Facebook Twitter

ბს-693-665(კ-08) 18 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 9 თებერვალს მ. ა.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ფილიალის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის ნოემბრიდან 2006 წლის ივნისამდე, შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო, დროებით იმყოფებოდა რუსეთში შვილის საცხოვრებელ ადგილზე, რომელსაც სხვა მომვლელი არ ჰყავდა. მოსარჩელის შვილი, როგორც ტუბერკულოზის მწვავე ფორმით დაავადებული, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა დისპანსერულ მეთვალყურეობაზე. 2006 წლის ივნისში მოსარჩელე სესხით აღებული თანხით დაბრუნდა ქ. თბილისში, რის შემდეგაც მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ფილიალს, რათა მიეღო კუთვნილი საპენსიო თანხა, რაც სულ 923 ლარს შეადგენდა. ხსენებული თანხის მიღებაზე მოსარჩელეს უარი განუცხადეს, ვინაიდან ახალი კანონის მიხედვით, მას პენსიის მიღება შეუწყდა. ინფორმაციას იგი არ ფლობდა და არც გაფრთხილება არ მიუღია. მოსარჩელე აღნიშნულს არ დაეთანხმა, რადგან “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის ძირითადი პრინციპები იყო ადამიანის უფლებების დაცვა, პენსიის მუდმივობა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლებოდა კანონს მისცემოდა უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანი იყო პირისათვის ან აუარესებდა პირის მდგომარეობას.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზიანი, რომელიც მას მიუღებელი პენსიის გამო მიადგა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, უნდა ანაზღაურებულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით დადგენილი წესები. მოსარჩელე, დაბადებული 1927 წელს, იყო ღრმად მოხუცებული, მარტოხელა და ცხოვრობდა უკიდურესად შეჭირვებულ პირობებში, ასევე ჰქონდა 50 წლის შრომის სტაჟი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საპენსიო თანხის _ 923 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ფილიალმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი მ. ა.-ის სარჩელზე და აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/6 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერებული პენსიის შეწყვეტა ხდებოდა შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეწყვეტილი პენსიის განახლება ხდებოდა წერილობითი განცხადებისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეს პენსიის გაცემა შეუწყდა 2002 წელს და იმავე ფილიალს განცხადებითა და სათანადო დოკუმენტაციით, პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართა პენსიის გაცემის შეწყვეტიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ, მას ასაკის გამო პენსია დაენიშნა განცხადებით მიმართვის დღიდან _ 2006 წლის 11 ივლისიდან, ანუ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” ამოქმედების შემდეგ. ამრიგად, არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მ. ა.-ის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ბოლო სამი წლის _ 2004 წლიდან 2006 წლის 11 ივლისამდე საპენსიო თანხის _ 692 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, 22-ე და 24-ე მუხლების პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. ა.-მა მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს 2002 წლიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც 2006 წლის 14 დეკემბერს მიიღო უარი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული უარი იყო კანონიერი, ვინაიდან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/6 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერებული პენსიის შეწყვეტა ხდებოდა შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეწყვეტილი პენსიის განახლება ხდებოდა წერილობითი განცხადებისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის დღიდან. ვინაიდან მოსარჩელეს პენსიის გაცემა შეუწყდა 2002 წელს და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ფილიალს განცხადებითა და სათანადო დოკუმენტაციით, პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართა პენსიის შეწყვეტიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ, მას ასაკის გამო პენსია დაენიშნა განცხადებით მიმართვის დღიდან _ 2006 წლის 11 ივლისიდან, ანუ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” ამოქმედების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სამი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე, იყო უსაფუძვლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ფილიალის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით მ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ და სააპელაციო საჩივრის ირგვლივ დამატებით განმარტა, რომ აპელანტმა – მ. ა.-მა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ დაასაბუთა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა და ვერ მოიყვანა იმის დამამტკიცებელი არგუმენტები, რომ მისი სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა მ. ა.-ის საპენსიო საქმე, რომლის მიხედვით, დგინდებოდა, რომ მას პენსია დაენიშნა 1982 წელს. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილი იყო, რომ მას პენსიის მიღება შეუჩერდა მუშაობის დაწყების გამო, ასევე უდავოდ დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე 2002 წლის ნოემბრიდან 2006 წლის ივნისამდე იმყოფებოდა რუსეთში, ხოლო პენსიის აღდგენის მოთხოვნით საპენსიო ორგანოს მიმართა 2006 წელს, რა დროიდანაც დაენიშნა პენსია ასაკის გამო. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას 2001 წელს, საპენსიო ორგანოსადმი მიმართვის საფუძველზე, აღუდგა პენსიის გაცემა. ამ საქმეში არ იყო წარმოდგენილი 2001 წლიდან, მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ, მისი მხრიდან საპენსიო ორგანოსადმი მიმართვისა და მისთვის პენსიის გაცემის აღდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, არ არსებობდა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სახეზეა მოპასუხის მიერ კანონის უხეში დარღვევა, რის გამოც კასატორს მიადგა მატერიალური ზიანი და ხელყოფილ იქნა მისი უფლებები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 18 სექტემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.