Facebook Twitter

ბს-696-662(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 16 მარტს თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

2005 წლის 28 მარტს თ. გ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების - 919 ლარისა და 10 თეთრის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლზე. მოსარჩელის აზრით, მოხელის გათავისუფლებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა. გათავისუფლებამდე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებული იყო შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა, რასაც ადგილი არ ჰქონია. მას სადავო ბრძანება გადაეცა დაგვიანებით, 2005 წლის 22 თებერვალს, მხოლოდ მისი ოფიციალური მიმართვის შემდეგ.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანების მიღებისას ასევე დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, ვინაიდან იგი საბაჟო სისტემაში 1995 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მიღებული აქვს არაერთი სიგელი და მადლობა, ჰყავს 5-სულიანი ოჯახი, რომელიც იმყოფება მის კმაყოფაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანება; თ. გ-ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე; საბაჟო დეპარტამენტს თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 919,10 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანება და თ. გ-ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; თ. გ-ის სარჩელი საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების 4.4. «ვ" მუხლის, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებისა და «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომელი თ. გ-ი.

თ. გ-მა სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2005 წლის 16 მარტს.

სააპელაციო პალატის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.1 მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. გ-ისათვის 2004 წლის აგვისტოში ცნობილი იყო დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე თ. გ-ის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.1 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გაშვებულია სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მუშაკის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ორგანოს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში და რომელსაც გააჩნია მუშაკის სახელფასო დავალიანება. ამრიგად, სახელფასო დავალიანების მოსარჩელისათვის ანაზღაურება, სააპელაციო პალატის აზრით, უნდა დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამასთანავე, შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა არ წარმოადგენს მოხელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. გ-ის წარმომადგენელმა გ. მ-ემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.

კასატორ თ. გ-ის წარმომადგენელი გ. მ-ე აღნიშნავდა, რომ მისი მარწმუნებელი 2004 წლის აგისტოს ბოლომდე მუშაობდა დაკავებულ თანანმდებობაზე, ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და აგვისტოს თვის შემდეგაც აგრძელებდა საქმიანობას ისე, რომ მისთვის არავის უთქვამს გათავისუფლების თაობაზე და არც გათავისუფლების ბრძანება არ ჩაბარებია. მოსარჩელემ ოფიციალური მოთხოვნის შემდგომ, 2005 წლის 25 თებერვალს სახლში მიიღო სადავო ¹460-კს ბრძანება გათავისუფლების თაობაზე, რომელიც დათარიღებული იყო 2004 წლის 2 აგვისტოთი.

შესაბამისად, თ. გ-ის წარმომადგენლის, გ. მ-ის განმარტებით, თ. გ-მა სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2005 წლის 16 მარტს ხანდაზმულობის წესების დაცვით.

კასატორი აღნიშნავდა, რომ, მართალია, «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებისას ადგენს ერთთვიან ვადას, მაგრამ ვერც ეს ნორმა და ვერც მთლიანად «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, კასატორის აზრით, ვერ განსაზღვრავს ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს ისე, როგორც ეს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლშია მოცემული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. გ-ის წარმომადგენელი გ. მ-ე ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა სახელფასო დავალიანებები ვერ აანაზღაურა იმის გამო, რომ ბიუჯეტში თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. ასევე, 2005 წლის «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად გამოყოფილი აქვს 140,5 მლნ ლარი, აქედან 3,0 მლნ ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის. კასატორის მოსაზრებით, დავალიანებები უნდა გაცემულიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სახელფასო დავალიანების დაკისრების ნაწილში გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტლება; უცვლელად დარჩა გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების უკანონოდ ცნობის ნაწილში; გაუქმდა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით: თ. გ-ის სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოეცა ახალი აქტი; თ. გ-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ადმინისტრაციული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება ჩაჰბარდა მხოლოდ 2005 წლის 26 თებერვალს, სარჩელი სასამართლოში კი შეტანილ იქნა 16 მარტს, შესაბამისად მოსარჩელის მიერ დაცულია ამ სახის აქტებისათვის საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

სადავო ბრძანებაში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე მუხლი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დანიშნოს სხვა Yთანამდებობაზე. შესაბამისად, რეორგანიზაციის დროს, რასაც საბაჟო ორგანოების სისტემაში მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, მოხელის გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ დაწესებულებაში შემცირდა შტატები, ამასთან, იმ პირობით, თუ მოხელეს შესთავაზებენ სხვა თანამდებობას, რომლის შესაძლებლობაც აქვს დაწესებულების ადმინისტრაციას და მოხელეს არ სურს დაიკავოს შეთავაზებული თანამდებობა. ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს ამკრძალავ ნორმას და დაწესებულების რეორგანიზაციის დროს კრძალავს მოხელის უპირობოდ გათავისუფლებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტს თ. გ-სათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია და ცხადია, არც გაურკვევია, თანახმა იყო თუ არა იგი მის დაკავებზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ არქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების კანონით დადგენილი წესით გამოკვლევა-შეფასების გარეშე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან აღნიშნულ საკითზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის – მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹460-კს ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ მოსარჩელესთან მიმართებაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრციული-სამართლებრივი აქტი. ამასთან, უნდა გაირკვეს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგით და ახალი განრიგით ხომ არა არსებობს თ. გ-ის მიერ გათავსიუიფლებამდე დაკავებული თანამდებობის იდენტური თანამდებობა, ან ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რომელში დასაქმებაზეც თანხმობას განაცხადება მოსარჩელე.

ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, თ. გ-ს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან შესაბამისი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემადე პერიოდის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრვი აქტი გამოიცა მოქმედი ადმინისტრციულ-მატერიალური კანონმდებლობის დარღვევით და შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ხელფაისის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს.

მითითებული გაადწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქცია ზღუდავა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას იმ საფუძვლით, რომ თუ მოხელე თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, იგი არ შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან.

კანონის ეს მოთხოვნა აწესებს გამონაკლისს იმ შემთხევისათვის, როდესაც დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, მოხელეს შესათავაზოს სხვა თანამდებობა და ეს უკანასკნელი შემოთავაზებაზე თანხმობას განაცხადებას. ასეთ შემთხვევაში მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან. ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში კანონი არ ავალდებულებს და ვერც დაავალდებულებს დაწესებულების ადმინისტრაციას მოხელეს შესთავაზოს სხვა თანამდებობა ამავე დაწესებულებაში.

კასატორის განმარტებით, ტერმინის - ,,თანამდებობაზე დანიშვნა» განმარტებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანოის 21-ე და 23 მუხლები. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით», ხოლო 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე სამსახურში მიიღება ვაკანტურ თანამდებობაზე, გარდა ამისა, პირის თანამდებობაზე დანიშვნა გულსხმობს არა მარტო ვაკანტური თანმადებობის არსებობის აუცილებლობას, არამედ დასანიშ პირს უნდა გააჩნდეს სათანადი კვალიფიკაცია. სამსახურში მიღების პირეობებს ადგენს ,,საჯარო სამასახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლი, რომელის შესაბამისად, სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინათ ნებისმიერი ვაკანტური თანამდებობა სამართლებრვ საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან დასანიშნი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანტური თანამდებობის დაკავებისათვის განსაზღვრულ ცოდნის დონესა და სათანადო გამოცდილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.