადებელს წერილობით ეცნობა 2006 წლის 7 ნოემბერს, მასვე 2006 წლის 10 ნოემბერსა და 22 დეკემბერს დამატებით გადაეგზავნა მთავრობის კანცელარიაში არსებული დოკუმენტები. ამასთანავე, განმცხადებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით 2006 წლის 22 დეკემბერს ჩატარებულ სხდომაზე განემარტათ და ვინაიდან განმცხადებელს არ ჰქონდა მიღებული დამატებით გაგზავნილი, მთავრობის კანცელარიაში არსებული დოკუმენტები, მის წარმომადგენლებს პირადად გადაეცათ დოკუმენტები, მაგრამ არა, როგორც მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹332 ბრძანება, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მომენტისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარია არ წარმოადგენდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ პირს და ამდენად, მოკლებული იყო უფლებამოსილებას, დაეკმაყოფილებინა ადმინისტრაციული საჩივარი, ანუ განმცხადებლის მიერ საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილი ინფორმაცია გადაეცა განმცხადებლისთვის, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის რეესტრში სავალდებულო წესით, შეტანილი ინფორმაცია.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.7 ”ბ” მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპიროები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ... ასოციაციამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ... ასოციაციის განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაცია მათ მიერ გაგზავნილ იქნა 2006 წლის 10 ნოემბერს (ანუ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენამდე), თუმცა მხარეს არ წარმოუდგენია ინფორმაციის შესაბამის რიცხვში გადაგზავნის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას ან საჯარო მოსამსახურეს. ასეთი მტკიცებულება მხარემ ვერც საქმის ზეპირი განხილვისას წარმოადგინა, ანუ ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ საჯარო დაწესებულებას არ შეუსრულებია კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და სწორედ ამიტომ ზეპირი განხილვისას მოახდინა ინფორმაციის გაცემა.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაცულობის თაობაზე.

კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული მთავრობის რეგლამენტის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ზოგადად ადგენს მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების უშუალოდ წარმდგენ სუბიექტებს, მათ შორის, ეს უფლება გააჩნიათ მთავრობის წევრებს. მოყვანილ დებულებაში არსად არ არის ხაზგასმით მითითებული ფინანსთა მინისტრის განსაკუთრებული უფლებამოსილება. კონკრეტულ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი დისკრეციის ფარგლებში გადაწყვიტა მასთან შესული განცხადების წინასწარი განხილვა და მთავრობის სხდომისათვის მომზადება დაავალა საქართველოს ფინანსთა მინისტრს. ამდენად, მოყვანილი არგუმენტები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული საკითხი უშუალოდ საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შედის და სწორედ იგი იყო უფლებამოსილი, გაეცა საჯარო ინფორმაცია.

კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “მ” პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი, ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების მიერ ან საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, ან გაგზავნილი ინფორმაცია. აღნიშნული ნორმის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია. ტერმინები მიღებული და გაგზავნილი გულისხმობს როგორც უშუალოდ საჯარო დაწესებულების მიერ შექმნილ, მიღებულ დოკუმენტს, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებიდან მიღებულსაც, რომელიც უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას, ასევე, მის მიერ სხვა საჯარო დაწესებულებაში გადაგზავნილ დოკუმენტს. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 ოქტომბრის წერილი იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის გაგზავნილი და მთავრობის კანცელარიის მიერ მიღებული (და შემდგომში უკვე ფინანსთა მინისტრისთვის გადაგზავნილი) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან სწორედ საქართველოს მთავრობას უნდა ემსჯელა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოთხოვნილი თანხის გამოყოფის მიზნობრიობასა და კანონიერებაზე. კასატორს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე აღიარებს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია სწორედ პრემიერ-მინისტრის რეზოლუციით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ანუ მან გაიარა მთავრობის კანცელარიაში მთელი რიგი საფეხურები; ხოლო, სააპელაციო სასამართლოს ერთადერთ არგუმენტად საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის კანონიერებასთან დაკავშირებით მითითებული აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს საჯარო დაწესებულებას შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. კასატორი თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაუშვებელია ამ ნორმის ამგვარი განმარტება, რადგან საჯარო დაწესებულების მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობამ (ინფორმაციის საჯარო რეესტრში გაუტარებლობამ), არ შეიძლება ზიანი მიაყენოს მოქალაქეთა კანონით დაცულ უფლებას. ანუ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადასტურდებდა გამოთხოვილი ინფორმაციის მიღებას და გაგზავნას, როგორც უფლებამოსილი სუბიექტი და მხოლოდ იმიტომ, რომ სათანადო წესით ინფორმაცია არ იყო გატარებული საჯარო ინფორმაციის რეესტრში, ინფორმაციის გაცემაზე უარი სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კანონიერად. კასატორი აღნიშნავს, რომ კანონის ამგვარი განმარტება, პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის საქართველოს მოქალაქეების მიერ საჯარო ინფორმაციის უფლების რეალიზებას, რადგან სასამართლო დაამკვიდრებს პრაქტიკას, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი კანონიერად იქნება მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ... ასოციაციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად დაარღვია მოსარჩელის უფლება და განაპირობა მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.P

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ... ასოციაციის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან საქართველოს ... ასოციაციას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ... ასოციაციის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე;

2. საქართველოს ... ასოციაციას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.